პუბლიკაციები
ლოურენს უილკერსონი: ჩვენ გადავდივართ პოლიტიკაზე, რომლის მიზანია რესურსების მოპოვება და არა ქართველი ხალხის „სულების დატყვევება“

 საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტიდან კავკასიისა და ცენტრალური აზიის ამოღება დონალდ ტრამპის ძირეული ფილოსოფიის პრაქტიკული გამოხატულებაა, – ამის შესახებ აშშ-ის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა (2001-2005 წლებში) ლოურენს უილკერსონმა გადაცემაში „42-ე პარალელი“ განაცხადა.

მისივე თქმით, წარსულში აღნიშნული რეგიონებისადმი ყურადღება ხშირად გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ აშშ-ს სურდა მათი გამოყენება „პაიკებად“ ისეთ ქვეყნებთან ბრძოლაში, როგორიც რუსეთია.

ეს იყო ცინიკური ინტერესი. ჩვენ ვკითხულობდით — „რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს, მოლდოვას ან რუმინეთს ჩვენთვის ამ კონფლიქტში?“. ჩვენ გვინდოდა და კიდეც გავაკეთეთ – ამ ბრძოლის გაღვივება უკრაინაში ჩვენი პოლიტიკის მეშვეობით. ახლა კი კრიტერიუმები შეიცვალა. კითხვა ასე ისმის: „გაქვთ იშვიათი მიწა-ლითონები? გაქვთ ნავთობი ან ბუნებრივი აირი? გაქვთ ისეთი საქონელი, რომელიც სასწრაფოდ გვჭირდება ჩვენი კოსმოსური ინდუსტრიისთვის ან ეკონომიკისთვის?“. აშშ უკვე თითქმის აღარაფერს აწარმოებს და ნედლეულიც გვაკლია. მაშინაც კი, როცა გვაქვს მაგალითად, იშვიათი მიწა-ლითონების უზარმაზარი საბადოები მონტანაში, შიდა პოლიტიკა და გარემოსდაცვითი საკითხები თითქმის შეუძლებელს ხდის მათ მოპოვებას. ეს ფოკუსირება რესურსებზე ხსნის ჩვენს დღევანდელ ქმედებებს. ვენესუელაში შექმნილი ვითარება ამის თვალსაჩინო მტკიცებულებაა.

დონალდ ტრამპი ბიზნესმენია, რომელიც მოქმედებს როგორც „ხარბი მომხვეჭელი“ (grifter). მას უნდა ის, რაც სხვას აქვს. თუ გაქვს რესურსი, რომელიც მას სჭირდება, შენ ხვდები მის თვალთახედვაში ან როგორც მეგობარი, ან როგორც მტერი. ნავთობის გამო ვენესუელა მტერია. რუსეთი კი არის ქვეყანა, რომელიც მას მეგობრად უნდა. ეჭვი მაქვს, ტრამპმა გაიგო რუსეთის აუთვისებელი ბუნებრივი რესურსების შესახებ, განსაკუთრებით ურალის აღმოსავლეთით, რომლებიც სავარაუდოდ უტოლდება იმ კოლოსალურ რესურსებს, რასაც აშშ ფლობდა დაარსებისას. როგორც ვაშინგტონი მიიჩნევდა ამერიკის კონტინენტს, მდინარეებსა და მიწებს „ღვთაებრივ განგებად“, რუსეთიც ასეთ წარმოუდგენელ პოტენციალზე ზის. სწორედ ამიტომაა ჩინეთი უკვე იქ, მუშაობენ ურთიერთობების განმტკიცებაზე და „სასიცოცხლო სივრცის“ უზრუნველყოფაზე. ჩვენც სწორედ ამ რესურსებს მივშტერებივართ“, – აღნიშნა ლოურენს უილკერსონმა.

მისივე აზრით, ტრამპს რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს, რომ „ჯანდაბასაც წაუღია უკრაინა“.

ამით ის უპირისპირდება საკუთარი ადმინისტრაციის წევრებს და იმ „რუსოფობიას“, რომელიც ამჟამად აშშ-ში მძვინვარებს. რუსეთის წინააღმდეგ საზოგადოებრივი განწყობები სათუთად იქნა კულტივირებული. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამერიკელების 60%-70%-ახლა რუსეთი „სძულს“. ეს რუსოფობია ისეთივე ირაციონალურია, როგორც გერმანიის დღევანდელი ობსესია ჰოლოკოსტით, პოლიტიკა, რომელსაც ისინი იქამდე მიჰყავს, რომ ისრაელს ბოლომდე უჭერენ მხარს, მაშინაც კი, როცა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხრიდან დაგმობის რისკის ქვეშ დგებიან. ასე რომ, ჩვენი ფოკუსირება რუსეთზე ისეთივე სულელურია, როგორც გერმანიის დამოკიდებულება ჰოლოკოსტის მიმართ. ტრამპის დღის წესრიგში მოხვედრა თუ გინდა, უნდა გქონდეს რაღაც, რაც მას უნდა“, – განაცხადა ლოურენს უილკერსონმა.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, უილკერსონი აცხადებს, რომ აშშ-მა „ლიბერალური დემოკრატია“ იარაღად აქცია, თუმცა ახლა ამ პოლიტიკის შემოტრიალებას აპირებენ.

