შესანიშნავია, რომ თბილისის მერი თბილისელებს მიიღებს. არსად და არასდროს მსოფლიოში, საბჭოთა კავშირის გარდა, რიგით მოქალაქეს არ შეეძლო ხელისუფლების პირველ პირებთან მიღებაზე მისვლა. ვინც ყველაფერ საბჭოურზე მიჩვეულია ენის მოჩლექით ლაპარაკს, მაგალითად - პაპუაშვილი, ალბათ, არ იციან, რომ საბჭოთა კავშირში, მათ შორის - საბჭოთა საქართველოში, რაიკომის პირველი მდივნითა და აღმასკომის თავმჯომარით დაწყებული, ცკ-ის პირველ მდივნამდე, ყველას მიღების დღეები ჰქონდა და ეს რეალურად მუშაობდა.
მაგრამ კვირაში ერთი დღე და ისიც - ორი საათი, აშკარად არ იქნება საკმარისი ყველა გაჭირვებული თბილისელის მოსასმენად, როგორც არ იმუშავა 2017 წელს კალაძის მობილურის ნომრის ტელევიზორით გასაჯაროება. ამიტომ მოსაფიქრებელია კომუნიკაციის სხვა ფორმები, რადგანაც მერიის ცხელ ხაზს 722222 სხვა დატვირთვა აქვს და ამ ამოცანას ვერ უმკლავდება. მაგალითად, შევთავაზებდი ტელე-ონლაინ ფორმატს „პირდაპირი ხაზი თბილისის მერთან“, სადაც სტუდიაში მჯდომ მერთან ნებისმიერი თბილისელი შეძლებს დარეკვას და პასუხის მიღებას, ან მისი პრობლემა დაფიქსირდება და გადაეცემა მერიის შესაბამის სამსახურს.
მაგრამ მე ახლა შევეხები თბილისის ყველაზე მტკივნეულ საერთო პრობლემას, რომელიც მილიონ ორას სამოცდაათ ათასიან ქალაქს და მის მილიონობით სტუმარს აწუხებს.
თავიდანვე გეტყვით, რომ ხმა კახი კალაძეს მივეცი, იმიტომ, რომ ამჯერადაც კონკურენტი არ ჰყოლია. და კიდევ იმიტომ, რომ არ დამვიწყებია მისი წარმატებული მოღვაწეობა ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე. იმიტომ, რომ კარგი მეოჯახეა, ფიზიკურად ძლიერი და ახალგაზრდებს მოსწონთ. კახი კალაძე უფრო მეტია, ვიდრე საქართველოს თუნდაც ყველაზე დიდი ქალაქის მერი. დიახ, თბილისი - დედაქალაქიცაა და ამავე დროს - საქართველოს შეუფასებელ საუნჯეც, ქართული კულტურისა და ისტორიის გვირგვინი. ამიტომ თბილისის მერი არის ამ სიმდიდრის მცველიც და პოლიტიკოსიც, რომელსაც საქართველოს თანამედროვე პოლიტიკაში თავისი წვლილი შეაქვს.
კალაძემ დაგვიმტკიცა, რომ არა მარტო ფეხბურთშია ჩემპიონი - მას შეუძლია დიდი პრობლემების გადაწყვეტა და ამის მაგალითია ქალაქის ახალი სატრანსპორტო სისტემა (რომელიც ჯერ დასახვეწია). ამიტომ მჯერა, რომ პრობლემებს, რომლებზეც ახლა ვისაუბრებ, გაუმკლავდება და ამაში ჩვენ ყველა - სიტყვით, საქმითა თუ გაგებით - დავეხმარებით. ვიმეორებ - კალაძე პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც დიპლომატიის ნიჭიც გააჩნია, ამიტომ მას ძალუძს ურთულესი პრობლემების გადაჭრა, რაც ორად გახლეჩილი ერის, ახალგაზრდობის გაერთიანებას შეუწყობს ხელს.
ჩვენ, ქართველებს, დღეს ხომ სულ ორი გზა დაგვრჩენია - დიდგორისა ან ბაზალეთის, ანუ გამარჯვების გზა, ან ძმათამკვლელი დაპირისპირების გზა. ჭაბუას „ჭკუით, ქართველებო!“ ისევ აქტუალურია - ერი უნდა მიხვდეს, თუ რა საფრთხე ემუქრება საქართველოს, როცა ქართველი ხალხი ერთიანი არ არის. ხოლო „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილება სავსებით სამართლიანი და გამოსწორებადია - თვითონ არ არიან საკუთარი თავით კმაყოფილნი და ეს ძალიან კარგია.
ახლა უშუალოდ თბილისის პრობლემებზე გადავალ, სადაც, ევროკავშირის მოთხოვნითა და სააკაშვილის ბრძანებით, რეგისტრაცია 2- წელზე მეტი გაუქმებულია. საქმე ის გახლავთ, რომ ქართველი კაცი მიწას მოწყდა, ასფალტზე კიდევ, როგორც ცნობილია, ვერაფერს დარგავ. მაშ, რატომ ვუწყობთ ხელს სოფლის მკვიდრს, რომ თავისი მამა-პაპის სახლ-კარი გაყიდოს, ვაზი გაჩეხოს და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდეს - ტაქსის მძღოლებად, წვრილ მოვაჭრეებად, დამლაგებლებად და დაბალ კვალიფიციურ მუშებად?! იქნებ, ასე ხელმისაწვდომი რომ არ ყოფილიყო ბინები ახალაშენებულ მრავალსართულიან კორპუსებში, ასჯერ დაფიქრებულიყვნენ, სანამ მამულს ქალაქში ცხოვრებაზე გაცვლიდნენ, სადაც პრობლემები არანაკლებია, ვიდრე სოფელში? უცხოელებმა კიდევ, ვინც საქართველოში დროებით და მუდმივად საცხოვრებლად ჩამოვიდა, ბინები უკვე შეიძინეს, ზოგმა - ორიც და სამიც და ახლა აქირავებენ და ქირის ფულით შესანიშნავად ცხოვრობენ!
