საზოგადოება
პატრიოტთა ბანაკს 1 მილიონი კვლავ არ ჰყოფნის

patriotebiზუგდიდი. 6 სექტემბერი. საქინფორმის კორ. კოტე ესართია. ანაკლიის საერთაშორისო ბანაკი „პატრიოტი“ საპრეზიდენტო პროგრამაა და ის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან 1 მლიონი ლარით ფინანსდება. ამის მიუხედავად, ზუგდიდის ადგილობრივი მთავრობა პატრიოტთა ბანაკს ფულს საკუთარი ბიუჯეტიდანაც ურიცხავს – ანაკლიის პატრიოტთა ბანაკიდან 270 დამსვენებლის ბათუმში შემეცნებით-გასართობ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ტრანსპორტირების ხარჯები ზუგდიდის ბიუჯეტიდან გადაირიცხა. გამგეობამ ამისათვის 5 სამგზავრო ავტობუსი გამოყო, რისთვისაც 2124 ლარი დაიხარჯა. ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას თანხის გამოყოფა პრეზიდენტის განკარგულების გაცემის შემდეგ დაევალა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს თვითმმართველობის უუნარობაზე საქართველოში.

ადგილობრივი მთავრობისთვის ანაკლიის საერთაშორისო პატრიოტული ბანაკის დაფინანსება დელეგირებული უფლებამოსილებაა. ეს თანხა ზუგდიდის მუნიციპალურ მთავრობას რეალური თვითმმართველობის არსებობის შემთხვევში ექსკლუზიური უფლებამოსილების განსახორციელებლად უნდა დაეხარჯა.

ანაკლიის „პატრიოტისთვის“ თანხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩარიცხვა პირველი შემთხვევა არ არის – საპრეზიდენტო პროგრამა „პატრიოტს“ ზუგდიდის საკრებულომ 30 ათასი ლარი 17 აგვისტოსაც გადაურიცხა.