1994 წლის გაზაფხულზე ცხინვალში სამსახურებრივი მივლინებიდან, არ დავმალავ, კარგ გუნებაზე დავბრუნდი. უეცარი ეიფორიის მიზეზად მშვიდობისმყოფელთა გაერთიანებული ძალების მაშინდელ სარდალთან – რუს გენერალ ვალერი კონსტანტინოვთან, ჩემი შეხვედრა იქცა.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის სატელევიზიო პროგრამისთვის – „სიტყვა საქართველოზე“, რომელსაც მაშინ ვხელმძღვანელობდი, გენერლის მიერ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში იგი დაბეჯითებით მარწმუნებდა კონფლიქტურ რეგიონში მომხდარი ცვლილებების პოზიტიურობაში მას შემდეგ, რაც აქ წესრიგის შესანარჩუნებლად მშვიდობისმყოფელთა გაერთიანებული ძალები გამოჩნდა. მისი თქმით, ამას ხელი შეუწყო მშვიდობისმყოფელი ძალების უფრო მჭიდრო კონტაქტებმა კონფლიქტში მყოფი მხარეების ხელმძღვანელებთან, რაც რუსულ-ქართულ-ოსური საკონტროლო-გამშვები პუნქტების შექმნაში, რეგიონში მოთარეშე კრიმინალური დაჯგუფებების გასაუვნებელ ერთობლივ წარმატებულ ოპერაციებსა და მშვიდობისმყოფელთა საერთო წვრთნების ჩატარებაში გამოიხატა.ამ ღონისძიებების ბუნებრივ შედეგად იქცა ქართულ-ოსური ნათესაური კავშირების, შერეული ქორწინებებისა და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რეგიონის მცხოვრებთა შორის სავაჭრო ურთიერთობების სფეროს „გამოცოცხლება“. სიტუაცია იმ დონემდე დასტაბილურდა, რომ დღესასწაულებზე ან სამწუხარო მოვლენებისას ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის მონახულება დაიწყეს მათი საცხოვრებელი ადგილებიდან საკმაოდ მოშორებით მდებარე სოფლებში.
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მკითხველებისათვის, ალბათ, საინტერესო იქნება იმის შეტყობაც, რომ რეგიონში არსებული სიტუაციის დინამიკას პოზიტიურად აფასებდა მშვიდობისმყოფელთა ქართული კონტინგენტის სარდლობაც, რომელთა განკარგულებაშიც ორიოდე კვირის შემდეგ მოვხვდი.
დღევანდელი სამწუხარო რეალიებიდან გამომდინარე, მაშინ გაგონილს მინდა, ჩემი საკუთარი შთაბეჭდილებებიც დავამატო. კარგად მახსოვს, მშვიდობისმყოფელთა ძალების გაერთიანებული პრესცენტრის კორესპონდენტად ჩემი მუშაობის პერიოდში როგორ მოვიდა ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმი, ოსი ქალი და შინ მიმიწვია. მიპატიჟების მიზეზი ჩემთვის ერთობ საპატიო აღმოჩნდა: „იცით, – მითხრა მან, – მოხუც დედაჩემს ძალიან მოსწონს თქვენი რეპორტაჟები და ძალზე მოხარული იქნება თქვენი გაცნობის...“
ამ სიტყვებს ვერასდროს დავივიწყებ... ისინი ჩემი მაშინდელი ძალისხმევისთვის დამსახურებულ ორდენად მიმაჩნია! ვერც იმას დავივიწყებ, როგორ მოვახერხე მაშინ ომის შედეგად გაყრილი ერთი ოჯახური წყვილის – ოსი ქალისა და ქართველი მამაკაცის – ერთიანობის აღდგენა.
რად ღირს თუნდაც ახალგაზრდა მწყემსთან ჩემი მოულოდნელი შეხვედრა ცხინვალის მიდამოებში! მე და ჩემი კოლეგა – საშა იოსელიანი, – დიახ, სწორედ ის, მოგვიანებით, სამწუხაროდ, აფხაზეთში რომ დაიღუპა, მშვიდობისმყოფელთა მორიგი რეიდის შემდეგ ბაზაზე ვბრუნდებოდით. გზაში მანქანა გაგვიფუჭდა და გაჩერებამ მოგვიწია. გზისპირას ხის ჩრდილში მჯდომი მწყემსი დავინახეთ, იქვე მისი ძროხები ბალახობდნენ. ჰოდა, გამოლაპარაკება გადავწყვიტეთ – რას ფიქრობდა მომხდარზე. მწყემსის გულწრფელმა პასუხმა გაგვაოცა: „ვისაც არ უნდა მოხვედროდა ტყვია, მეგონა, მე მიმიზნებდნენ... უკვე იმდენი ნათესავი დავკარგე, ქართველიცა და ოსიც. უაზრობაა ეს ომი, აი რას გეტყვით!“
ზემონათქვამის დასტურად ფრაგმენტის მოყვანა შემიძლია ჩემი მაშინდელი ტელემასალებიდან, რომლებიც, სამწუხაროდ, ფართო აუდიტორიის სამსჯავროზე ვერ მოხვდა. ნახეთ და მოუსმინეთ.