გეგმა არის ის, რომ „გულებისა და გონების“ მოგების მეთოდი შეიცვალოს სტრატეგიით, რომელიც მკაცრად ორიენტირებულია ეკონომიკასა და ნედლეულის მოთხოვნილებაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ გადავდივართ პოლიტიკაზე, რომლის მიზანია რესურსების მოპოვება და არა ქართველი ხალხის „სულების დატყვევება“. მართალია, არ ვიცი, ჩაერთვებიან თუ არა ამაში ისევ NGO-ები, მაგრამ ვიცი, რომ CIA (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) უკვე მუშაობს „სანგრებში“, რათა გაარკვიოს, როგორ განახორციელოს ეს ცვლილება პრაქტიკაში. ისტორიულად, დაახლოებით 2002 წლიდან, ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის დროს, ჩვენ დავიწყეთ დემოკრატიის იარაღად გამოყენება ზუსტად ისევე, როგორც ძველი იმპერიები იყენებდნენ რელიგიას. როგორც ფრანგები, ესპანელები და ბრიტანელები იყენებდნენ ქრისტიანობას „ოქროსა და ვერცხლის ხელში ჩასაგდებად“ ახალ სამყაროში, ისე გავგზავნეთ ჩვენ „ლიბერალური დემოკრატია“ ევროპაში და სხვაგან. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ეს მოგვცემდა მორალურ უპირატესობას ამ ერებზე, რაც საშუალებას მოგვცემდა, გავლენა მოგვეხდინა მათ არჩევნებსა და პოლიტიკაზე ამერიკული იმპერიის სასარგებლოდ. ჩვენ ეს ყველაფერი ისევე გამოვიყენეთ საქმეში, როგორც ადრე პირდაპირი მოქმედების მეთოდებს ვიყენებდით. მაგალითად, 1953 წელს კერმიტ რუზველტის მონაწილეობით, ირანში დავამხეთ დემოკრატიულად არჩეული ლიდერი მოჰამედ მოსადეყი. ან ჩვენი ქმედებები გვატემალასა და ჩილეში. ჩვენ ეს „უხეში“ ძალადობა შევცვალეთ მთავრობების უფრო დახვეწილი „ჩაგდებით“ და მათი ვასალურ სახელმწიფოებად ქცევით. ეს უკიდურესად წარმატებული აღმოჩნდა. მჯერა, რომ ჩვენ მოვახდინეთ გავლენა ნატო-ორი გენერალური მდივნის შერჩევაზე, ევროპარლამენტის სხვადასხვა წევრსა და ნატო-ყოფილი ნეიტრალური ქვეყნების რამდენიმე ლიდერზე. ჩემი შეფასებით, ამ ცვლილებებს ამ ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა არასდროს უჭერდა მხარს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივაღწიეთ ნატო-ს 32 წევრამდე გაფართოებას ისეთი ქვეყნებისთვის რთული მოთხოვნების გვერდის ავლით, როგორიცაა მონტენეგრო და ალბანეთი. იმ დროს ჩემთან დაახლოებულმა პირმა ალბანეთი „კრიმინალურ სახელმწიფოდაც“ კი დაახასიათა, მაგრამ ჩვენ ისინი მაინც მივიღეთ, რადგან გვინდოდა, ყველა შესაძლო მხარე ჩვენს ბანაკში ყოფილიყო რუსეთის წინააღმდეგ. ეს მეთოდი ბევრად უკეთ მუშაობდა, ვიდრე ძველი, ბინძური გადატრიალებები, რომლებმაც შაჰი დასვეს ირანში ან პინოჩეტი — ჩილეში. ჩვენ ვცადეთ ეს „რბილი ძალის“ მიდგომა ავღანეთსა და ერაყშიც, მას შემდეგ რაც 90-იანების ბოლოს, კლინტონის დროს კონგრესმა მიიღო „რეჟიმის შეცვლის აქტი“, მაგრამ იქ ჩავიჭერით და ისევ „ხისტ ძალას“ მივმართეთ. ამან არ იმუშავა სირიაშიც, რადგან იქ არ დაგვხვდა ისეთივე „მიმღებლობა“, როგორიც ევროპაში“, – განაცხადა ლოურენს უილკერსონმა.

მისივე თქმით, ამ სტრატეგიამ შექმნა ახალი ტიპის „კვალიფიკაცია“ CIA-ში, რომელიც შემდგომ MI6-შიც გადავიდა.

