თბილისი, 8 სექტემბერი, საქინფორმი. „HSBC Bank Georgia“-ს განცხადებით, ბრიტანული ბანკი „HSBC“ საქართველოს 2012 წლის დასაწყისში დატოვებს, რაც ბანკის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც იგი იმ ბაზრებიდან გასვლას გეგმავს, სადაც საბანკო საქმიანობას მცირე მასშტაბით ეწევა.
ბანკმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება არის პოლონეთისა და რუსეთის საცალო ბიზნესის დახურვის ლოგიკური გაგრძელება.
შეგახსენებთ, „HSBC“-მ საქართველოში საბანკო საქმიანობა 2008 წლის ივნისიდან დაიწყო. რუსთაველის გამზირზე განთავსებული ბანკის ცენტრალური ოფისი, ძირითადად, კორპორატიულ საბანკო მომსახურებაზე იყო ფოკუსირებული.
ბანკმა დახურვის პროცესი უკვე დაიწყო, შეაჩერა რა ახალი კლიენტების მიღება. თუმცა არსებულ მომხმარებლებს ბანკი გაუწევს სრულ საბანკო მომსახურებას საკონტრაქტო ვალდებულებების შესაბამისად. ბანკის საბოლოოდ დახურვა დაგეგმილია 2012 წლის დასაწყისისთვის.
„აღნიშნულ დრომდე HSBC უზრუნველყოფს არსებული მომხმარებლების შეუფერხებელ გადასვლას სხვა საბანკო ინსტიტუტებში“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.