აქტუალური
ცხინვალში პრეზიდენტობის კანდიდატების საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია დაიწყო

v-cxinvaliთბილისი, 7 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბელა პლიევამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე პრეზიდენტობის კანდიდატების ორი საინიციატივო ჯგუფია დარეგისტრირებული.

კომისიამ უკვე მიიღო და რეგისტრაციაში გაატარა ჯგუფები, რომლებიც 13 ნოემბრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატებად ალან კოჩიევსა და დიმიტრი ტასოევს დააყენებენ. კოჩიევის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მას ბრალად ედება სამხრეთ ოსეთის პარლამენტარ ალექსანდრე პლიევის ცემა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. ტასოევი კი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელიც რეგიონის იუსტიციის სამინისტროს სარჩელის საფუძველზე მარტში გაუქმდა.

არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის შესახებ განცხადებები არ გაუკეთებიათ ყველაზე რეალურ კანდიდატებს –გენერალურ პროკურორ თეიმურაზ ხუგაევს და საგანგებო სიტუაციების მინისტრ ანატოლი ბიბილოვს. ედუარდ კოკოითი ორივე მათგანს უჭერს მხარს, ხოლო კრემლის მხარდაჭერით მხოლოდ ბიბილოვი სარგებლობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია კანდიდატების რეგისტრაციას 8 ოქტომბრამდე აწარმოებს.

სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 13 ნოემბრისთვის არის დანიშნული.

არჩევნებთან ერთად გაიმართება რეფერენდუმიც სახელმწიფო ენებად ოსურისა და რუსულის გამოცხადების შესახებ.