სამართალი
სოფიო ხორგუანი: "მინისტრმა კალმახელიძემ არაერთი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა!"

kalmaxa_2თბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „ქართული პარტიის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გასულ კვირას რუსთავის N6 საპყრობილეში უკანონო პატიმრობაში მყოფი ფეხბურთელის – გიორგი დემეტრაძის, ფიზიკური მდგომარეობა დამძიმდა. მას არ მიეწოდებოდა ჰიგიენისთვის აუცილებელი ნივთები და ციხის ადმინისტრაცია განზრახ არ აძლევდა უფლებას, ციხის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში საკვების შესაძენად გამოეყენებინა კუთვნილი პლასტიკური ბარათი.

როგორც ხორგუანმა განმარტა, დემეტრაძეს არც ჰაერზე გასეირნების საშუალებას აძლევდნენ, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა.

„მიგვაჩნია, რომ მძიმე მდგომარეობაში დემეტრაძე დაწესებულების ხელმძღვანელ დავით მარგებაძის უშუალო „მეცადინეობით“ აღმოჩნდა. აღარაფერს ვამბობთ მინისტრ კალმახელიძეზე, რომელმაც მინისტრობის დროს სისხლის სამართლის არაერთი დანაშაული ჩაიდინა“, – განაცხადა ხორგუანმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, კერძოდ, რა დანაშაულები ჩაიდენა მინისტრმა.

ამასთან, ის რუსთავის N2 დაწესებულებაში არსებულ ვითარებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ დიაბეტით დაავადებულ პატიმრებს მედიკამენტები არ ეძლევათ, ხოლო პატიმრის ოჯახის წევრებს შეეზღუდათ საკვების შეგზავნის უფლება, რაც დიაბეტიანი პატიმრებისთვის „სიკვდილის ტოლფასია“.