საზოგადოება
ოთარ გაბელია: „ზოგჯერ წაგებაც კარგი გაკვეთილია“

foto_magduთბილისი, 3 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ახალგაზრდულმა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ქართველი ქომაგი ისევ გამოაფხიზლა. ქეცბაიამანიაც დასრულდა. უკვე ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო საქართველოს ნაკრებმა და მივხვდით, რომ ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება.
ლატვიასთან მატჩამდე საშინელი სირცხვილი ვჭამეთ.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, პირველი მატჩი ქართველებმა ხორვატიაში მოიგეს ყველასგან გასაკვირად და, რა თქმა უნდა, იმედი იმის, რომ ევროპის მოქმედ ჩემპიონთან ამ ასაკშიც ნაკრები უკეთესად ითამაშებდა. ვინაიდან ეროვნული სტადიონი სამუშაოების გამო დაკეტილია, მატჩის ჩატარება ქუთაისში გადაწყდა და ადგილობრივმა თუ ჩასულმა ქომაგმა სტადიონიც გაავსო, მაგრამ – რად გინდა – ზუსტად 37 წუთში ოთარ გაბელიას „გაწვრთნილები“ 6:0-ს აგებდნენ.
საქომაგოდ მომზადებული გულშემატკივარი გრილ საღამოს მშვენიერ მოედანზე ლამაზ საფეხბურთო სპექტაკლს ელოდა. ვნახეთ კიდეც სპექტაკლი, მაგრამ შემსრულებლები არა ქართველები, არამედ ესპანელები იყვნენ. ქართველები მხოლოდ „გრუშის“ მოვალეობას ასრულებდნენ.
მატჩის შემდეგ პირდაპირ ეთერში ქუთაისის სტადიონიდან პირველ არხზე კომენტატორი დავით მინაშვილი ჩაერთო, გვერდს ნაღვლიანი სახით სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა „უმშვენებდა“.იმდენად ტრაგიკული გამომეტყველება ჰქონდა, ვერავინ იფიქრებდა, პირდაპირ ეთერში თუ განაცხადებდა – „დღეს ვიღაც ინაპლანეტიანები იყვნენ ჩამოსულები და რასაც უნდა, იმას აკეთებდნენო“.
მატჩის შემდეგ ოთარ გაბელიამ კომენტარი გააკეთა: „ევროპის მოქმედ ჩემპიონებთან შეხვედრამ ბიჭებზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა. ამის გამო ჩემი დავალება ვერ შეასრულეს, ზოგი ფეხბურთელი ბოლომდე ვერ გაიხარჯა. მატჩის ბედი, პრაქტიკულად, პირველ ათ წუთში გადაწყდა. ორი დასანანი გოლი მივიღეთ, რომელთა აცილებაც სწორი თამაშით შეიძლებოდა. მთავარია, ყურები არ ჩამოვყაროთ. ფეხბურთელი ასეთ მეტოქესთან თამაშში იზრდება. ზოგჯერ წაგებაც კარგი გაკვეთილია. იმედია, მომავალ შეხვედრას გაცილებით უკეთ ჩავატარებთ“.
გაბელიაზე, როგორცმწვრთნელზე, შესაძლოა, არაერთგვაროვანი აზრი გვქონდეს, თუმცა მისი ეს კომენტარიც გასაკვირია.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ესპანელმა „ინაპლანეტიანებმა“ მოუგეს – ანუ რვა გაიტანეს, მაგრამ 2:7 მოგვიგეს. ერთი გოლი საკუთარ კარში ესპანელმა ფეხბურთელმა ჩაჭრა და სხვაობა 6-მდე შეამცირა...
გაოგნებულ გულშემატკივარს მატჩის დროს წამოსროლილი იმერული რეპლიკები ამხიარულებდა. კომენტატორის მიერ ესპანელების ავტოგოლის ავტორის უხალისო ხმით გამოცხადებას იქვე შეაგებეს: „ე ბიჯო, შენ მაინც შეგეშალოს და ქართველს დააბრალე მაგ გოლი, ესპანელს რო აწერ...“ ან „შუქს მაინც ნუ წვავთ ტყვილა ამგენისთვის, ეგ მაინც დაზოგეთ“. ერთი გულშემატკივარი კი შვილს ებოდიშებოდა: „მაპატიე, მამიკო, ასეთ საშინელებაზე რო წამოგიყვანე. ამის მერე აღარ ვიზამ, ბურთს საერთოდ არ გიყიდი და არ დაგღუპავ“.
ეროვნულ ნაკრებზე კი რა უნდა ითქვას – თემურ ქეცბაიას გუნდს ფეხბურთი არ უთამაშია. დავინახეთ, რომ არც კი ინძრეოდნენ – ერბინათ მაინც...
ლატვიასთან 1:0 წავაგეთ და შემდეგ ეტაპზე გასვლის ოცნებაც  დასამარდა. მოკვდა იმედიც, რომ ჩვენი საფეხბურთო ნაკრები რაიმეს მიაღწევს. თემურ ქეცბაიამ კი პრესკონფერენციაზე განაცხადა – ვითამაშეთ, რაც შეგვეძლოო.

არადა, გუშინ სტადიონზე ქართველებს ნამდვილად არ უთამაშიათ.