საზოგადოება
თბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოსა და ევროპის ექვს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობებთან დღეიდან 4 დღის განმავლობაში აქციები გაიმართება, რომელთა ორგანიზატორები არიან „ქართული დასისა“ და „თეთრების“ ახალგაზრდული ორგანიზაციები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები „ივერიელი“ და „ქართველი ემიგრანტები“.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტების“ თავმჯდომარე ზვიად ყუშიტაშვილის განცხადებით, აქციები დღეს ერთდროულად გაიმართება კრწანისში, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, ასევე, ევროპის ექვს ქვეყანაში: თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, პოლონეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში არსებულ საელჩოებსა და საკონსულოებთან.აქცია კრწანისში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან 6 სექტემბერსაც ჩატარდება, 7 სექტემბერს – საქართველოს პარლამენტთან, ხოლო 8 სექტემბერს – გაეროს სახლთან.
„თეთრების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელ გიორგი ფარესიშვილის ინფორმაციით კი, აქციები თბილისში 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნება და ამასთან დაკავშირებით გადაღებული დოკუმტური ფილმის ჩვენებაც მოეწყობა.
„აქციების მიზანია, შევახსენოთ ევროპას, თუ რა მოხდა 26 მაისს თბილისში და რომ საქართველოში ავტორიტარული რეჟიმია. მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით ახალგაზრდებისა და განსხვავებული აზრის მქონეთა დევნა“, – აცხადებენ ორგანიზატორები.