პოლიტიკა
თბილისი, 8 სექტემბერი, საქინფორმი. „მოტომსროლელი ბატალიონის 300 რუსი სამხედრო და 70 ერთეული საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობს ტაქტიკურ წვრთნებში, რომელიც სამხრეთ ოსეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე დაიწყო“, – იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
„ძარცემის“ პოლიგონზე მიმდინარე წვრთნებს რუსული სამხედრო ბაზის მეთაური, გვარდიის პოლკოვნიკი ალექსანდრე შუშუკინი ხელმძღვანელობს.„სასწავლო კომპლექსში საბრძოლოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში მოტომსროლელ სამხედროებს მოუწევთ მომგებიანი საცეცხლე პოზიციის არჩევის, მათი საინჟინრო აღჭურვის საკითხების დამუშავება, ასევე, საჰაერო თავდაცვის ძალებსა და არტილერიასთან ბრძოლის ველზე ურთიერთქმედებების გამომუშავება სხვადასხვა ტაქტიკური საკითხების გადაწყვეტისას“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების პრესრელიზში.
ამავე ინფორმაციით, სწავლების საბოლოო ეტაპზე საბრძოლო მოქმედებების გათამაშებისას სამხედროებმა უნდა მოახდინონ ცეცხლსასროლი იარაღიდან, ყუმბართმტყორცნებიდან და საბრძოლო მანქანებიდან პირობითი მოწინააღმდეგის მიმართულებით ცეცხლის წარმოების უნარების დემონსტრირება.