პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძემ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მიიღო

vstreCa-s-poslomთბილისი, 7 სექტემბერი, საქინფორმი. 2011 წლის 6 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შეხვდა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელ ფილიპ ლეფორს.

ფილიპ ლეფორი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა და დღეს მიემგზავრება ერევანში.

გრიგოლ ვაშაძემ ფილიპ ლეფორს ახალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობა. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზეც.

ფილიპ ლეფორის კანდიდატურა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე 2011 წლის 25 აგვისტოს დაამტკიცეს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით. აღსანიშნავია, რომ 2004-2007 წლებში ფილიპ ლეფორი იყო საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.