უცხოეთი
რუსეთი გიორგი ბარამიძეს, უკრაინის მხარეს ბრძოლის გამო, დაუსწრებლად გაასამართლებს

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი ბარამიძეს უკრაინის მხარეს ბრძოლის გამო ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაუსწრებლად გაასამართლებენ.

რუსეთის პროკურატურის ცნობით, ბარამიძე უკრაინაში ქართული ლეგიონის რიგებში დაქირავებული მეომრის რანგში 2022 წლის თებერვალ-აპრილის პერიოდში იბრძოდა. პროკურატურა მას რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობას გულისხმობს.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, ბარამიძემ სამხედრო წვრთნა გაიარა და მისი ანაზღაურება 238 000 რუბლს აღემატებოდა.

რუსეთის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ბარამიძეზე "საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული" და სასამართლომ მას, აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულ განცხადებას ბარამიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"დიდი პატივია!

და ჩემს საკმაოდ კარგ პიარად აღვიქვამ.

რუსების შიში, მეტ ნაკლებად, წინა საუკუნის 90-იანებში გადავლახე, როცა მათ აფხაზეთში ვეომებოდი, ასე რომ ეს ამბავი ნამდვილად უფრო მახალისებს, ვიდრე მაკვირვებს.

ყოველთვის ვამაყობდი, რომ როცა რუსების ურდოები კიევს უტევდნენ, კიევში ვიყავი, ქართული ლეგიონის რიგით ჯარისკაცად. ამით მომავალშიც ვიამაყებ.

უკრაინის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაა!".

tabula.ge