აქტუალური
ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან თანამშრომლობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს

filip_leforთბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხში ფილიპ ლეფორტი ახალი თანამდებობის რანგში პირველი ოფიციალური ტურნეს ფარგლებში აზერბაიჯანში იმყოფება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან თანამშრომლობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ევროკავშირი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით მუშაობის გაგრძელებას აპირებს.

„სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მე გადავწყვიტე, ამ სამი ქვეყნის დედაქალაქებს ვეწვიო“, – განაცხადა ლეფორტმა.

აზერბაიჯანული პრესის ინფორმაციით, ლეფორტი ბაქოს შემდეგ თბილისსა და ერევანსაც ეწვევა, სადაც, ასევე, უმაღლესი რანგის შეხვედრებს გამართავს.

როგორც ცნობილია, ლეფორტმა 26 აგვისტოს ზემოხსენებულ თანამდებობაზე პიტერ სემნები შეცვალა.

ფილიპ ლეფორტი, რომელსაც დიპლომატიურ სამსახურში 20-წლიანი გამოცდილება აქვს, 2004-2007 წლებში საფრანგეთის ელჩი იყო საქართველოში, ხოლო 2007-2010 წლებში რუსეთში საფრანგეთის ელჩის მოადგილედ მსახურობდა. 2010 წლიდან იგი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის გენერალურ დირექტორატს ხელმძღვანელობდა.

ევროკავშირის განცხადებით, ლეფორტის მანდატი მოიცავს კონტაქტების განვითარებას რეგიონის მთავრობებთან, პარლამენტებთან, სხვა ძირითად პოლიტიკურ სტრუქტურებთან, სასამართლო სისტემასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან; ასევე, რეგიონის ქვეყნების ხელშეწყობას, რომ ითანამშრომლონ საერთო ინტერესის მქონე რეგიონულ საკითხებზე, როგორიცაა საერთო საფრთხეები, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, უკანონო ვაჭრობა და ორგანიზებული დანაშაული; ასევე, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად.