დუშეთი, 8 სექტემბერი, საქინფორმი. დაბა ჟინვალში მცხოვრებ 89 წლის მარია კარაკეტოვას სოციალური მომსახურების სააგენტომ დახმარება მოუხსნა. კარაკეტოვას ერთადერთი შემოსავალი პენსიაა 87 ლარის ოდენობით. „ერთი წელია, რაც დახმარება მომიხსნეს. მას შემდეგ დავდივარ და სამართალს ვეძებ. სოციალური დახმარება ჩემთვის დიდი შეღავათი იყო. ამდენი ხანია ვცდილობ, გავიგო, რატომ მომიხსნეს დახმარება, მაგრამ უშედეგოდ. არავინ პასუხს არ მცემს“, – ამბობს მარია კარაკეტოვა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დუშეთის განყოფილების უფროს ვლადიმერ ჭონქაძის განცხადებით, მარია კარაკეტოვას ქონებრივი მდგომარეობა ბოლოს 2011 წლის 18 აგვისტოს გადაამოწმეს. „ბოლო გადამოწმების შემდეგ კარაკეტოვას სარეიტინგო ქულა არის 62 660. ამ ქულით ის სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებს, მხოლოდ სადაზღვევო პოლისი ეკუთვნის“.რაც შეეხება სოციალური სააგენტოს წარმომადგენელ იმედა არაბულს, მან მარია კარაკეტოვას სოციალურ-ეკონომიკური პირობების შემოწმების შემდეგ აღნიშნა, რომ კარაკეტოვა არა თუ ღარიბი, არამედ ღატაკია. „მე თვითონ ვიყავი ჟინვალში და კარაკეტოვას სოციალური მდგომარეობა პირადად გადავამოწმე. ღარიბი კი არ არის, ღატაკია. როგორც გაირკვა, თავის დროზე მან სოციალურ აგენტს ელექტროენერგიის ქვითრები ვერ წარუდგინა და შეცდომით უთხრა, რომ თვეში 5 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარდა. მაღალი სარეიტინგო ქულა ამის გამო მიიღო“.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. განმეორებითი გადამოწმება ბოლო დეკლარაციის შევსებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი.