სამართალი
თუშეთი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ინციდენტის შესახებ საქინფორმს ანონიმურად ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინათ სოფელ ომალოში მოხდა. თუშეთში დასასვენებლად მყოფმა რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ სამი გერმანელი ტურისტი სუფრაზე მიიწვია. ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტურისტებმა ერთმანეთს აკოცეს. ქართველმა ახალგაზრდებმა გერმანელ ტურისტებს ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ ხელ-ფეხი შეუკრეს და მდინარეში გადაყარეს. ისინი წყლიდან ომალოს მცხოვრებთ ამოიყვანეს. ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, ადგილობრივებმა უზრუნველყვეს ტურისტების ბარში უსაფრთხო ტრანსპორტირება, საიდანაც ისინი თბილისში ჩავიდნენ და საქართველოდან გაემგზავრნენ.მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულ ტურისტებს არც პოლიციისა და არც საკონსულოსთვის არ მიუმართავთ. შესაბამისად, ახმეტის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილის განცხადებით, ომალოში ახმეტის პოლიციის თანამშრომლები რეგულარულად პატრულირებენ, „მით უფრო ზაფხულში, როცა თუშეთში ძალიან ბევრი ტურისტია, პოლიციის თანამშრომლები იქ ყოველთვის არიან. საგუშაგოც აქვთ, აეროპორტის მოპირდაპირე მხარეს. ტურისტების ცემის შესახებ ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“.
ვრცელდება ინფორმაცია რომ, ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც ტურისტებს სცემეს, მაღალჩინოსნების შვილები არიან.