საზოგადოება
პენსია 100 ლარამდე გაიზარდა

pensia4თბილისი, 3 სექტემბერი, საქინფორმი. პირველი სექტემბრიდან საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული და ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი პენსია მთელი ქვეყნის მასშტაბით 100 ლარამდე გაიზარდა.

აქამდე პენსიის ოდენობა 80 ლარს შეადგენდა, რასაც სტაჟის მიხედვით 2-დან 10 ლარამდე ემატებოდა. ამ დრომდე დისპროპორცია არსებობდა რეგიონსა და დედაქალაქში მცხოვრებთა საპენსიო ოდენობებს შორისაც, რადგან თბილისელები 10 ლარით მეტ მინიმალურ პენსიას იღებდნენ 2010 წლის მარტიდან – ეს გადაწყვეტილება დედაქალაქის ხელისუფლებამ ადგილობრივი არჩევნების წინ მიიღო.

პენსიის გაზრდილი ოდენობის დასაფარავად სახელმწიფო ბიუჯეტში, დაახლოებით, 55 მილიონი ლარის ოდენობით დამატებითი თანხები აპრილში ჩაიდო.

მანამდე 100 ლარამდე პენსიის გაზრდის გეგმებზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა მარტში გააკეთა განცხადება და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლის პირველი ნახევრიდან პენსია 100 აშშ დოლარს „მიუახლოვდება“.

2008 წელს მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მინიმალური პენსიის 100 აშშ დოლარამდე გაზრდას დაჰპირდა ხანდაზმულებს, რის შეუსრულებლობის გამოც ოპოზიცია მას ხშირად აკრიტიკებს.

საპენსიო ასაკი საქართველოში ქალებისათვის – 60 წელს, ხოლო მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენს.