პუბლიკაციები
რატომ არის ირანი ვალდებული, იქონიოს ატომური იარაღი

 ირანი არ აღიარებს, რომ დაკავებულია ბირთვული იარაღის შექმნით, მაგრამ დავუშვათ (მე პირადად კი იმედიც მაქვს), რომ ასეთი სამუშაოები მიმდინარეობს. შევეცდები არგუმენტირებულად დავასაბუთო ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აუცილებლობა, ავიღებ რა საფუძვლად რუსულენოვანი პუბლიცისტის ლეონიდ რაძიხოვსკის სტატიის („ჰიტლერი XXI”) კრიტიკულ განხილვას, რომელიც მისსავე ბლოგში გამოქვეყნდა.

აღნიშნული სტატია, ისევე როგორც ამ ავტორის სტატიების უმეტესობა, გამოირჩევა ლოგიკური წყობით და არგუმენტაციით, რასაც, ერთი შეხედვით, ძნელად თუ რამეს დაუპირისპირებს კაცი, მაგრამ სინამდვილეში ეს არგუმენტაცია ხშირად ცარიელი დემაგოგიაა, რომლის უკან იმალება სურვილი მუდმივად „უკბინოს“ რუსეთის ხელისუფლებას და მთლიანად რუს ხალხსაც.

რაძიხოვსკის საკმაოდ ვრცელი სტატია პირობითად შეიძლება 4 ნაწილად დავყოთ, რომლებიც ერთობ დახუნძლულია „მარგალიტებით“. მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით.

1.

დასაწყისში ავტორი იკვლევს საკითხს, თუ რა მოტივები ამოძრავებს ირანის ხელისუფლებას ბირთვული იარაღის შექმნის პროცესში და იქვე ეხება საკითხის როგორც პრაგმატულ, ასევე მორალურ მხარეს. დავიწყოთ პოლიტიკური პრაგმატიზმით.

სტატიის ავტორი უარყოფს ვერსიას, რომ ატომური იარაღი ირანს სჭირდება თავდაცვისთვის. თუკი რაძიხოვსკი დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ რადგან ატომური იარაღი ირანს სჭირდება არა თავდაცვისთვის, არამედ, გამოდის, თავდასხმისთვის (მაგალითად, ისრაელზე), მაშინ მე საერთოდ არ დავიწყებდი ამ სტატიის წერას, იმდენად ცხადი იქნებოდა ავტორის დასკვნის აბსურდულობა. არა, რაძიხოვსკი მსჯელობს მართებულად, როცა ამტკიცებს, რომ ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში ირანი მიიღებს გამანადგურებელ დარტყმას როგორც ამ ქვეყნის მხრიდან, ისევე ამერიკისგან. გამოდის, რომ ირანის მთელი ხელმძღვანელობა ჭკუიდან გადასულა, თუკი აპირებს იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომ პირველი თავს დაესხას ისრაელს ბირთვული იარაღის გამოყენებით. ცხადია, რომ ამგვარი რამ ძნელი წარმოსადგენია. მით უმეტეს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების პრეცედენტი არ არსებობს, გარდა ამერიკის მიერ იაპონიის „დემოკრატიული“ დაბომბვისა, როცა ამგვარი შეიარაღება მის გარდა არავის ჰქონდა.

საინტერესოა და სიმართლეს შეესაბამება ასეთი დასკვნაც: თუკი (ციტატა) „ირანი შექმნის ბირთვულ იარაღს, ეს მოასწავებს არა მხოლოდ გაუვრცელებლობის რეჟიმის დარღვევას, არამედ ორ სრულიად სხვა მომენტს. პირველი: მოხდება დასავლეთის პოლიტიკური კაპიტალიზაციის მკვეთრი დაცემა – რაც, კერძოდ, იწვევს კიდეც იმას, რომ „ირანის მეგობრები“ სიამოვნებით აწკლაპუნებენ პირს. კიდევ უფრო მკვეთრად გაიზრდება არა მხოლოდ ირანის, არამედ მთელი რადიკალური ისლამის პოლიტიკური კაპიტალიზაცია. ირანი ხდება ამ რადიკალური ისლამის აღიარებული ლიდერი. ესეც იწვევს აგრესიული ისლამისტების და … ყველაზე აგრესიული „რუსი პატრიოტების და მართლმადიდებლების“ აღფრთოვანებას. რა საოცრებები არ ხდება ამ ქვეყანაზე…“

