საზოგადოება
შაშკინის უწყება აბაშას არ სწყალობს

abaSa2აბაშა. 8 სექტემბერი. საქინფორმის კორ. კოტე ესართია. აბაშა წელს შაშკინის უწყების პრიორიტეტებში ვერ მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ახალი სასწავლო წლისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 4 სკოლა შენდება და 42-ს სრული რეაბილიტაცია უტარდება, აბაშის 23 საჯარო სკოლიდან არცერთში სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა. ამ ფაქტს სამწუხარო უწოდა განათლების სამინისტროს აბაშის რესურსცენტრის დირექტორმა მერაბ გიგინეიშვილმა.

განათლების სამინისტროს პროექტი, რომელიც საბუნებისმეტყველო კაბინეტების მოწყობას გულისხმობს, აბაშის არცერთ სკოლაში არ განხორციელებულა. რაიონში წელს არ გაიმართება არც სამინისტროს მიერ გამოცხადებული სასკოლო ბაზრობა. მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს წიგნების შეძენა საკუთარი ქალაქის ნაცვლად სენაკსა და სამტერედიაში შეეძლებათ. სწორედ ამ ორი ქალაქის სასკოლო ბაზრობების მისამართებია გამოკრული აბაშის სკოლებში.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს სამინისტრო წიგნებს უფასოდ გადასცემს. თუმცა აბაშის რესურსცენტრში 870 სოციალურად დაუცველი აბაშელი მოსწავლისთვის საკმარისი წიგნები მოტანილი არ არის.

შაშკინის უწყება სკოლების რემონტის, კაბინეტების მოწყობის, სასკოლო ბაზრობების გამართვის დროს შერჩევითობის პრინციპით გამოდის. ამ ნაბიჯით მინისტრმა აბაშელ მოსწავლეებს წაართვა კანონით მინიჭებული უფლება – თანაბარ პირობებში მიიღონ ზოგადი განათლება.