კახეთი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხის განხილვა აქტიურ ფაზაში შევიდა და ქართველ მეწარმეებს ამ მართლაც დიდი ბაზრის ხელახალი ათვისების შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის კრიტიკა ამ მიმართულებითაც გაააქტიურა. თითქმის ყოველდღიურად საქართველოს პრეზიდენტი რუსული ბაზრის „მინუსებზე“ საუბრობს, ამგვარი რიტორიკა კი ქართველი მეწარმეების ერთგვარი დაშინების მცდელობას ჰგავს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში სოფლის მეურნეობის მინისტრთან, კახეთის გუბერნატორთან და რვა რაიონის გამგებლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, „რამდენიმე წლის წინათ ვენახის ამოძირკვისა და განადგურების საფრთხის წანაშე დავდექით, რადგან ჩვენმა ოკუპანტმა (ოფიციალურად მაშინ ჯერ არ იყო ოკუპანტი) ემბარგო, პრაქტიკულად, ერთადერთი მიზნით შემოიღო – მათ იმის იმედი ჰქონდათ, რომ ღვინის ბაზარზე დაბრუნების მიზნით, კახელები გაიქცეოდნენ და პირადად ჩააბარებდნენ „ციხესიმაგრის“ გასაღებს. პრეზიდენტის განცხადებით, ისინი ცუდად იცნობენ კახელებს! ჩვენ შაჰ-აბასს და სხვა დამპყრობლებს გავუძელით და კარგად ვიცით, რა უნდა მოვიმოქმედოთ. მთავარია, რომ ჩვენი ვენახები გადავარჩინეთ და მთავარი კრიზისი დაძლეულია“.„წელს საექსპორტო პროდუქცია ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გაცილებით დიდი რაოდენობით უნდა შევიდეს, მით უფრო, რომ საქართველომ ამერიკაში სასაქონლო ნიშანი დაიცვა. ჩვენ უნდა მივხედოთ იმ ბაზრებს, სადაც არის კანონიერება, გამჭვირვალობა და შესაძლებელია ბაზრის პროგნოზირება. ამერიკული ბაზარი წარმოუდგენლად დიდია რუსულ ბაზართან შედარებით. რუსულ ბაზარზე იქვე წარმოებულ ღვინოს ასაღებდნენ, მთელი ბაზარი უკანონობაზე, ფლიდობასა და ყაჩაღობაზეა აგებული. ჩვენ რომ შეკვეთა ავიღოთ რუსეთისგან, სანამ ბოთლებს ვიყიდით და პროდუქტს გავამზადებთ, რუსები ადგილზე წარმოებულ ფალსიფიცირებულ ვითომ ქართულ ღვინოს გაყიდიან, ჩვენი შედეგი კი იქნება ნული. ბევრად უფრო აქტიური მუშაობისკენ მოგიწოდებთ, რადგან ჩვენს პროდუქციას უზარმაზარი პერსპექტივა აქვს ევროპაში, ჩინეთში. ამის მისაღწევად დიდი ენერგია უნდა დავხარჯოთ. ექსპორტს სტაბილურად ვაწარმოებთ უკრაინაში, ყაზახეთში და ბევრად უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ბალტიისა და პოლონეთის ბაზრებზე. ასე რომ, მე ვფიქრობ, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება პრაქტიკულად აღარ არსებობს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მომავალი წლის მთავარ მიზნად საქართველოს შიდა ბაზრის ათვისებაც დაუსახა. ტურიზმის განვითარების პირობებში მიხეილ სააკაშვილს ეს მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნია, რადგან, მისი აზრით, ქვეყანა ბევრად მეტ შემოსავალს მიიღებს. „ჩვენი მთავარი ბაზარი მომავალ წლებში საქართველო გახდება. მოდერნიზაციის პროგრამით, 2015 წელს ვვარაუდობ, რომ 7-8 მილიონი ტურისტი გვეყოლება. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ქვეყნის სტუმრებზე, დაახლოებით, 10 მილიონი ბოთლი უნდა ვიანგარიშოთ. ამას ადგილობრივთა მოთხოვნაც დაემატება, რომელიც იმ დროისათვის 8 მილიონამდე ბოთლი იქნება (დღესდღეობით შიდა მოხმარება 6 მილონ ბოთლს შეადგენს) და, დაახლოებით, 20 მილიონამდე ავალთ, რაც ჩვენი წარმოების დაახლოებით 40 პროცენტია. ეს კი სერიოზული გარღვევაა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.