თუ იგნორირებას გავუკეთებთ რაძიხოვკის „უწყინარ ხუმრობებს“ და გავშიფრავთ „აგრესიულ ისლამს“ როგორც ასობით მილიონი მუსლიმის ბუნებრივ მისწრაფებას, შეეწინააღმდეგონ ამერიკის მცდელობას სტრატეგიული კონტროლი დაამყაროს მათი ქვეყნების ბუნებრივ სიმდიდრეებზე, მისი დასკვნები სწორი აღმოჩნდება, ხოლო „პროსიონისტური“ ნერწყვების ყლაპვა, შეზავებული ცივ ოფლთან იმის წარმოდგენისას, რაც მოხდება „დასავლეთის პოლიტიკური კაპიტალიზაციის მკვეთრი დაცემისას“ – გასაგები. მაგრამ საქმე ისაა, რომ ასეთი პერსპექტივაც თავისთავად არ აუქმებს იმ ფაქტს, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღი – პირველ რიგში – არის საკუთარი უსაფრთხოების გარანტია (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის). რაძიხოვსკი ამას ჯიუტად უარყოფს, მოჰყავს რა სხვადასხვა ფსევდოარგუმენტები.

მაგალითად: „არავინ ერევა ირანის საშინაო საქმეებში და არავინ მისგან არაფერს არ მოითხოვს. მხოლოდ ერთი მოთხოვნაა – არ აკეთოთ ბირთვული იარაღი და მშვიდად იძინეთ! ისევე როგორც მშვიდად სძინავს ნავთობით მდიდარ ვენესუელას, რომელიც პიარ-ომს აწარმოებს აშშ-ს წინააღმდეგ“. რა უნდა ითქვას ამაზე, განა სწორედ ვენესუელის პრეზიდენტის დამხობას არ ცდილობდნენ ვაშინგტონის მიერ წაქეზებული „პროგრესული“ ვენესუელელი ბობოლები, რომლებიც საკუთარი ნაძარცვის დაცვას ესწრაფოდნენ, სულგაყიდულ სამხედროებთან ერთად? განა ვენესუელის საზღვართან არ იქმნება აშშ-ს სამხედრო ბაზა? აი, ამას ჰქვია თურმე მშვიდი ძილი… განა აშშ და მისი სატელიტები არ მოითხოვდნენ ირანისგან „დემოკრატიზაციას“ და ლანძღავდნენ „მოლების რეჟიმს“ ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, როცა ირანი არც კი ფიქრობდა ატომური პროგრამის განვითარებას? განა ამერიკელებმა არ მიუქსიეს სადამ ჰუსეინი ახალგაზრდა ირანულ რესპუბლიკას, ქვეყანას, რომელიც ისლამურ რევოლუციამდე, ამერიკის მარიონეტი შაჰის რეჟიმის დროს, იძარცვებოდა დასავლური ნავთობკომპანიების მიერ, ხოლო ხალხს ციხეებში აწამებდნენ „სავაკის“ სადისტები?

