სამართალი
აჭარა, 2 სექტემბერი, საქინფორმის კორ. თეო ტაბატაძე. სამართალდამცველებმა შპს „ბათუმის წყლის“ ტექნიკური დირექტორი ალეკო მიქელაძე დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია შპს „ნიაკას“ მფლობელი ირაკლი ანანიძეც, რომელიც რამდენიმე წლის წინათ მერიის შესყიდვების სამსახურში მუშაობდა.
შპს „ნიაკა“, ძირითადად, სამშენებლო საქმიანობას ეწევა და რამდენიმე სახელმწიფო დაკვეთაც აქვს ბათუმის მერიისგან მიღებული. ალეკო მიქელაძე ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფება საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ინფორმაციას ალეკო მიქელაძის დაკავებასთან დაკავშირებით მიქელაძის მამა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ზურაბ მიქელაძეც, ადასტურებს.მიქელაძის დაკავების ფაქტს შპს „ბათუმის წყალში“ არ ახმაურებენ. დირექტორ ჯანი ვარშალომიძის მისაღებში აცხადებენ, რომ ალეკო მიქელაძე და ჯანი ვარშალომიძე უცხოეთში მივლინებაში იმყოფებიან, თუმცა სად, არ დაუკონკრეტებიათ.
შპს „ბათუმის წყალი“ ბათუმის მერიის 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიაა, თუმცა დაკავებული მიქელაძის შესახებ კომენტარს არც ბათუმის მერიაში აკეთებენ.