აქტუალური
საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში ქრისტიან-დემოკრატების ორგანიზებით

konferencia-6თბილისი, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ბათუმში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება თემაზე: „სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკა“. კონფერენციის მუშაობა ოთხ დღეს გასტანს და მასში მონაწილეობას მიიღებს 8 ქვეყნის 30-მდე წარმომადგენელი. როგორც გიორგი თარგამაძე აცხადებს, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში საზოგადოების და, კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა უდიდესი მნიშვნელობისაა.

„პოლიტიკური კლასისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობას დემოკრატიის მიღწევის საქმეში ადგილი ჰქონდა დასავლეთ ევროპაში, შედეგად, სახეზეა იმგვარი სახელმწიფოები, რომელთა მოდელი დღეს პრეცედენტული და სამაგალითოა. ამ კონტექსტში, განვითარების გზაზე მდგარი ქვეყნებისთვის ეს კონფერენცია უმნიშვნელოვანესია, რადგან ბევრ აქტუალურ თემაზე მსჯელობას ვაპირებთ ჩვენს პარტნიორ ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან“, – განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი თარგამაძემ.