პუბლიკაციები
საიდან მომდინარეობს ქართულ-აზერბაიჯანულ-თურქული კონფედერაციის ინიციატივა?

 სააკაშვილის განცხადებას აზერბაიჯანთან კონფედერაციის შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა კუთხით შეიძლება შევხედოთ, საკმაოდ ბევრი ერთმანეთისაგან განსხვავებული ვარაუდის გამოთქმა შეიძლება.

შევეცდები, თავი მოვუყარო მთავარ ასპექტებს.

პირველი, რაც თვალში მოსახვედრია, ეს არის აზერბაიჯანული და თურქული ოფიციალური სტრუქტურების დუმილი სააკაშვილის ინიციატივებთან დაკავშირებით.

აქ ორი ვარიანტია: სააკაშვილმა აღარ იცის, რას ლაპარაკობს და სიტყვებს დაუფიქრებლად ისვრის ჰაერზე ან მისი ეს განცხადება შეთანხმებულია როგორც ანკარასთან, ისე ბაქოსთან და მათი დუმილიც წინასწარ გათვლილი ტაქტიკური ნაბიჯია. ამ მეორე შემთხვევაში სააკაშვილს დაეკისრა იდეის გამხმოვანებლის როლი, რათა როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით მოსინჯულ იქნას ნიადაგი – როგორი იქნება ქართული საზოგადოებრიობისა და რეგიონში მოქმედი სხვა სახელმწიფოების რეაქცია. მეც ვვარაუდობ, რომ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული აზრი ქართულ-აზერბაიჯანული კონფედერაციის აუცილებლობის შესახებ (რომელსაც მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ზოგიერთმა პარლამენტარმა თურქეთიც “დაუმატა”) არ იყო მთლად შემთხვევითი, ეს არ ყოფილა აზერბაიჯანთან საქართველოს მეგობრობის აღმნიშვნელი მეტაფორა, როგორც ეს ივარაუდა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა წამყვანმა პირმა, რომელიც, როგორც ჩანს, საქმის ვითარებას არ გააცნეს ან სიტუაციის “დაბალანსებისთვის” დაავალეს, რომ სააკაშვილის ნათქვამი ამგვარად “შეეფუთა”. რაც არ უნდა გიჟი იყოს სააკაშვილი, ამგვარ ინიციატივებს არც ის წამოაყენებს ტყუილუბრალოდ. მე მგონი, საკამათო არ არის, რომ დღევანდელი ხელისუფლება მხოლოდ რუსეთისგან “დამოუკიდებლობას” ჩემულობს, თორემ სხვა მხრივ მზად არის, ქვეყნის ფორმალური სუვერენიტეტიც-კი გაანადგუროს. რეალურად საქართველო დღეს აშშ-ის სატელიტია, ჩვენ ვიჩემებთ ამერიკასთან “სტრატეგიულ პარტნიორობას”, მაგრამ როგორც სხვა პუბლიკაციებში აღვნიშნეთ, ეს უფრო “სტრატეგიული პატრონ-ყმობაა”, ვიდრე პარტნიორობა, ვინაიდან პარტნიორები თანასწორუფლებიანი სუბიექტები არიან, ხოლო ამერიკა და საქართველო არ არიან თანასწორნი, ამერიკა საქართველოს საშინაო საქმეებში მუდმივად ერევა და მეტიც, ის წარმართავს პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში. ამის დამადასტურებელ უხვ მაგალითებს აღარ მოვიყვან, ეს შორს წაგვიყვანს, მით უმეტეს, რომ სხვა დროს ასეთი მაგალითები ხშირად დამისახელებია. ამერიკის როლი ახლა იმიტომ ვახსენე, რომ ვიცოდეთ – ამერიკელებთან შეთანხმების გარეშე სააკაშვილი ბევრად უფრო უმნიშვნელო ნაბიჯებს ვერ გადადგამს, არათუ აზერბაიჯანთან და თურქეთთან კონფედერაციას მოინდომებს. შესაბამისად, ამ პროცესების უკან აშშ უნდა მოვიაზროთ. შესაძლოა, ანკარაში და ბაქოში ჯერ მართლაც არ უწყოდნენ იმის შესახებ, რაც სააკაშვილმა გააჟღერა და ეს მხოლოდ ვაშინგტონიდან მოდიოდა, შესაძლოა ასევე, რომ ისინიც ინფორმირებულნი იყვნენ. . . მაგრამ ასეა თუ ისე, იდეა გაჟღერდა და საგარეო საქმეთა სამინისტროც, როგორც თავად განაცხადა, “კონფედერაციის შექმნასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე” მუშაობს.

