საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქული თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და თურქეთს სოლიდარობას უცხადებს.
„ღრმად დამწუხრებული ვარ საქართველოში თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული კატასტროფის გამო. ჩემი ფიქრები ეკიპაჟის დაღუპული წევრების ოჯახებთანაა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს ამ მწუხარების დროს“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ამასთან, განცხადება გაავრცელა „საქაერონავიგაციამაც“, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთის „C-130“ ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.