რაძიხოვსკი განაგრძობს „არგუმენტაციას“ სიცრუის მეშვეობით, თითქოს სადამ ჰუსეინმა არ შეუშვა გაეროს ინსპექტორები ქვეყანაში, და ერაყი განადგურდა სწორედ ამის გამო – არის სტატიაში ამგვარი აშკარად სუსტი ადგილებიც. მაგრამ ავტორი ერთგვარად „ასწორებს შეცდომას“ და ცდილობს წეროს უფრო დამაჯერებლად, რომ მისი არგუმენტები მკითხველმა უფრო გაიზიაროს: „ყოველ შემთხვევაში, ომის საბაბი (ერაყთან) ეს იყო: ატომური იარაღი“. ზუსტადაც რომ – საბაბი. მაგრამ რაძიხოვსკი დუმს, რომ ერაყთან ომის საბაბი გახდა არა მხოლოდ წარმოსახვითი ატომური პროგრამა, არამედ სადამ ჰუსეინის მიმართ აშკარად უსაფუძვლო ბრალდებები ალ-ყაიდას მხარდაჭერაში, იმ ალ-ყაიდასი, რომელიც ამერიკელების მიერვე არის შექმნილი თავის დროზე. ასე რომ, საბაბი ყოველთვის მოიძებნება, თუკი ძლიერნი ამა ქვეყნისა გადაწყვეტენ თავს დაესხან შედარებით სუსტებს. ხოლო ეს უკანასკნელნი, მაგალითად ირანი, რომლებსაც პრობლემები აქვთ ჯერ კიდევ ყოვლისშემძლე ამერიკასთან, იძულებული არიან იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე ბირთვული იარაღის მეშვეობით; საცოდავ სადამს არ ჰქონდა ატომური იარაღი, ეს მშვენივრად იცოდნენ ამერიკელებმა და ამიტომაც გაბედეს ერაყში შეჭრა. ირანელებმა ეს გაკვეთილი ძალიან კარგად გაიაზრეს, და როგორც ჩანს, გააათმაგეს ძალისხმევა, რაც შეიძლება სწრაფად შექმნან საკუთარი ატომური ბომბი, როგორც გარედან თავდასხმის შემაკავებელი აღიარებული ფაქტორი. ეს უნივერსალური (მათ შორის ირანული) თავდაცვითი ლოგიკა მაქსიმალურად ნათელია: დაგვესხმებით თავს – ჩვენ დასაკარგი არაფერი გაქვს, გიპასუხებთ ბირთვული დარტყმით, დავიღუპებით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თქვენც… „შეკავება“ და „დაშინება“ – როგორც გვინდა, ისე ვუწოდოთ, მაგრამ სწორედ ამ ელემენტარული ფაქტის აღიარება არ სურთ რაძიხოვსკის მსგავს მოსიონისტო მედასავლეთეებს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, სულ არ ანაღვლებთ ირანის მოსახლეობაში მოსალოდნელი წარმოუდგენელი მსხვერპლი, თუკი მოხდება მასზე თავდასხმა: „ირანის თავდაცვა – არა ბირთვული იარაღია, არამედ 70-მილიონიანი მოსახლეობა“… დიახაც, სწორედ ხალხი იცავს დღეს ირანს, სხვა შემთხვევაში ის დიდი ხნის წინ ოკუპირებული იქნებოდა, როგორც ერაყი, მაგრამ მაინც უკეთესია უფრო მშვიდად გრძნობდე თავს, ბირთვული იარაღით აღჭურვილი, გარანტირებულად დაზღვეული „დემოკრატიული“ ავიაციის „წერტილოვანი“ დარტყმებისგან. ახლა მთავარია ამ რთული გარდამავალი პერიოდის გადატანა, პირველი ატომური ბომბის შექმნამდე. ამის შემდეგ კი ყოველგვარი საუბრები ირანზე ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედების შესახებ თავისით შეწყდება.

„ობიექტურობის გამო“ რაძიხოვსკი არ გაურბის საკითხის მორალურ ასპექტსაც, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ირანის პოზიციებს – „კიდევ ერთი მარადიული კითხვა: რატომ შეიძლება ისრაელისთვის და არ შეიძლება ირანისთვის?“ რაძიხოვსკის პასუხია – „ირანი უარყოფს ისრაელის უფლებას არსებობაზე, ისრაელი აღიარებს ირანის უფლებას იარსებოს“.

საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაში ყველა ქვეყანას აქვს უფლება სცნოს ან არ სცნოს სხვა სახელმწიფო. არაღიარება ეს იგივეა, რასაც სიონისტურ ლექსიკონში ეწოდება „ისრაელის არსებობის უფლების არცნობა“. მაგალითად, რუსეთი არ სცნობს კოსოვოს სახელმწიფოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთში ვინმე ფიქრობს კოსოვო აღიგავოს პირისაგან მიწისა ბირთვული იარაღის გამოყენებით. იგივე ხდება ირანის და ისრაელის შემთხვევაში: ირანი არ აღიარებს ისრაელს, მაგრამ მას არასოდეს განუცხადებია, რომ აპირებს ისრაელთან ღია ომს. ხოლო რადიკალური ორგანიზაციების მხარდაჭერა, როგორებიცაა „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ – უკაცრავად, მაგრამ ირანის სუვერენული უფლებაა. ისრაელი, თავის მხრივ, უკვე რამდენი წელია არ ცნობს პალესტინელების უფლებას სუვერენულ სახელმწიფოზე გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც იგონირებას უკეთებს აღმოსავლეთ იერუსალიმის საერთაშორისო აღიარებას პალესტინის სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად. ეს კი პალესტინელების ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ ლეგიტიმურ ხასიათს ანიჭებს (თუმცა ეს ბრძოლა ხანდახან მახინჯ ფორმებს იღებს და საღ აზრს ეწინააღმდეგება).

