საზოგადოება
კახეთი, 8 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს კახეთის რეგიონიდან აცნობეს, რეგიონში რამდენიმე საჯარო სკოლის ლიკვიდაცია იგეგმება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. მათი განმარტებით, უმუშევარ პედაგოგთა რიცხვის განუზომლად გაზრდის გარდა ბავშვებს ერთი სოფლიდან მეორე სოფელში მოუწევთ სასწავლებლად სიარული, რაც საკმაო დაბრკოლებებს შეუქმნის როგორც პატარებს, ისე მათ მშობლებს.
„ჩვენს სოფელში არასრული საჯარო სკოლაა, მაგრამ მისი დახურვა არაფრით არ შეიძლება. მაშინ მოგვიწევს, მეზობელ სოფელში ვატაროთ ბავშვები. მცირეწლოვან ბავშვებს ძალიან გაუჭირდებათ. ჩვენი მოთხოვნა იყო, აქვე მისცემოდათ მოზარდებს სრული საშუალო განათლების მიღების შესაძლებლობა. ახლა კი, როგორც ამბობენ, სკოლა საერთოდ უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნა საქინფორმთან საუბრისას სოფელ წყაროსთავის მკვიდრმა.სკოლების ლიკვიდაციის პრობლემა არც ახალია და არც მხოლოდ კახეთის რეგიონში დგას.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ასობით საჯარო სკოლა დაიხურა. სკოლების ლიკვიდაცია-ოპტიმიზაციის პროცესში ორი ძირითადი ეტაპი გამოიკვეთა: პირველი ეტაპი მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლების გაერთიანებას გულისხმობდა, მეორე ეტაპზე კი, ამასთან ერთად, სკოლების შენობების პრივატიზებაც დაიწყო. რამდენიმე საჯარო სკოლა უკვე გადავიდა კერძო სკოლების მფლობელობაში. არაოფიციალური ინფორმაციით, ბოლო წლებში 1200 სკოლა დაიხურა. ოფიციალური მონაცემები კი უცნობია, რადგან განათლების სამინისტრო ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.