თბილისი, 3 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან საქინფორმს აცნობეს, „თავისუფალი საქართველო“ 2011 წლის 26 აგვისტოს აფხაზი ერის მიერ აფხაზეთის პრეზიდენტად ალექსანდრე ანქვაბის არჩევასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:
„გვსურს, გამოვხატოთ რწმენა იმისა, რომ ეს ფაქტი საშუალებას მოგვცემს, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების გზების ძიება. ვიმედოვნებთ, ეს იქნება გარდამტეხი წერტილი ორ მოძმე ერს შორის არსებული მტრობის დასავიწყებლად. როგორც ქართველი, ისე აფხაზი ხალხის ინტერესებშია კონფლიქტის დასრულება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არსებული რეალობის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ.პარტია „თავისუფალი საქართველო“ მუდამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრე იყო. ამის დასტურია 2008 წლის საგურამოს მანიფესტი, სადაც გამოიხატა ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებლი პირების მზადყოფნა მოლაპარაკებების გზით სიტუაციის დარეგულირებაზე. „თავისუფალი საქართველო“ მომხრეა, რომ კონფლიქტის მხარეებმა აიღონ ცეცხლის განუახლებლობის ვალდებულება.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ მომავალშიც ერთგული იქნება აღნიშნული კურსის და გამოთქვამს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მიმართულ ყველა პროცესში“.
მიმართვას ხელს აწერს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე.