პოლიტიკა
არჩევნებისთვის მზადება კახეთში საარჩევნო კოდექსის დარღვევით დაიწყო

arcevnebi8თბილისი, 3 სექტემბერი, საქინფორმი. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, კახეთში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებისთვის მზადება უკვე კანონდარღვევით დაიწყო. საარჩევნო კოდექსის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ. თელავში კი, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას, რაიონში მოქმედი საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებიდან დაწყებული და დარაჯით დამთავრებული, თითქმის ყველა ესწრებოდა.

ერთ-ერთი კანდიდატი ვასილ დავითაშვილია, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობიდან ორიოდ დღის წინათ გადადგა. ღონისძიების მონაწილეები მას არჩევნებში კენჭისყრას ულოცავდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტებს არ გამოჰპარვიათ სამუშაო საათებში ღონისძიებაზე მოსული რეგიონის მთელი სამთავრობო თუ საგანმანათლებლო სფეროს მუშაკების აქტივობა. მათგან ღონისძიებაში მონაწილეობას ზოგიერთი შვებულებაში ყოფნით, საარჩევნო კანონის უცოდინარობით, გზად გამოვლით ამართლებდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში თელავის საარჩევნო ოლქის საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრებიც მონაწილეობდნენ.