პოლიტიკა
ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი არველაძეს საჯარო დებატებში იწვევს

alasa_debatebiთბილისი. 7 სექტემბერი. საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურ დირექტორ გიორგი არველაძეს ღია სატელევიზო დებატებში იწვევს. „მივმართავ სააკაშვილს და არველაძეს, თუ კაცობა გყოფნით, იმ ბრალდებებზე, რომელიც გაჟღერდა, გიწვევთ „იმედის“ ეთერში სადებატოდ“, – განაცხადა ალასანიამ. როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა „იმედის“ ეთერში რამდენჯერმე გაუშვეს მოდელირებული და მაკომპრომეტირებელი სიუჟეტი მის წინააღმდეგ.

„თუკი მათ შერჩენიათ თავმოყვარეობა, მე ვეუბნები, რომ იმ საკითხებზე, რაც „მოდელირებულ ქრონიკაში“ არაერთხელ გაუშვეს, რეალურ დისკუსიებს ვთავაზობ და მზად ვარ, ყველა შეკითხვაზე პასუხი გავცე საზოგადოებას და მათ ბრალდებებს“, – დასძინა ალასანიამ.

ცნობისთვის: „ტელეიმედის“ ეთერში გუშინ გასული სიუჟეტის თანახმად, ირაკლი ალასანიას ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს, რომელთანაც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ლონდონში ბოლო პერიოდში შეხვედრაც კი გამართა.