თბილისი, 8 სექტემბერი, საქინფორმი. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, „საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენელ ირინა ფუტკარაძის განმარტებით, ქართული უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, რომლის მიმართაც ხელისუფლების მხრიდან შეტევა განხორციელდა და დღეს, 13:00 საათზე, საიას ოფისთან ორგანიზაციის მხარდამჭერ აქციას გამართავენ.
შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ორგანიზაციის თავმჯდომარემ ორიოდ დღის წინათ პრესკონფერენცია გამართა, რომელიც ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით საიას მიერ მოპოვებულ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს შეეხებოდა.საია ამ საკითხებზე მომზადებულ სრულყოფილ ანგარიშსაც გამოაქვეყნებს. სხვა საკითხებთან ერთად ანგარიშის საგანი 26 მაისს აქციის დაშლის დროს სიცოცხლის ხელყოფის საქმეების ანალიზია.
ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მუშაობის პროცესში საიამ მოიპოვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებმაც დასაბუთებული ეჭვები გააჩინა მოცემულ საქმეზე შსს-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით.
ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საიამ სასამართლო ექსპერტიზის ბიურო „DABS Fingerprints/Forensics Ltd“-ს, სავარაუდოდ, ნიკა კვინტრაძის დაკავების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის ექსპერტიზა შეუკვეთა. ფოტო და ვიდეომასალაზე გამოსახული პირის შედარებისა და მისი იდენტიფიკაციის მიზნით საიამ ექსპერტ კენეტ ლინჯს გაუგზავნა „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული ვიდეომასალა; ის ფოტო, რომელზეც ერთ-ერთმა მოწმემ, სავარაუდოდ, ნიკა კვინტრაძე ამოიცნო და ნიკა კვინტრაძის პასპორტისა და გარდაცვალების შემდეგ პროზექტურაში გადაღებული ფოტოები.
მიმდინარე წლის 26 აგვისტოს „DABS Fingerprints/Forensics Ltd“-მ საიას ექსპერტიზის დასკვნა გაუგზავნა. ექსპერტიზამ მორფოლოგიური შედარების გზით დაადგინა, რომ პასპორტის, გარდაცვალების შემდგომ გადაღებულ სურათებსა და „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული ვიდეოს ფოტომასალაზე გამოსახული იყო ერთი და იგივე პიროვნება. გამოსახულებებს შორის ექსპერტიზამ მსგავსების 7 ნიშანი აღმოაჩინა. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, სავარაუდოდ, დარტყმისგან მიყენებული ამონაზნექი მარცხენა საფეთქელზე. ვიდეოჩანაწერის შემოწმების შედეგად ექსპერტიზამ გამორიცხა ვიდეომასალაში მონტაჟის ნიშნები. ამასთან, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვიდეომასალაში და იმ ფოტოზე, რომელზეც მოწმემ, სავარაუდოდ, ნიკა კვინტრაძე ამოიცნო, ასახულია ერთი და იგივე სცენა და ის სხვადასხვა თვალთახედვის არედან არის გადაღებული.
ამ მასალების გამოქვეყნების შემდეგ საიას დაუპირისპირდა შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი და გოკა გაბაშვილი, თითქოს საია დეზინფორმაციას ავრცელებდა. საიამ საპასუხო არგუმენტირებული მასალაც გამოაქვეყნა.
დღევანდელ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „21-ე საუკუნე“, „მრავალეროვანი საქართველო“, „ჯანმრთელი სამყარო“, „კოალიცია სამოქალაქო საზოგადოებისათვის“, „სამართლიანი არჩევნები“, „სამართალი და თავისუფლება“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.