ესე იგი, ირან-ისრაელის კონფრონტაცია ეს ერთი საკითხია, ხოლო ირანის ბირთვული იარაღი – მეორე, რომელსაც პირდაპირი შეხება ამ კონფრონტაციასთან არა აქვს. ამასთან დავამატებთ, რომ ისრაელის გარდა (რომელიც ფლობს ბირთვულ იარაღს სიტყვიერი განცხადების გარეშე, და ტყუილად ჰგონია რაძიხოვსკის, რომ ისრაელს არ ჩაუტარებია მისი გამოცდა; ეს უბრალოდ არ გაცხადებულა. თუმცა, ერთხელ პრემიერ-მინისტრ ოლმერტსაც „წამოსცდა“, რომ ისრაელს გააჩნია ატომური იარაღი – იყო ასეთი სკანდალი მსოფლიო პრესაში) ბირთვულ იარაღს ფლობს არასტაბილური და ფეთქებადსაშიში მუსულმანური (ძირითადად სუნიტური) პაკისტანი. „რატომღაც“ ეს ფაქტი „ცივილიზებული სამყაროს“, ისევე როგორც მისი აპოლოგეტის, რაძიხოვსკის პროტესტს არ იწვევს, , და არც პაკისტანის წინააღმდეგ სანქიცების შემოღებას (მით უმეტეს, ინდოეთის წინააღმდეგ) მოითხოვს ვინმე.

2.

„შეუჩნევლად“ მივადექით რაძიხოვსკის სტატიის მეორე ნაწილს, სადაც იგი ირანს წარმოაჩენს, როგორც „ანტისემიტურ“ სახელმწიფოს (აბა როგორ უნდა აუაროს გვერდი ლიბერალების და სიონისტების საყვარელ იარაღს – „ანტისემიტიზმს“). აქ ბევრია ბანალური პასაჟებიც – ირანის ხელისუფლების შედარება ჰიტლერთან, ხოლო მძლავრი სიონისტური ლობის არსებობის აღნიშვნა, რომელიც არის ამერიკაში, ისეთივე სამარცხვინო ქმედება ყოფილა თურმე, როგორც „მაინ კამპფით“ აღტაცება და ა.შ. ბოლოს და ბოლოს, სტატიას ტყუილად კი არ ჰქვია „ჰიტლერი XXI“ – საჭიროა მისი გაძეძგვა ბანალურობებით, რომლებიც მიღებულია „ცივილიზებული სამყაროს“ მმართველ წრეებში, ასე უფრო იოლია მოეწონო „ცივილიზებულებს“, ხოლო კრიტიკოსები მარგინალად აქციო „ანტისემიტის“ იარლიყის მიწებებით.

მაგრამ ირანელთა „ანტისემიტიზმის“ დემონსტრირების მაგივრად, რაძიხოვსკი გვაჩვენებს საკუთარ აგდებულ დამოკიდებულებას ისლამის მიმართ (მისი „უწყინარი ხუმრობები“ მართლმადიდებლების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ მუსულმანურ ირანს დასავლელი ფსევდოქრისტიანების და ნეოწარმართების საწინააღმდეგოდ, ზემოთ უკვე ვახსენეთ), მაგალითად: „რა საჭიროა ებრაელების განადგურება? (მათთან ერთად პალესტინელების, თუმცა ისინი, მგონი, თანახმა არიან, ეს ხომ მათი სიკეთისთვისვე იქნება, მათ გასანთავისუფლებლად… ამქვეყნიური ტანჯვისგან). ისრაელის საპასუხო დარტყმა ირანს აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებს. ან ენით აუწერელ ბედნიერებას – დაღუპულები ხომ პირდაპირ სამოთხეში ხვდებიან, სადაც მათ 10 000 წელი მოემსახურებიან მშვენიერი ჰურიები…“.