და ამ დროს დედაქალაქის ინფრასტრუქტურა არ ფართოვდება, გზები და კომუნიკაციები გაზრდილ მოსახლეობას უკვე ვერ უმკლავდებიან, ცენტრშიც და გარეუბნებში პრაქტიკულად მეორე - ახალი თბილისია აშენებული, რომელიც რუსთავსა და მცხეთას მალე შეუერთდება. ხოლო ძველი თბილისი, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და სადაც ძირძველი თბილისელები ცხოვრობენ, ინგრევა, ამიტომ სასწრაფოდ მისახედია. კი, ძველი თაობა მიდის და ახალგაზრდებს არ სურთ ძველ სახლებში ცხოვრება, ამიტომ სიამოვნებით გადადიან ახალ კორპუსებში. რა შენდება მათი მშობლების დანგრეული კოლორიტული სახლების ადგილას? დამეთანხმეთ, ულამაზესი რესტავრირებული სახლი, რომელიც კალაძემ ჩუღურეთელბს არჩევნებამდე დააბრუნა, გამონაკლისი შემთხვევაა, რომელიც საყოველთაო პრაქტიკად უნდა იქცეს.
და ბოლოს - პრობლემაზე, რომელიც მერი კალაძის და მთლიანად „ქართული ოცნების“ მთავარი მტერია. არა, ეს ის ოცი ცანცარა გოგო-ბიჭი არ გეგონოთ, ყოველ საღამოს რუსთაველს რომ კეტავენ, არც რადიკალური ოპოზიცია, არც ევროპული ბიუროკრატია და არც „დიპ სტეიტი“. ეს ავტოსაცობებია, რომლებიც ყოველდღე მილიონი თბილისელის, მძღოლის და მგზავრის, ჯანმრთელობას, ფსიქიკას ანგრევენ, სხვა არაფერზე რომ არ ვილაპარაკოთ.
„ბასლაინების“, ველობილიკებისა და გაფართოებული ტროტუარების გამო თბილისში სატრანსპორტო კოლაფსია და აქ გამოსავალი ერთია - შევიწროებული გზების გაფართოება. რის ხარჯზე? ამის რესურსი ჯერ კიდევ არსებობს. მაგალითად, უჩების რეკონსტრუქციის დროს ორ და მეტჯერ გაფართოებული თითქმის ცარიელი ტროტუარებისა და ცარიელი ველობილიკების ხარჯზე, სადაც „გლოვოსა“ და „ვოლტის“ მოტოციკლისტები დაქრიან და დიდ საფრთხეს უქმნიან - როგორც გამვლელებს, ისე ავტომობილებს.
ველოსიპედით თბილისში არავინ დადის - გამონაბოლქვისა და მოძრაობის დიდი ინტესივობის გამო ეს ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მაგალითად, ორივე სანაპიროს ტროტუარზე რამდენიმე მოვარჯიშე ადამიანს თუ ნახავთ, ტროტუარი კი იმდენად ფართეა, რომ საცობების დროს იქ ჯიპებით დადიან. ტროტუარებს ხეები ემატება, რომელთა ნახევარი ხანდაზმულია. აი თქვენ ერთი სრულფასოვანი საგზაო ხაზი ორივე სანაპიროზე (რომლის მოაჯირი, სხვათა შორის, მტკვარის მხარეს არის დახრილი).
კიდევ ერთი რესურსი - ფართე ზონები, რომლებიც ცენტრალურ გზას ორად ყოფს. მაგალითად, აღმაშენებლის ხეივანზე, სადაც საშინელი საცობებია, ამ დროს შუაგზაზე მართლაც რომ უზარმაზარი ხეივანია, სადაც არავინ სეირნობს (იქამდე უბრალოდ ვერ მიაღწევ). აი თქვენ ორი ან სამი დამატებითი სრულფასოვანი საავტომობილო ხაზი!
რა თქმა უნდა, სადაც შესაძლებელია, ესტაკადები და ორსართულიანი გზებია ასაშენებელი - მოვიწვიოთ სპეციალისტები ჩინეთიდან, საამიროებიდან - აგვიშენონ. და ორსართულიანი პარკინგებიც, ან მიწისქვეშა, ფასიანმა პარკინგმა არ გაამართლა. ადგილები მაინც არაა, სამაგიეროდ, ავტობუსის მძღოლებზე უარესად გათავხედებული მობილურებით ჩასაფრებული პარკინგ- ინსპექტორები მოსახლეობას „ოცნების“ წინააღმდეგ ყოველდღე განაწყობენ. და თუ, ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, ავტობუსის გაჩერებები ტროტუარზე დააბრუნდება, კალაძე ისტორიაში როგორც თბილისის საუკეთესო მერი შევა!
წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი, როგორც ჯაბა იტყოდა, "ტრამვაის გაჰყვება"...
არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმი“-ს გენდირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2025 წლის 4 ნოემბერი
საქართველო, თბილისი