მარიამ ცაცანაშვილის „წერილები ქეთოჩას“ კონკრეტული პიროვნებისათვის მიწერილი წერილებია, თუმცა ამ შემთხვევაში ქეთოჩა ტიპური სახეა დღევანდელი ახალგაზრდა თაობისა, და ამ წერილებში განხილული საკითხები აქტუალურია ყველასათვის. მათში ქალბატონი მარიამი, ცხოვრებისეული გამოცდილებით დახუნძლული, საინტერესო ყურადსაღებ რჩევებს იძლევა, თუ როგორ გაუადვილდეთ ცხოვრება ახალგაზრდებს დღვანდელ გლობალურ სამყაროში.ქალბატონი მარიამის თითოეული წერილიდან სისპეტაკის, სინაზის, კაცთმოყვარების, ურთიერთმიტევების სითბო იღვრება.
საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ სწორედაც რომ დროულად და საჭიროდ ჩათვალა ამ კორესპონდენციების გამოქვეყნება. გთავაზობთ ციკლიდან პირველ ორ წერილს.წერილი 1. როგორ მოდის გამარჯვება?!
არ დაიჯერო, რომ გამარჯვება შემთხვევითობაა ან ბედისწერა, ან ვისიმე ნაბოძები საჩუქარი. ეს ხშირად ტკივილით განვლილი გზაა, მაგრამ ნებისყოფით ნათმენი, მიზნით გასხივოსნებული და საკუთარი შესაძლებლობითა და მიზანსწრაფულობით გამყარებული. თუ შენი ძალების ზუსტად გესმის, თუ შენს თავს სხვისი თვალით შეხედავ, არასდროს ჩავარდები უმწეო მდგომარეობაში. უმწეობა ფიზიკური განადგურებაა, მაგრამ არა უცბად, არამედ ნელ-ნელა. შენი იღბალი მაშინ ზეიმობს, როცა პრობლემებს კი არ გაექცევი, არამედ გადაჭრი. გამარჯვება საკუთარი შესაძლებლობებისა და მიზნების სწორად დაკავშირების ხელოვნებაა. ეს ნამდვილი ბრძოლაა.
მე შენ ბრძოლების ქალღმერთი მგონიხარ!
ისე დადიხარ ცხოვრებისეულ ნაღმებზე, როგორც უზომოდ შეყვარებული დააბიჯებს ვარდების ლაბირინთებში. საკუთარ გამარჯვებებს დაეძებ. გამარჯვება ყოველთვის წინ მიგიძღვის, უკან კი შენი სიკეთე და სიმართლეა; გვერდით შური, ამპარტავნება, ფუფუნება... თავბრუდამხვევია და თვალისმომჭრელი ყოველივე. არ შეჩერდე და ბედის ნებიერობით არ გაამართლო შენი წარმატებები. შური, ამპარტავნება და ფუფუნება უფრო ახლოსაა, ზოგჯერ შეფარული მშვენიერებით, ვირტუალური ეფექტებით გაბრწყინებული, მაგრამ მაინც დამანგრეველი. თვალი არ გაგექცეს და მიზნის მიღწევის საშუალებად არ გაიხადო გვერდიდან დანახული – წააგებ! თუ მაინც შეგეყარა რომელიმე მათგანი, აუცილებლად თვალებში შეხედე, მიატოვე, მოინანიე და წინ წადი. გამარჯვება ისაა, როცა დაღმართზე დაცურებული იბრძვი აღმართზე კვლავ ასასვლელად, როცა გესმის წინაპართა ნათქვამი – „წყალი წავა და წამოვა, კვლავ ნაგუბარში ჩადგება“ და როცა საკუთარ თავს ეტყვი – „ბურთს რაც ძლიერად ამოარტყამ ფეხს, მეტად ავარდება მაღლა“.
გამარჯვება სიყვარულითა და ტკივილებით განვლილი გზაა მარადიული ღირებულებებისაკენ. უმეტესად ეს დამარცხებათა გადალახვის გზაა. ამ გზაზე სიარული მხოლოდ გმირობა როდია, ქეთოჩა, ეს შემოქმედებაცაა და შენი ქცევების ნაყოფია.
მარიამი
წერილი 2. სპორტული ჟინი სულიერი მოდუნების სანაცვლოდ!
მახსოვს, 1982 წელს ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი გადამწყვეტი თამაში იყო; საბჭოთა კავშირის ნაკრები და შოტლანდია ხვდებოდა ერთმანეთს. სსრ კავშირის კაპიტანი მაშინ ალექსანდრე ჩივაძე იყო, რომელსაც თამაშის დასაწყისშივე ფეხი დაუცდა და ამ შეცდომას შოტლანდიელების გოლი მოჰყვა. კაპიტანი დაეცა, რაღა გაძლებდა ფსიქოლოგიურად დათრგუნულ ფეხბურთელთა გულშემატკივრად? პირჯვარი გადავიწერე და გავიფიქრე: რა ბედნიერებაა, რომ ამ შეურაცხყოფის მონაწილე არ ვარ.
შორიდან გაბრაზებაც იოლია და გაკიცხვაც.
იცი, ქეთოჩა, შემდეგ რა მოხდა? ჩივაძემ მეორე ტაიმის დასაწყისში გოლის გატანა შეძლო. სსრ კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მაშინ კიდევ ერთი ქართველი თამაშობდა – შენგელია, ტაიმის დასასრულს სწორედ მან გაიტანა კიდევ ერთი და გადამწყვეტი გოლი. ძნელია, გადმოსცე გულშემატკივრების განწყობა. იცი, რატომ დამამახსოვრდა ეს თამაში? თითქოს შოტლანდიის ნაკრებს მხოლოდ ორი ქართველი ებრძოდა, ღირსება იყო აღსადგენი და... ეს მოხდა! ეს იყო სპორტული ჟინი სულიერი მოდუნების სანაცვლოდ! ჩემმა მეგობარმა ანკამ მაშინ ექსპრომტად ლექსიც კი მიუძღვნა ამ თამაშის გმირებს. რატომღაც პირველი ფრაზა ახლაც მახსოვს – „უძირო ფიქრებს ბევრი უვლიათ...“
რამდენჯერ აღმოვჩნდი მას შემდეგ ცხოვრების მოედანზე, აღარ მახსოვს. ფეხი თუ დამიცდებოდა, სულ ჩივაძე მედგა თვალწინ. ღირსებისა და პროფესიონალიზმის შეთავსება რთული მისიაა, მაგრამ დასამახსოვრებელი, მისაბაძი და სიყვარულის ღირსი. ალბათ, შენც იმახსოვრებ მსგავს ფაქტებს, რომლებიც ყველა დროში მეორდება, ოღონდ – სხვადასხვა ფორმით და, იცი, რატომ?
მარადიულია სპორტული ჟინი სულიერი მოდუნების სანაცვლოდ!