საზოგადოება
სოციალურად დაუცველ მოსწავლეთათვის წიგნების დისტრიბუციის პროცესი დაიწყო

wignebiთბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის საქართველოს მასშტაბით სახელმძღვანელოების დისტრიბუციის პროცესი დაიწყო. საქართველოს ფოსტის საშუალებით სახელმძღვანელოები პირველად აჭარის რეგიონში გაიგზავნა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლე, რომლებიც 2011 წლის 15 სექტემბერს სკოლაში გამოცხადდებიან, სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ. ამ მიზნით სახელმწიფომ 8 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც 800 000 სასკოლო სახელმძღვანელო იქნა შეძენილი.

პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები, რომელთა ოჯახისთვის მინიჭებული ქულა 70 ათასის ქვემოთაა, ყველა სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებენ. სახელმძღვანელოები გადაეცემათ მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებსაც, რომელთა ოჯახების ქულა 57 ათასის ქვემოთაა.

სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები მომავალ წელს სასკოლო ბიბლიოთეკებში დარჩება და მათი გამოყენება სხვა მოსწავლეებსაც შეეძლებათ. აღნიშნული პროცესით სასკოლო ბიბლიოთეკები ეტაპობრივად შეივსება.

P.S. გასულ სასწავლო წელს ბევრმა სოციალურად დაუცველმა მოსწავლემ ვერ ისარგებლა აღნიშნული შეღავათით, რადგან სამინისტრომ საზაფხულო არდადეგების პერიოდში მოითხოვა სკოლებიდან ინფორმაცია. ბევრ სკოლას ამ დროისთვის მოსწავლეთა ახალი მონაცემები სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ბაზიდან არ ჰქონდა. ნაწილობრივ, თბილისის მერიამ შეძლო ამ მხრივ ხარვეზების აღმოფხვრა და დახმარება. თუმცა თუ წელს კიდევ ბევრი ოჯახი ვერ ისარგებლებს სამინისტროს მიერ გაწეული შეღავათებით, ეს არ ნიშნავს, რომ მათი კეთილდღეობა ამაღლდა – უბრალოდ, სოციალური სააგენტოები ყველაფერს „აღმოაჩენენ“ ბინაში, რომ ოჯახების რეიტინგული ქულა ასცდეს 57 000-ს.