რაც შეეხება დადებით და უარყოფით მხარეებს. საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, პირადად მე, და მე მგონი, ქართველთა დიდი უმრავლესობა, დადებითს ვერაფერს დაინახავს. ამას პოლიტოლოგობა არ სჭირდება, ელემენტარული არითმეტიკაა – თურქეთს 70 მილიონზე მეტი მოსახლე ჰყავს, აზერბაიჯანი მალე 9-მილიონიანი რესპუბლიკა გახდება, საქართველო კი 3 მილიონს ოდნავ აჭარბებს. ლაპარაკია თურქულ სამყაროზე, რომელიც რელიგიურად, მენტალურად, კულტურულად და ასე შემდეგ მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენგან და რომელთან ურთიერთობაშიც საკუთარი სუვერენიტეტის მნიშვნელოვან შეზღუდვას გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება. მართალია, კონფედერაცია თანასწორუფლებიანი სუბიექტების მიერ იქმნება, მაგრამ ერთია დოკუმენტებზე აპელირება, მეორეა – რეალური ცხოვრება. საქართველომ რომ “თავი შეჰყოს” თურქულ სამყაროში, მას მალე ისეთივე ბედი მოელის, როგორიც ყოფილ ტაო-კლარჯეთს ხვდა წილად. არავითარი ძალადობა – ყველაფერი თავისით შეიცვლება და ძალიან მალე.

 

 

არაობიექტურობა რომ არ დამწამონ, ვაცხადებ, რომ მესმის – იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთთან კონფრონტაციის რეჟიმში ვცხოვრობთ, მაშინ, როცა რუსეთი სამხედრო ბაზებს აწყობს აფხაზეთში, ცხინვალსა და სომხეთში, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ამ პოლიტიკას გარკვეული გადამჭრელი ნაბიჯებით უნდა შეეგებოს და წინ აღუდგეს. თურქეთთან და აზერბაიჯანთან კონფედერაციაც ამ მხრივ განსახილველი ინიციატივაა. მაგრამ მეორეს მხრივ, ვინ აძალებდა დღევანდელ ხელისუფლებას, რუსეთთან რომ თვიდან თვემდე შეგნებულად და უპასუხისმგებლოდ ამწვავებდა ვითარებას? ამერიკელები ხომ არა? ამ კითხვას ასე უპასუხოდ, “რიტორიკულად” დავტოვებ… არ ყოფილიყო რუსეთთან ასეთი გამწვავებული ურთიერთობა, რუსეთის ჯიბრზე გათურქების იდეაზე “ჩამოკონწიალება” არ დაგვჭირდებოდა. ხელისუფლებასთან დაახლოებული “ლიბერალების” ჯგუფი თავიანთ ჟურნალებში განგაშს ტეხდნენ – საქართველოში არიან ძალები, რომელთაც სურთ, საქართველო რუსეთთან გაერთიანდეს კონფედერაციაში და ამ გზით მოხდეს გაერთიანება აფხაზებთან და ოსებთანო. მე ამ, მაპატიეთ, მაგრამ ავადმყოფური ანტირუსული აზროვნების პატრონებს ასევე რიტორიკულად შევეკითხები: ნორმალურ ქართველს აფხაზეთიან-სამაჩაბლოიანად რუსეთთან კონფედერაცია უნდა ერჩივნოს, რაც გარუსებას არ ნიშნავს (რუსეთის იმპერიაში და სსრ კავშირში არ გავრუსებულვართ) თუ უაფხაზეთოდ და უსამაჩაბლოოდ თურქეთთან კონფედერაცია და ტაო-კლარჯეთის ბედის გაზიარება?