მაშ ასე, მუსლიმთა რელიგიური წარმოდგენების დაცინვა დასაშვებია, იუმორის დღესასწაულის სისრულისთვის აქ მხოლოდ მუჰამედის ცნობილი კარიკატურაღა აკლია დანიური გაზეთიდან. თქვენ კი, ძვირფასო მკითხველო, შეეცადეთ ერთი წუთით დაივიწყოთ ირანელთა „ანტისემიტიზმი“ და უბრალოდ დაფიქრდეთ ებრაული სახელმწიფოს „სიონისტურ“ ხასიათზე – რა არის ეს, თუ არა ეთნონაციონალიზმი? ამის შემდეგ შესაძლებელია თქვენც ჩაგწერონ ანტისემიტთა სიაში. მაგრამ ისლამისთვის, კერძოდ, ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის, უცხოა ეთნიკური ნაციონალიზმი, ებრაელების განადგურებას ისინი, რა თქმა უნდა, არ აპირებენ და არც აპირებდნენ. ხოლო მორწმუნე ქრისტიანებს ირანში დიდი პატივით ეპყრობიან. შიიტური ისლამი თავისი თეოლოგიური შინაარსით განსაკუთრებით ახლოა მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან: ისევე როგორც მართლმადიდებლები, შიიტები თაყვანს სცემენ წმინდანებს, აქვთ რელიგიური საგალობლები და მეტიც, ისინი ელიან ქრისტეს მეორედ მოსვლას (მაჰდისთან ერთად). თავად პრეზიდენტი აჰმადინეჯადი, ერთ-ერთი მთავარი „ანტისემიტი“ თანამედროვე მსოფლიო ასპარეზზე, არაერთხელ აღნიშნავდა მონოთეისტური რელიგიების მიმდევართა შორის ნდობის და თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას, მათ შორის კი იუდაიზმის მიმდევრებიც შედიან. ამის შემდეგ უბრალოდ სირცხვილია ამ ადამიანის და მისი მთავრობის დადანაშაულება რასიზმში, რასაც წარმოადგენს ანტისემიტიზმი (რომელიც პარადოქსალურად იცავს სემიტების მხოლოდ მცირე ნაწილს, მაგრამ ეს სხვა თემაა), ხოლო იმის მტკიცება, რომ ირანის ისლამური რევოლუციის იდეები ანტიქრისტიანულია, როგორც ამას აკეთებს რაძიხოვსკი, უბრალოდ აბსურდია და იაფფასიან პროვოკაციას წააგავს.

3-4.

სტატიის ავტორი „ჰიტლერი XXI“ გვთავაზობს ირანის ატომური პროგრამის გადაწყვეტის რეცეპტსაც. ის მომხრეა ეკონომიკური სანქციების დაწესებისა და სჯერა მათი ეფექტიანობის, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ირანი ახლო მომავალში შექმნის ატომურ იარაღს. მაგრამ ეს არის არა მშვიდობის „მტრედის“, არამედ ნამდვილი „ქორის“ პოზიცია, რომელიც ოცნებობს ირანის შიგნით არეულობაზე: „ირანი ეს ჩრდილოეთ კორეა არ არის. ხალხი იქ მიჩვეულია საკმაოდ კარგ ცხოვრებას (საინტერესო აღიარებაა – როგორც გაბედეს დასავლური დემოკრატიის გარეშე კარგად ცხოვრება?! – გ.რ.). და შეუძლიათ პროტესტიც გამოხატონ. და არა მხოლოდ ისრაელის და ამერიკის მიმართ, არამედ – „მშობლიური“ აჰმადინეჟადის მიმართაც. თუკი სანქციების მიუხედავად, ატომური იარაღი მაინც გაჩნდება – რა საჭიროა ომის დაწყება? სად არის აქ ლოგიკური აუცილებლობა? მაგრამ „რა ვაკეთოთ“? რასაც აქამდე ვაკეთებდით – მოვუჭიროთ სანქციები! ბირთვული იარაღით ხალხს ვერ დააპურებ. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ვთქვათ, გამოსცადეს იარაღი. იმღერეს, იცეკვეს, იამაყეს. და რა მერე? საჭმელი არ არის. ომის დაწყება ნიშნავს ისეთი პასუხის მიღებას, რომ ქვეყანა აღარ იარსებებს… ასე რომ, სანქციები არ მიმაჩნია უჭკუო გადაწყვეტილებად“.

