საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. ნატოს მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით ნათელია და სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება რუსეთი სამხრეთ კავკასიის ევროატლანტიკურ სამფლობელოდ გადაქცევას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, Sputnik Georgia-ს მიერ საქართველოს შესაძლო ნეიტრალური სტატუსის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას.
„ნატოს მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით აშკარაა: ჩაითრიოს მის სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშებში და წააქეზოს ახალი ავანტიურებისკენ. სწორედ ამიტომ ვეწინააღმდეგებით სამხრეთ კავკასიის ევროატლანტიკურ სამფლობელოდ გადაქცევას და იქ ნატოს ძალებისა და აქტივების განლაგებას. სხვათა შორის, ჩვენი პოზიცია მხარდაჭერას პოულობს რეგიონის ქვეყნების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში, რომლებიც თავიანთი ქვეყნების ნამდვილი პატრიოტები არიან“, - თქვა ზახაროვამ.
მისი თქმით, ნამდვილი პატრიოტები არ არიან დაკავებული პროვოკაციული, დემაგოგიური პატრიოტიზმით, არამედ მოქმედებენ თავიანთი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება ნატოს მტრულ დამოკიდებულებასა და ახალ რეგიონებში გამაგრების მცდელობებზე.
„რაც შეეხება ნატო-ს, ჩვენ არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება ამ ბლოკის მტრულ კურსზე რუსეთის მიმართ და მის მცდელობებზე, დაემკვიდრებინა თავი ახალ რეგიონებში. ვგულისხმობ ახალ რეგიონებს ნატოსთვის, მათ შორის სამხრეთ კავკასიას, ალიანსის არა თავდაცვითი, არამედ საკმაოდ აგრესიული, უკიდურესად აგრესიული განზრახვების გათვალისწინებით - მცდელობების, თავს მოახვიოს საკუთარი შეხედულებები და სტანდარტები სხვების უსაფრთხოების ინტერესების საზიანოდ. და ეს გავლენა, თავისი არსით, მხოლოდ დესტრუქციული შეიძლება იყოს. შესაბამისად, ეს ბლოკი ზიანის მომტანია მათ შორის ამ რეგიონის სახელმწიფოებისთვის“, - თქვა ზახაროვამ.
მისი თქმით, სხვათა შორის, ნატო-ში არ არსებობს კონსენსუსი ე.წ. „ღია კარის პოლიტიკასთან“ დაკავშირებით.
„ალიანსის შიგნით ევროპის რიგი სახელმწიფოები კრიტიკულად არიან განწყობილნი ამ კურსის მიმართ. უფრო მეტიც, ვაშინგტონს, როგორც ჩანს, სერიოზული ეჭვები აქვს დამატებითი წევრების მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალმა სტრატეგიამ გავლენა უნდა მოახდინოს ნატოს დაუსრულებელ გაფართოებაზე და ვიმედოვნებთ, რომ ეს შეუმჩნეველი არ დარჩება თბილისში“, - განაცხადა ზახაროვამ.