აქტუალური
თბილისი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტი შეუმცირდება, ხოლო რუსულენოვანი ტელევიზია „პირველ კავკასიურისთვის“ („ПИК“) დამატებითი თანხები გამოიყოფა.
მთავრობის 26 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტრომ 4 900 000 (ოთხი მილიონ ცხრაასი ათასი) ლარით უნდა შეუმციროს საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტი და ეს თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდში მიმართოს. სარეზერვო ფონდიდან ერთი მილიონი ლარი ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუბრუნდება კონკრეტული მიზნით – შპს „ქეი 1“-თვის გადასაცემად.შეგახსენებთ, რომ შპს „ქეი“ მაუწყებლის მესამე რუსულენოვან არხ „პირველ კავკასიურს“ მართავს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შპს „ქეი 1“-ს ერთ თვეზე მეტია, ამოეწურა ხელშეკრულების ვადა, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ახლახან, 2011 წლის 29 აგვისტოს სხდომაზე, მაუწყებლის დირექტორს უფლება მისცა, გაუგრძელოს „ქეი 1“-ს ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობა სარეზერვო ფონდიდან „პირველი კავკასიურისთვის“ სამ მილიონ ლარს გამოყოფს.
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღეში მაუწყებელი კვლავ გააგრძელებს კონტრაქტს „ქეი 1“-თან. ეს იმას ნიშნავს, რომ „პირველი კავკასიურის“ ბიუჯეტი 2011 წელს სულ 18 მილიონი ლარი იქნება. სწორედ ეს თანხაა მითითებული სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ შესწორებულ ბიუჯეტში. შეგახსენებთ, რომ მაუწყებლის ბიუჯეტის მანამდელ ვერსიაში „პირველი კავკასიურისთვის“ 15 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.