პუბლიკაციები
ვინ გადაიღებს „არწივის ბუდეს“

AVARSKIსაინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო საქინფორმს ეწვია შემოქმედი – პოეტი, მწერალი, კინოხელოვანი, რეჟისორი და მსახიობი – ალი ისაევ-ავარსკი, რომელმაც ახლახან გამოცემული წიგნი არწივის ბუდე უსახსოვრა რედაქციას.

ღმერთს უხვად დაუბერტყავს მასზე ნიჭიერების კალთა, ხელისუფლებას (ყველა დროისა და ფორმაციისას) – პატივი და ჯილდოები.

ალი ისაევ-ავარსკის ახალი წიგნი „არწივის ბუდე“ (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე) უფრო წარდგენაა მომავალი ფილმის, მისდამი ინტერესის გამოწვევა, ლიტერატურული სცენარი, კინონოველა, შეიძლება ასეც ითქვას.

მისი კინოტრილოგიის მსგავსი ეპიკური ფილმი დღემდე არავის გადაუღია. ეს არის ოდა კავკასიის ხალხთა მეგობრობაზე, კერძოდ, ქართველთა და დაღესტნელთა ძმობაზე.

თუ ვინმეზე ითქმის „არა მარტო ტკბილ ხმებისთვის გამომგზავნა ქვეყნად ცამა“, უწინარეს ყოვლისა, ალიზე ითქმის. იგი არა მარტო ეკრანზე აცოცხლებს, არა მარტო სიტყვის ოქროს ზოდებად ჩამოასხამს ჩვენი ხალხების უნიკალური ურთიერთობების ამბავს, არამედ იბრძვის ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად, ამ ტრადიციის უკვდავსაყოფად.

საქართველოსთვის უმძიმეს წლებში, როცა კონფრონტაციის მორევმა ჩაითრია კავკასია და მთელი კონფედერატები სეპარატისტების მხარდასაჭერად დაირაზმნენ – აფხაზეთისკენ აიღეს გეზი და დღე-დღეზე ძმათა სისხლში უნდა გაესვარათ ხელი და ცოდვის ულმობელ ყულფში გაეყოთ თავი, ალი მშობლიური დაღესტნისკენ დაიძრა და თავის პირველ სამშობლოში ჩაიტანა მართალი სიტყვა იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. ჩაიტანა და არა მარტო გამოდის ადგილობრივი ტელევიზიით, არა მარტო ინტერვიუებს აძლევს ადგილობრივ გაზეთებს, არამედ დაღესტნის პრეზიდენტ მაგომედ-ალი მაგომედოვს ხვდება. პრეზიდენტი ისმენს ისაევ-ავარსკის არგუმენტირებულ საუბარს, რომელსაც ემოციური მუხტი კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის, და შეხვედრის დასასრულ მთიელი კაცის სიტყვას აძლევს: „გპირდებით, ბატონო ავარსკი, დაღესტანი იქ მონაწილეობას არ მიიღებს!“

არცერთ ლეკს არ აუღია იარაღი საქართველოს წინააღმდეგ!

ეს იყო.

ამ ფონზე იშლება და ვითარდება ალი ისაევ-ავარსკის კინონოველა „არწივის ბუდე“, რომელიც, როგორც კინოფილმი, ჯერ მხოლოდ პროექტია და ოცნების საგანი. რეალურად კი ლოგიკური გაგრძელებაა მისი ჰეროიკული ტრილოგიის „მამაცი, ბრძენი, მდიდარი კულტურის, უძველესი ტრადიციების მქონე“ ერების წარმომადგენელი ადამიანების შესახებ.

მომავალი ფილმი, ავტორის ჩანაფიქრით, მოგვითხრობს იმამ შამილის, „ვისი სახელიც გვირგვინად ადგას დაღესტანს და მისი მამაცი ნაიბის ჰაჯი-მურატის“ შთამომავალთა ცხოვრებასა და მათ თავს გადამტყდარ პერიპეტიებზე, რომლებიც ჩვენს დღეებში ვითარდება დაღესტნის მთებში. მკითხველი მოწმე ხდება მთიელთა მაღალი სულიერების, ტრადიციებისადმი მათი ერთგულების შეურყვნელი მორალისა და სამართლიანობის შთამბეჭდავი მაგალითების.

ისინი იმდენად შერწყმულია ბუნებასთან, რომ ვაჟასეული „ბუნება მბრძანებელია“ ტრანსფორმირდება ადამიანისა და ბუნების ერთარსობაში. ეს დასტურდება უნიკალური ეპიზოდით, როცა მთის უკარება არწივები სახალხო ზეიმის სრულუფლებიან მონაწილეებად მოგვევლინებიან.

კონფლიქტური სიტუაციები, უკიდურესად მწვავე დაპირისპირებები „ჰეფი ენდით“ მთავრდება ალი ისაევ-ავარსკის ნოველაში: ნათესავდებიან ადამიანები, იკვრება ახალგაზრდების ცოლქმრული კავშირები, იბადება ახალი თაობა, მაღალმთიანი აული თანამედროვე კომფორტულ დასახლებად გარდაიქმნება.

იდეალური სურათია.

სამაგიეროდ, შორსაა იდილიურისაგან, ანუ გაურკვეველია მომავალი ფილმის ბედი – შეძლებს თუ არა ავტორი და რეჟისორი მის გადაღებას: ლოდი დაბრკოლებისა ფინანსური უზრუნველყოფის გზაზე დევს.

იმედი ვიქონიოთ, რომ ზღაპრული დევგმირივით გამოჩნდება კეთილშობილი ინვესტორი, რომელიც ამ დაბრკოლებას მოხსნის.

 

საქინფორმი