(პატივცემულო მკითხველებო! სანამ ამ პუბლიკაციის კითხვას გააგრძელებდეთ, გთხოვთ, ჩვენი საიტის www.saqinform.ge მთავარ გვერდზე დაბრუნდეთ და ნახოთ ექსკლუზიური ვიდეოფილმი „საქინფორმი“ წარმოგიდგენთ: გენერალ კონსტანტინოვის გეგმა“. ესაა ფრაგმენტები ცხინვალის რეგიონში მშვიდობისმყოფელთა ძალების სარდლის, გენერალ-მაიორ ვალერი კონსტანტინოვის ინტერვიუდან).
ახლა კი გავაგრძელოთ. ცოტა რამ გენერალ ვალერი კონსტანტინოვის შესახებ. სიმართლე გითხრათ, ის ძალიან წესიერ კაცად მეჩვენა. როცა რეგიონში მშვიდობის იძულების ოპერაციის მსვლელობაზე ჩამოვაგდე სიტყვა, მან მაშინვე შემისწორა: „არა, ჩემო კარგო, მშვიდობისთვის იძულების ოპერაცია, ჩვენ შემთხვევაში, არაზუსტი ტერმინია. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ქართველებსა და ოსებს შორის უაზრო ომით ჩატეხილი ხიდი აღვადგინოთ!“ ამის შემდეგ გენერალმა კონსტანტინოვმა, რომელსაც, ეტყობა, ჩემ მიმართ ნდობა გაუჩნდა, რატომღაც, სწორედ მე მთხოვა, საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან შემეხვედრებინა. და ამ შეხვედრის ორგანიზება მოვახდინე.
„დამერწმუნეთ, მე ვიცი, – რუსმა გენერალმა თავისი თხოვნის არგუმენტი მომიყვანა, – თუ როგორ შეიძლება ამ სიტუაციის უპრობლემოდ განმუხტვა სამუდამოდ!“
ამ შეხვედრას ვერ დავესწარი – როგორც მკითხველისთვისაც ნათელია, ჩემი დონე არ იყო და იმიტომ. თუმცა რა იგულისხმებოდა კონფლიქტის დარეგულირების გენერლისეულ გეგმაში, შემიძლია ვივარაუდო. საქმე ისაა, რომ ერთი სტრატეგიული ჩანაფიქრი ჯერ კიდევ პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე გამიზიარა: „წვრილმანებად დახურდავების ნაცვლად, – ამბობდა ის, – გაცილებით მიზანშეწონილი იქნებოდა, სახსრები ცხინვალის იმ ორი დიდი ქარხნის აღდგენასა და ამუშავებას მოხმარებოდა, სადაც ქალაქისა და მისი შემოგარენის თითქმის ყველა მოწიფული მცხოვრები მუშაობდა. ვფიქრობ, ასეთი ნაბიჯი კონფლიქტის დამსრულებელ წერტილად იქცეოდა...“
სამწუხაროდ, ეს არ გაკეთებულა და დღეს ამაზე ლაპარაკი აზრსმოკლებულია – მეტისმეტად შორს წავიდა „მატარებელი“, რომელზეც მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა “ახტომა”...
ასეა თუ ისე, გენერალი პრეზიდენტ შევარდნაძისგან უაღრესად კარგ გუნებაზე გამოვიდა. თუმცა მოკლე ხანში ყველაფერი კიდევ ერთ „რებუსად“ გადაიქცა – სარდალი კონსტანტინოვი შევარდნაძესთან იმ შეხვედრის შემდეგ, რატომღაც, სასწრაფოდ საქართველოდან ძალიან შორს ახალ სამსახურში გაამწესეს.
