კახეთი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც ჩანს, საქართველოში „ქამრების შემოჭერის“ ცნობილ კამპანიას ყველა ჩინოვნიკი „არ ემორჩილება“. მაგალითად, პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილი ყოველწლიურად ხელფასის სახით ჯამში 35 ათას 400 ლარს იღებს, ამავე რაოდენობით – პრემიას.
პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ყოველთვიური გასამრჯელო 2 950 ლარია, პრემიის სახით იგი ამავე რაოდენობის თანხას იღებს. ჯამში გიორგი ღვინიაშვილის ანაზღაურება 5 900 ლარია, ანუ სახელმწიფოს წელიწადში რწმუნებულის შენახვა 70800 ლარი უჯდება.კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი ყოველწლიურად ხელფასის სახით 28 320 ლარს იღებს, ხოლო მისი პრემია სულ რაღაც 4 664, 48 ლარია.
გუბერნატორის მეორე მოადგილე ალექსანდრე კახიძის ხელფასი ერთი წლის განმავლობაში 27 ათასი ლარია, ხოლო პრემია – 4 428. ამავე რაოდენობის ხელფასსა და პრემიას იღებს გუბერნატორის კიდევ ერთი მოადგილე პეტრე კიკნაძეც.
გარდა ამისა, კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი სარგებლობს ავტომანქანა „Toyota land Cruise prado lc-150“-ით (სახელმწიფო ნომრით ZDO 007), რომელიც გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება. საქართველოს საავტომობილო ბაზარზე ის საშუალოდ 24 ათასი დოლარი ღირს.
მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ავტომობილის საწვავისთვის სულ 15 350 ლარი გაიხარჯა, ხოლო ავტომობილის რემონტისთვის – 3 400.
შეგახსნებთ, რომ გიორგი ღვინიაშვილი კახეთის გუბერნატორად 2008 წლის 5 სექტემბერს დაინიშნა.