ჩვენი მახვილგონიერი ავტორის სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის 30 წელზე მეტი ხნის ისტორია აჩვენებს, რომ რელიგიური საზოგადოება მზად არის უპასუხოს ამაზე უფრო სერიოზულ გამოწვევებსაც და გაძლოს ძლიერი გაჭირვების და დანაკარგების პირობებშიც, რაც ომს ახლავს თან. ასე რომ, ირანელებს, რა თქმა უნდა, სურთ კარგად ცხოვრება, მაგრამ სანქციებით მათ ვერ შეაშინებ და ვერ ააჯანყებ საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ. უფრო პირიქით, პრობლემები შეიქმნება უკვე ერთი-ორი წლის შემდეგ ამ სანქციების ცხოვრებაში გატარებისას, ანტიირანული კოალიცია თავისით დაიშლება, როდესაც ცხადი გახდება, რომ ზედმეტი „ძეხვის“ არ არსებობა მაღაზიის დახლზე არ გამოიწვევს რაიმე სახის „ფერად“ რევოლუციას. ჭამა ხომ ირანელთა „რელიგია“ სრულებით არ არის, არამედ დასავლელი სიონისტ-ლიბერალების (არ აურიოთ მამაც ებრაელ ხალხში). ჭამაში იგულისხმება ყველაფერი, უშუალოდ კვებიდან დაწყებული, უაზრო „შოპინგით“ დამთავრებული, რის გარეშეც ვერ ძლებს დასავლელი ბიურგერი. სწორედ ამისთვის სჭირდებათ სიონისტ-ლიბერალებს ირანის ნავთობი და გაზი, და კიდევ ის, რომ ირანი „არ ამღვრევდეს წყალს“ „დემოკრატიზებულ“ ერაყში და ავღანეთში, და კიდევ ბევრი რამ – შეხედეთ ირანის გეგრაფიულ მდგომარეობას. ასე რომ, უმჯობესია თქვენს ობივატელებს მიხედოთ, რომ არ აბუნტდნენ ფასების ზრდის ან ერაყიდან და ავღანეთიდან მომავალი კუბოების გაზრდილი ნაკადის გამო.

აი, პრინციპში, ის არგუმენტები, თუ რატომ არის ირანი უბრალოდ ვალდებული შექმნას საკუთარი ატომური იარაღი. ამით ის ამაღლებს საკუთარ იმიჯს და პოლიტიკურ წონას რეგიონში, გამორიცხავს თავდასხმის შესაძლებლობას ყოველგვარი ბუშების, ჩეინების და ვოლფოვიცების მხრიდან, თუკი ისინი კვლავ განსაზღრავენ უტვინო გიგანტის – ამერიკის საგარეო პოლტიკას. და რაც მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოა, ამით ის გამორიცხავს ერაყის და ავღანეთის მსგავს აფეთქებას მთელს რეგიონში. ახლო აღმოსავლეთში ძალთა ახალი ბალანსი დამყარდება – დასავლეთ ფლანგზე ბირთვული ისრაელი, აშშ-ს მოკავშირე, და ბირთვული ირანი, აშშ-ს ოპონენტი, აღმოსავლეთზე. სწორედ ამგვარი განაწილება აძლევს ხელს რუსეთს – და, ეს მთავარია, რაზეც რაძიხოვსკი წერს თავისი სტატიის ბოლო, მეოთხე ნაწილში (აბა როგორ უნდა დაასრულოს სტატია „ერტივიაიშნიკმა“, თუ რუსეთს არ „მიაწუწა“) – ნავთობზე ფასების შუალედური ზრდა თუმცა კი კარგია რუსეთისთვის, მაგრამ მაინც გადამწყვეტი არაა, როგორც ამას ირწმუნება რაძიხოვსკი. მაშ რას ურჩევს იგი, როგორ უნდა მოიქცნენ საფრანგეთი და ევროკავშირის სხვა წევრები, რომლებიც არ ფლობენ საკუთარ ნავთობს და გაზს? ევროპა ხომ მხარს უჭერს ამ სანქციებს, იმისდა მიუხედავად, რომ სანქციები, სავარაუდოდ, გამოიწვევს ნავთობის ფასების ზრდას? ესე იგი, ევროპელებს სხვა მოტივები ამოძრავებთ, ისევე როგორც რუსეთს სხვა ინტერესები აქვს. და არ არის საჭირო ბოღმის ნთხევა რუს ხალხზე, რომ „ისტორია რუსეთს არაფერს ასწავლის – არც ხალხს, არც ხელისუფლებას“. იმედი მაქვს, რომ ასწავლის.

გულბაათ რცხილაძე