ამიტომაც იბადება ახლა უსიამოვნო „ბასრი“ კითხვები: „მაინც რატომ მოხდა, რომ სრული შერიგების ნაცვლად, რასთანაც ქართველები და ოსები მაშინ „ნახევარ ნაბიჯში“ იყვნენ, დროთა განმავლობაში ახალი დაუნდობელი ომი მივიღეთ?!
ეს წყეული ომი განსაკუთრებით გულისმომკვლელი იყო, რადგან სიცოცხლეს გამოასალმა ბიჭები, რომლებსაც სამხედრო ჟურნალისტიკაში მუშაობის წლებში დავუახლოვდი და დავუმეგობრდი. ვინ იცის, რა არ გაკეთდა ისე და ვინაა ამაში დამნაშავე?!
ვის არ აძლევდა ხელს მაშინ „გაყინული“ კონფლიქტის დაუყოვნებლივ გადაჭრა და საბოლოო შერიგება? ვისი ბრძანებით გაამწესეს გენერალი კონსტანტინოვი საქართველოდან შორს? ვის შეუძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა – შევარდნაძეს, რფ-ის თავდაცვის სამინისტროს იმჟამინდელ ხელმძღვანელობას თუ გენერალ კონსტანტინოვს, რომელიც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახლა სადღაც პეტერბურგის შორიახლო მსახურობს?
არ ვიცი... ვიცი მხოლოდ ერთი, ყველა კომპეტენტური ჩინოსანისთვის ცნობილი ფაქტი – რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო მშვიდობისმყოფელ ძალებში ყველა დანიშვნას მაშინ აუცილებლად და გამონაკლისის გარეშე ათანხმებდა საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან, ანუ მის მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან, ვისაც განმარტებებისთვის, მისი ხანდაზმული ასაკისა და შერყეული ჯანმრთელობის გათვალისწინებით, დღეს ვეღარ მიმართავ...
ცხადია, გაცილებით მარტივი იქნებოდა ყველაფრის რუსეთისთვის „აკიდება“ – აქაოდა, ყველაფერში დამნაშავე ეგ ასეთი და ისეთიაო! კეთილი, მაგრამ მაშინ მიპასუხეთ: რისთვის სჭირდება რუსეთს, რომელიც ისედაც ზღვიდან ზღვამდეა გადაჭიმული, დამატებით კიდევ ცხინვალი? ნუთუ იქ ოქროსა და ურანის მარაგები აღმოაჩინეს, რომელთა შესახებაც ჩვენთვის, უბრალო მოკვდავებისათვის, არაფერია ცნობილი?! ოჰ, თუმცა ეს ხომ „სტრატეგიული პლაცდარმია“ საქართველოსთან კიდევ ერთი ომის შემთხვევაში!..
საკმარისია, ნუ მაცინებთ, ღვთის გულისათვის… გაცილებით უფრო დამაჯერებლად მეჩვენება ვერსია იმის შესახებ, რომ ეს ჩვენმა ოკეანისგაღმელმა მეგობრებმა გააქეზეს – აქაოდა, მიდი, ბიჭებო, მიაწექით, ჩვენ კი თქვენთან ვართ, ზურგს გაგიმაგრებთ, დარდი ნუ გექნებათო!
თუმცა ვერსია, როგორც ყოველთვის, უამრავი შეიძლება იყოს... ამიტომ ნუ ვიმარჩიელებთ „ყავის ნალექზე“: საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ თავის მკითხველს აღნიშნულ თემაზე დისკუსიის გამართვას სთავაზობს ჩვენს საიტზე www.saqinform.ge ექსპერტთა და ფართო საზოგადოებრიობის თვალსაზრისის გამოქვეყნებით. მხოლოდ ამგვარი საჯარო და არაანგაჟირებული მსჯელობის შედეგად თავს იჩენს აქამდე უცნობი, მრავალრიცხოვანი ფაქტი და შესაძლებელი გახდება არა მარტო ზედაპირული, არამედ სიღრმისეული ჭეშმარიტების აღმოჩენა. სიმართლის დადგენა ხომ (რამდენადაც ღრმად, მრავალრიცხოვანი გრიფების ქვეშ არ უნდა იყოს ის დამალული) ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა მომავალში კვლავაც სისულელე არ ჩავიდინოთ...
საქართველოს ტელევიზიის I არხის ტელეგადაცემის – „სიტყვა საქართველოზე“ – ყოფილი ხელმძღვანელი, მშვიდობისმყოფელთა ძალების გაერთიანებული პრესცენტრის ყოფილი კორესპონდენტი, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ სპეციალური კორესპონდენტი
გივი ბაქრაძე