მე აქვე ჩავრთავდი „მოსადსაც“; ეს იყო შერწყმა იმისა, რასაც მე „სამ თვალს“ ვუწოდებ: მოსადი, MI6 და CIA. არავითარი ე.წ. ხუთი თვალი არ არსებობს რეალურად. ამ ფორმატში მოსადი საკუთარი თავისთვის მუშაობდა, MI6 და CIA კი — იმპერიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვაკრიტიკებ ბენიამინ ნეთანიაჰუს, მას ვერ დავუკარგავ გლობალური ძვრების წაკითხვის უნარს. ნეთანიაჰუ ინსტინქტურად გრძნობს, რომ ამერიკული იმპერია კოლაფსირდება და ჩინეთი აღზევების გზაზეა. მისი მიმდინარე დიპლომატიური ვიზიტები და სატელეფონო ზარები მიუთითებს, რომ მან იცის — იმპერიის „იჯარის ვადა“ იწურება; ის ცდილობს ისრაელის ისეთ პოზიციონირებას, რომ გავლენა შეინარჩუნოს „ახალ სამყაროში“, რომელიც ახლა იბადება“, – განაცხადა ლოურენს უილკერსონმა.

კითხვაზე, უნდა დავიჯეროთ თუ არა, რომ დონალდ ტრამპის პირობებში „ლიბერალური დემოკრატიის“, ადამიანის უფლებებისა და NGO-ების გავლენის იარაღად გამოყენების ეპოქა დასრულდა, შეგვიძლია ვენდოთ მის სიტყვას, როცა ამბობს, რომ ამ ინსტრუმენტებს აღარ გამოიყენებს, უილკერსონი პასუხობს:

ნება მომეცით, ერთი შენიშვნა დავამატო: ბევრი ეს ორგანიზაცია, მაგალითად, „ექიმები საზღვრებს გარეშე“ (Médecins Sans Frontières), თავიდან გულწრფელი, ალტრუისტული მოტივებით შეიქმნა. მათ მართლა სურდათ ადამიანის უფლებების გაუმჯობესება და წამების დასრულება. ძალიან განვიცდი იმ გულწრფელი ადამიანების გამო, რომლებიც ამ ორგანიზაციებში მუშაობენ და ხშირად ჰუმანიტარულ მიზნებსა და იმ ინსტიტუტების პოლიტიკურ რეალობას შორის არიან მოქცეულნი, რომლებსაც ემსახურებიან. ეს უბრალოდ ადამიანური ბუნებაა, ზოგს კაცობრიობის სამსახური სურს, ზოგი კი თავად ორგანიზაციის ძალაუფლების გაზრდაზეა ფოკუსირებული. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ვხედავთ გადასვლას იმ რწმენაზე, რომ ეს ყველაფერი „უსარგებლო ინსტრუმენტებია“. მათ აღარ სურთ ამაზე ენერგიისა და რესურსების ხარჯვა. ამის ნაცვლად, ისინი ფოკუსირდებიან კონკრეტულ, მატერიალურ აქტივებზე, უპირატესად ნავთობზე. ეს არის გადასვლა შიშველ რეალობაზე, რომელიც აღარ არის შეფუთული მაღალფარდოვანი რიტორიკით. ეს საშიშია, რადგან ასეთი მიდგომა ბევრად უფრო სწრაფად ააშკარავებს ჩვენს „ნაკლოვანებებსა“ და ნამდვილ ზრახვებს, ვიდრე ძველი მეთოდები. 1945 წლიდან მოყოლებული, ისეთ ლიდერებს, როგორიც დუაიტ ეიზენჰაუერი იყო, გულწრფელად სჯეროდათ, რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ხელშეწყობას ამერიკისთვის სარგებლის მოტანა შეეძლო. ისინი ამას გლობალური სტაბილურობის ინსტრუმენტად მიიჩნევდნენ, ბირთვული არსენალის მუდმივი მზადყოფნის პირობებშიც კი. მას შემდეგ ჩვენ ეს ბალანსი დავკარგეთ და უკიდურესობებში გადავვარდით. ჩვენ გადავედით „რბილი ძალის“ მეშვეობით თვალის ახვევიდან ისევ „ხისტი ძალის“ გამოყენებაზე, რათა მივაღწიოთ იმავე მიზანს: არ დავუშვათ ჩვენი იმპერიის კოლაფსი. ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება მთელ მსოფლიოში, რომ ეს კოლაფსი რეალურად ხდება. დააკვირდით ამ „გაბოროტებულ ხალხს“, დააკვირდით, საით მიდიან ისინი. ნახეთ, რამდენი ვირთხა ტოვებს ჩაძირულ გემს, რამდენი პოულობს ახალ თავშესაფარს და რამდენი მათგანი რჩება ნანგრევებში მოყოლილი. როტშილდები, ჯეი პი მორგანები, ჯეი გულდები — ისინი არსად წასულან, ისინი თავის ადგილს ინარჩუნებენ. უბრალოდ, დღეს გაცილებით უფრო დახვეწილ მეთოდებს იყენებენ, რაშიც მნიშვნელოვნად ეხმარება კომპიუტერული ტექნოლოგიები და ციფრული ეკონომიკა“.

ცნობისთვის, აშშ-ის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა (2001-2005 წლებში) ლოურენს უილკერსონმა განცხადება გააკეთა, სადაც საუბრობდა, თუ როგორ იყენებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. „ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, ტელევიზიებს, არასამთავრობოებს, ისინი CIA-მიერ იყვნენ ჩანერგილი, ეს გავაკეთეთ საქართველოშიც, ძალიან წარმატებული ვიყავით“, – განაცხადა ლოურენს უილკერსონმა.