თურქულ-აზერბაიჯანულ-ქართული კონფედერაციის შექმნა რუსეთის ინტერესში ა პრიორი ვერ იქნება. ამ შემთხვევაში საბოლოოდ გაფორმდება რუსეთის მიერ სამხრეთი კავკასიის დაკარგვა. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთის კონტროლს ქვეშ ყოფნა სტრატეგიულ “ამინდს” სამხრეთ კავკასიაში ვეღარ შეცვლის. პირიქით, ჩრდილოკავკასიური პრობლემებიც უფრო გამძაფრდება. სომხეთი იქ არსებული რუსული სამხედრო ბაზის მიუხედავად უმნიშვნელო ანკლავად იქცევა. სწორედ ამიტომ ვვარაუდობ ამერიკულ რეჟისურას ამ იდეის წინ წამოწევასთან დაკავშირებით. რუსეთი და თურქეთი, რომლებიც დღეს მრავალ საკითხში ახლო პარტნიორები არიან, ფაქტობრივად ერთმანეთთან დაპირისპირებულნი აღმოჩნდებიან, ასევე რუსეთი და აზერბაიჯანი. მე მიჭირს იმის თქმა, თურქეთის და აზერბაიჯანის ხელისუფალნი როგორ უყურებენ რეალურად ამ საკითხს. უღირთ მათ თუ არა რუსეთთან ურთიერთობების სერიოზული გაცივების ხარჯზე ასეთი კონფედერაციის შექმნა. რა თქმა უნდა, კონფედერაცია აერთებს თურქეთს აზერბაიჯანთან, თურქული სამყარო “ყლაპავს” საქართველოს, “ოფსაიდში” ტოვებს სომხეთს და კასპიის ზღვაზე დაუბრკოლებლად უერთდება ერთმანეთს მისი ახლო-აღმოსავლური და შუა-აზიური ნაწილები. ეს კი ერთგვარი გეოპოლიტიკური რევოლუციაა, რომელიც არც რუსეთს და არც ირანს აძლევს ხელს, სამაგიეროდ აშშ, რომელსაც სხვადასხვა ფაქტორის გამო ბოლო დროს ურთიერთობები აშკარად დაეძაბა თურქეთთან, ამ უკანასკნელის რეგიონალურ ამბიციებს აკმაყოფილებს და მას საკუთარ ფარვატერში აბრუნებს. ვვარაუდობ, რომ თურქები და აზერბაიჯანლები არ შეეცდებიან კონფედერაციის იდეის ფორსირებას და ფრთხილ, მომლოდინე პოზიციას დაიკავებენ და მხოლოდ რუსეთის დასუსტების შემთხვევაში გააქტიურდებიან ამ მიმართულებით, მანამდე კი ამერიკელების “თოჯინა” სააკაშვილს აყვირებენ. ამერიკელებიც ასევე ჩრდილში დარჩებიან და ისევ და ისევ სააკაშვილს აამღვრევინებენ სიტუაციას (აი რატომ სჭირდებათ მათ უპასუხისმგებლო გიჟის ტიპაჟი საქართველოში).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მკითხველს ვთხოვ, ყურადღება მიაქციოს შემდეგ გარემოებას: ქართველი ხალხის, ჩვენი წმიდა მართლმადიდებლობის ინტერესები სტრატეგიულად თანხვედრაშია რუსეთის და ასევე ირანის ინტერესებთან რეგიონში, ჩვენი გადაქცევა თურქული კონფედერაციის ნაწილად და ამ გზით ქართველების გათურქება სწორედ ამ ორ რეგიონულ ძალას არ აწყობს. რუსეთი და ირანი ჩვენი პოტენციური მოკავშირეებია. ის პრობლემა, რაც დღეს რუსეთთან გვაქვს, სასაცილოდ ჩანს იმასთან შედარებით, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება უპირებს ჩვენს ქვეყანას აშშ-ის დახმარებით! ეს კარგად უნდა გავიგოთ.

 

გულბაათ რცხილაძე