თბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. „WikiLeaks“-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ კონფიდენციალურ დიპლომატიურ ტელეგრამაში, რომელიც თბილისში აშშ-ის საელჩოდან 2010 წლის თებერვალში გაიგზავნა, შეიცავს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მაისის ადგილობრივი არჩევნების დროს ქრისტიან-დემოკრატების თბილისის მერობის კანდიდატს გიორგი ჭანტურიას „არანაირი რეალური ინტერესი“ არ გააჩნდა, ეყარა კენჭი, მაგრამ ამ ნაბიჯისკენ ის საქართველოს მთავრობამ „წაახალისა“ და სანაცვლოდ მისი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებაში დახმარებას დაჰპირდა.
ჭანტურია, რომელიც ერთ დროს შევარდნაძის ადმინისტრაციაში საკმაოდ გავლენიანი ფიგურა იყო, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას 2004 წლის სექტემბრამდე ცხრა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და რამდენიმე წელიწადს ბაქოში მუშაობდა აზეირბაიჯანის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიაში მრჩევლად.იგი ქართულ პოლიტიკურ არენაზე 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების წინ ქრისტიან-დემოკრატების მერობის კანდიდატის რანგში დაბრუნდა, რამაც პრესაში და სხვა ოპოზიციურ ძალებში წარმოშვა ვარაუდები, რომ ეს ნაბიჯი შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან, რათა მომხდარიყო ოპოზიციური ხმების დანაწევრება მმართველი პარტიის კანდიდატისა და თბილისის მერ გიგი უგულავას სასარგებლოდ.
ჭანტურია, რომელმაც თბილისელ ამომრჩეველთა 10.7 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო, არჩევნების შემდეგ მალევე გაუჩინარდა ქართული პოლიტიკური სივრციდან.
2010 წლის 22 თებერვლით დათარიღებულ ტელეგრამაში აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი არჩევნებამდე სამი თვით ადრე საარჩევნო კამპანიას მიმოიხილავს.
„საელჩოს საკონტაქტო პირთან საუბარში ჭანტურიამ აღიარა, რომ მას არ აქვს რეალური ინტერესი, მერად იყაროს კენჭი, მაგრამ ამისკენ ის საქართველოს მთავრობამ წაახალისა. ჭანტურიას, არსებული ცნობებით, უთხრეს, რომ კენჭისყრის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა მხარს დაუჭერდა იმ ენერგოპროექტს, რომლის განხორციელებაც მას შავ ზღვაზე სურს და რაც გულისხმობს თხევადი და კომპრესირებული ბუნებრივი გაზის გადამუშავებასა და ტრანზიტს“, – ნათქვამია ტელეგრამაში.
იმავე დიპლომატიური გზავნილის თანახმად, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა აშშ-ის საელჩოს დიპლომატს, რომ მის პარტიას „პრაქტიკულად არ აქვს თბილისის მერის არჩევნების მოგების შანსი“ და რომ ქრისტიან-დემოკრატები გათვლას ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ საკრებულოებში კანდიდატების გაყვანაზე აკეთებდნენ.
ტელეგრამაში ნათქვამია, რომ ჭანტურიას დასახელებით, თარგამაძე გზას უხსნის მის წინააღმდეგ ისეთ ბრალდებებს, რომ ის „მთავრობის კაცია“, თუმცა, ამის მიუხედავად, ქრისტიან-დემოკრატებს „აშკარად მიაჩნიათ, რომ ჭანტურიას არჩევნებში მონაწილეობის სარგებელი რისკად ღირს“.
„ჭანტურია [კანდიდატურა], როგორც ჩანს, შეზღუდული არჩევანის პირობებში [ქრისტიან-დემოკრატებისთვის] საუკეთესო ვარიანტია; ეს კანდიდატი, რომელიც საკუთარ კამპანიას თავად დააფინანსებს, ქრისტიან-დემოკრატებს დაეხმარება, შეინარჩუნოს აქტუალობა თბილისში და, ამავე დროს [ჭანტურიას], მარცხი არჩევნებში არც თარგამაძეს პირადად და არც ქრისტიან-დემოკრატების ბრენდს არ დააზარალებს. ჭანტურიას მხარდაჭერით, ქრისტიან-დემოკრატებს შესაძლებლობა ექნებათ, აქცენტი ქვედა დონის [საკრებულოების] არჩევნებზე გააკეთონ; შეინარჩუნონ (დაახლოებით 10%-იანი) მხარდაჭერა თბილისში; და თავიანთ ორგანიზაციას კარგი საარჩევნო გამოცდილება შესძინონ“, – ნათქვამია ტელეგრამაში.
იმავე ტელეგრამაში განხილული საარჩევნო კამპანიის სხვა ეპიზოდში, აშშ-ის ელჩი აღნიშნავს, რომ მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მერობის კანდიდატის „გულმოდგინე, მიზანმიმართული ძალისხმევა“, როგორც ჩანს, საარჩევნო დივიდენდების მომტანი იქნება, არასაპარლამენტო ოპოზიციამ კი, დიდი შანსია, მარცხად გადააქციოს ის, რაც მისთვის მყარი საარჩევნო შესაძლებლობა უნდა ყოფილიყო.
თბილისის მერობა გიგი უგულავამ არჩევნებზე 55-პროცენტიანი მხარდაჭერით შეინარჩუნა; ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ხმათა 19 პროცენტი მიიღო.
არჩევნებამდე სამი თვით ადრე შედგენილ ტელეგრამაში, ასევე, აღნიშნულია, რომ უგულავასგან განსხვავებით, რომელიც აქტიურ კამპანიას ეწეოდა, ალასანია „თავისი დროის დიდ ნაწილს საქართველოს ფარგლებს გარეთ“ ატარებდა და როცა თბილისში იყო, არ მართავდა აქტიურ კამპანიას და იშვიათად აწყობდა ამომრჩევლებთან შეხვედრებს.
მაშინ ალასანია და მისი გუნდი უშედეგოდ ცდილობდა მისი კანდიდატურისთვის ფართო ოპოზიციური მხარდაჭერის მოპოვებას, მათ შორის, ლევან გაჩეჩილაძისგან.
„საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერთან კერძო საუბრებში ალასანიას გუნდის წევრები მრავალგზის იმეორებდნენ, რომ გაჩეჩილაძე მათ არწმუნებდა, რომ ის ალასანიას უჭერს მხარს, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ მხოლოდ „გადამწყვეტ მომენტში“ გამოაცხადებს. მიუხედავად ამისა, ალასანიას გარემოცვის წარმომადგენლები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ გაჩეჩილაძის ამ დაპირებას და აღნიშნავენ, რომ მისი „ყიდვა“ ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი და ალიანსს, უბრალოდ, არ გააჩნია არც თანხები და არც სურვილი, რომ დააკმაყოფილოს ის, სავარაუდოდ, მაღალი ფასი, რაც მოთხოვნილი იქნება“, – ნათქვამია ტელეგრამაში.