თბილისი, 3 სექტემბერი, საქინფორმი. ირაკლი ალასანიას პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალმა დემოკრატებმა“ ვაშინგტონში განთავსებული ლობისტური ფირმა „BGR Government Affairs LLC“ დაიქირავა, რომელიც „BGR Group“-ის შვილობილი ფირმაა.
„BGR Government Affairs“-თან ალასანიას პარტიას პირდაპირ არ დაუდია კონტრაქტი; შეთანხმება „BGR Gabara“-ს მეშვეობით გაფორმდა. ეს უკანასკნელიც“ BGR Group“-ში შემავალი ფირმაა, რომელიც ჯგუფის ევროპულ ფილიალს წარმოადგენს; მისი ოფისი ლონდონშია განთავსებული და მის მომსახურებაში შედის მთავრობებთან ურთიერთობების დამყარება, ძირითადად, ლონდონსა და ბრიუსელში, ასევე, მედიასთან ურთიერთობები მთელი ევროპის მასშტაბით.გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება და ხანგრძლივობა ჯერ ცნობილი არ არის.
„განაცხადის შემოტანის მომენტში [2011 წლის 22 ივლისს] ხელშეკრულების ხანგრძლივობასთან, საფასურსა და ხარჯებთან დაკავშირებით მხარეებს შეთანხმება არ ჰქონდათ მიღწეული. ამ განაცხადის შემოტანის დროისთვის უცხოურ განმცხადებელს [ანუ „BGR Gabara“-ს] არ ჰქონდა მიღებული ანაზღაურება და არ ჰქონია ხარჯი“, – ნათქვამია განაცხადში, რომელიც „BGR Government Affairs“-მა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში შეიტანა ივლისში.
ამერიკული კანონმდებლობა ავალდებულებს აშშ-ში მოღვაწე ლობისტურ ფირმებს, განაცხადონ უცხოელ კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ.
„თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებით, მოლაპარაკებები თანხებსა და მომსახურების ვადაზე კვლავაც მიმდინარეობს.
„კონსულტაციები როცა დასრულდება, ინფორმაციაც გამოქვეყნდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაკო ავალიანმა.
„BGR Government Affairs“ აღნიშნავს თავის განაცხადში, რომ ის აპირებს შემდეგი სახის მომსახურების გაწევას თავისი კლიენტისთვის: კონტაქტების დამყარებას „აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებთან, მედიასაშუალებებსა და სხვა პირებთან შეერთებული შტატების ფარგლებში... 2012 წლის სამართლიანი, ღია და პატიოსანი არჩევნების მეშვეობით უფრო ძლიერი ქართული დემოკრატიის ხელშეწყობის მიზნით“.
„BGR Group“ 90-იანი წლების დასაწყისში დააფუძნეს ჰეილი ბარბორმა (ახლა მისისიპის გუბერნატორია, ხოლო წარსულში – გავლენიანი ვაშინგტონელი ლობისტი) და ედ როჯერსმა (ჯორჯ ბუში უფროსის ყოფილი მრჩეველი).
ივლისში საქართველოს ეროვნულმა უშიშროების საბჭომ 6 თვით გაახანგრძლივა კონტრაქტი ვაშინგტონში ერთ-ერთ წამყვან ლობისტურ ფირმას „Podesta Group“-თან. კონტრაქტის ღირებულება 300 000 აშშ დოლარს შეადგენს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნოემბერში კონტრაქტის კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავენ.
„Podesta Group“, რომელიც 1988 წელს ტონი პოდესტამ, ვაშინგტონში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა დემოკრატმა ლობისტმა, მის ძმასთან ერთად დააფუძნა, საქართველოს ხელისუფლებამ პირველად 2010 წლის იანვარში დაიქირავა.
საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს მისი დიდი ხნის კონტრაქტორის, ლობისტური და PR-საკონსულტაციო ფირმა „Orion Strategies“-ის მომსახურებასაც, რომლის მეპატრონეა რენდი შუნემენი, 2008 წლის საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სენატორ ჯონ მაკეინის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ 210 00 აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი „Orion Strategies“-თანაც ექვსი თვით გაახანგრძლივა. შეთანხმების თანახმად, „Orion Strategies“ უზრუნველყოფს „რჩევას და საკონსულტაციო მომსახურებას, რაც უკავშირდება საქართველოს სრულ ინტეგრაციას დასავლურ ინსტიტუტებში, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის (ნატო) წევრობის კანდიდატობას“. კონტრაქტის მიხედვით, ფირმა სთავაზობს სტრატეგიულ კომუნიკაციებს, სამთავრობო კავშირებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის აქტივობებს აშშ-სა და ევროპაში.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ კონტრაქტი გრეგორი მანიატისთანაც გააგრძელა, კონსულტანტთან „Ithaca Group“-დან. საქართველოს ხელისუფლება“ Ithaca Group“-ს 330 000 აშშ დოლარს უხდის „შეერთებულ შტატებში სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მთავრობასთან ურთიერთობის სამუშაოებისთვის 2011 წლის 3 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“.