საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. National Security Archive-მა ვლადიმერ პუტინისა და ჯორჯ ბუშის 2008 წლის 6 აპრილის საუბრის შინაარსი გამოაქვეყნა.
ვლადიმერ პუტინი ჯორჯ ბუშთან დიალოგისას ნატო-ს გაფართოების საკითხს წამოჭრის, რა დროსაც საქართველოს ახსენებს. პუტინის თქმით, საქართველოში სჯერათ, რომ ნატო-ს ფარით მათ შეუძლიათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
„არის ეს სწორი გზა, რომ ნატო-ს სამხედრო ქოლგა გადააფაროთ და ნება მისცეთ მათ, დაიწყონ სამხედრო ოპერაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში? იქაც დაიწყება პარტიზანული ომი, როგორც ავღანეთში. ჩაერთვება თუ არა ნატო იქ ომში? რა თქმა უნდა – არა. საქართველოს ხალხი იძულებული უნდა იყოს, სხვა საშუალებებით მოაგვაროს შიდა პრობლემები. ისინი ამას იზამენ, თუ იქნებიან იძულებული. იქ არის ეთნიკური პრობლემები, რაც საუკუნეა, გრძელდება. მზად ვართ, დავეხმაროთ მათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, მაგრამ იმ გზებით, რომ მცირე ეთნიკურმა ჯგუფებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. ისინი თუ ხალხს დაემუქრებიან ნატო-ს იქ მისვლით, მაშინ ეს არ იმუშავებს. მაინც ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას. ნახავთ ხალხს, რომელიც მთებიდან ჩამოდის და ყველა მიმართულებით ისვრის. ადამიანებს იმ ფორმებში, რომლებიც გუშინ თქვენთვის ცეკვავდნენ.
რუსეთმა ეს კარგად იცის და მეგობრებს იჩენს იქ. ათი წლის წინ, როდესაც ომი დაიწყო, ჩეჩნებმა შეწყვიტეს რუსეთის წინააღმდეგ ოპერაციები და იქ საბრძოლველად ჩავიდნენ. ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ ქართველების თავებით. მათი ერთ-ერთი ლიდერი ორი წლის წინ ჩვენ გავანადგურეთ, მაგრამ იქ კიდევ ბევრია. ჩვენ ისინი იქ არ გავგზავნეთ, მაგრამ ომის დაწყებისას ყველა იქ იყო.
საქართველო იძულებული უნდა იყოს, ეს საკითხი მშვიდობიანი გზით მოაგვაროს. ნატო-ში მათი მიღება მხოლოდ წაახალისებს მათ, რომ ეს პრობლემა მოაგვარონ სამხედრო გზით, იარაღის აღებით. რუსეთისთვის კი ყოველთვის არსებობს ჩვენი საზღვრების მახლობლად ახალი სამხედრო ბაზებისა და იარაღის სისტემების საფრთხე. ეს არის ჩვენი არგუმენტები ამის წინააღმდეგ. არ მოველი რეაქციას“, – განუცხადა პუტინმა ბუშს.