სამართალი
კახეთში თანამდებობებზე ნათესავების დანიშვნა გრძელდება

dedofliswyaro_municipalitetკახეთი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. კახეთის რაიონის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესმდივნად ნინო მეხრიშვილი დაინიშნა. ინფორმაცია საქინფორმს რეგიონის კორესპონდენტმა მოაწოდა. ნინო მეხრიშვილი ამავე საკრებულოს დეპუტატისა და „ლიბერთი ბანკის“ დედოფლისწყაროს ფილიალის მმართველ ნანა ტოკლიკიშვილის ქალიშვილია.

საკრებულოს აპარატის უფროს ხათუნა გონაშვილის განცხადებით, ნინო მეხრიშვილი საკრებულოს პრესასთან, საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე სამთვიანი ხელშეკრულებით დაინიშნა.

„საკრებულოს თავმჯდომარის 22 აგვისტოს ბრძანების მიხედვით, მეხრიშვილი მუშაობას უკვე შეუდგა. ამჟამად ის სტრუქტურას ეცნობა და თავის სამსახურებრივ მოვალეობებში გარკვევას ცდილობს. ამ გოგონამ ახლახან გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ყველას მოწონება დაიმსახურა. ხელშეკრულება სამი თვის ვადით არის გაფორმებული“, – განმარტავს საკრებულოს აპარატის უფროსი.

როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, მეხრიშვილს ჟურნალისტური განათლება ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში სამუშაო გამოცდილება არ აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, მას განათლება ქიმიის სპეციალობით აქვს მიღებული.