აქტუალური
ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანი

evraziis_koridoriთბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზები შავი და კასპიის ზღვების დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალით ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანს ქმნის, რომელიც უმოკლესი გზით ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს.

საქართევლოს რკინიგზის ინფორმაციით, რკინიგზა ახორციელებს სტრატეგიულ პროექტს „სწრაფი რკინიგზა“, რაც გულისხმობს საქართველოს რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალის სრულ მოდერნიზაციას და რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ახალი სწორი მაგისტრალის მშენებლობას.

ამასთან, აზერბაიჯანის რკინიგზამ სახელმწიფო განვითარების გეგმის ფარგლებში დაიწყო რკინიგზის მოდერნიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც გულისხმობს ინფრასტრუქტურის სრულ მოდერნიზაციას. აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დაწყებულია. გარდა ამისა, დაგეგმილია მოძრავი შემადგენლობის განახლება და სავაგონო პარკის გაზრდა 50 ახალი ცვლადი დენის ტიპის ელმავლითა და 4 000 ახალი ვაგონით. „საქართველოს რკინიგზის პროექტი „სწრაფი რკინიგზა“, ისევე, როგორც აზერბაიჯანის რკინიგზის მოდერნიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა, მნიშვნელოვანია ორივე რკინიგზისთვის, როგორც უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ქვეყნებისთვის. ეს პროექტები ხელს შეუწყობს მზარდი ტვირთნაკადის უფრო ეფექტიანად მომსახურებას და დამატებითი ტვირთების მოზიდვას დერეფანში, რაც კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის მას მსოფლიო ბაზარზე“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.