პოლიტიკა
WikiLeaks: „რუსეთთან მსო-ზე მოლაპარაკებებში საქართველო სასაზღვრო საკითხებზე „მყარად დგას“

wikileaks_russiaXთბილისი, 2 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისში აშშ-ის საელჩოდან 2006 წელს ვაშინგტონში გაგზავნილი დიპლომატიური ტელეგრამა აჩვენებს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე (მსო) რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების არსი დიდად არ შეცვლილა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

2006 წლის მაისის ტელეგრამას, რომელიც „WikiLeaks“-მა აგვისტოს ბოლოს გამოაქვეყნა, კლასიფიცირებული არ არის როგორც საიდუმლო, თუმცა მითითებულია, რომ განკუთვნილია მხოლოდ „ოფიციალური მოხმარებისთვის“, რადგან „მგრძნობიარე“ ინფორმაციას შეიცავს. იგი ეხება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაშინდელ მოადგილეს და ამერიკელ დიპლომატს შორის შეხვედრის დეტალებს, რომელიც 2006 წლის მაისში ქართულ და რუსულ დელეგაციებს შორის თბილისში მსო-ზე გამართული მოლაპარაკებების წინ შედგა.

აშშ-ის მაშინდელი ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი ვაშინგტონს აუწყებდა, რომ თბილისის წინადადება იყო, რომ „დნესტრისპირეთში ევროკავშირის სასაზღვრო მონიტორინგი ქართულ-რუსული ჩიხის დაძლევის მოდელი გამხდარიყო“.

საქართველო კვლავაც მოითხოვს რუსეთთან სეპარატისტული რეგიონების გასწვრივ არსებულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის შემოღებას; ამასთან, თბილისს სურს ტვირთბრუნვის შესახებ ინფორმაციის წინასწარი გაცვლის მექანიზმის შემოღება – ეს ორი კომპონენტი, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, უზრუნველყოფს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამჟამად მის მიერ უკონტორლო საზღვრების გამჭვირვალობას. საქართველომ და რუსეთმა მსო-ზე მოლაპარაკებები შვეიცარიის შუამავლობით 2011 წლის მარტში განაახლეს; მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდი სექტემბერში იგეგმება.

„სასაზღვრო გამშვებებთან [პუნქტებთან] დაკავშირებით საქართველოს განზრახული აქვს, ძალიან მყარად იდგეს თავის პოზიციაზე. მის უზარმაზ ჩრდილოელ მეზობელთან დაძაბულ ურთიერთობებში ეს საქართველოს ერთადერთი ბერკეტია და ქართველები მოწოდებულნი არიან, გამოიყენონ ის, რათა გარკვეული სახის კონტროლი დაამყარონ ტვირთის, მაღალგამდიდრებული ურანის, ყალბი აშშ დოლარის, იარაღისა და ადამიანების უკანონო მოძრაობასა და ბრუნვზე, რასაც არსებული მოსაზრებით, ადგილი აქვს კონფლიქტური რეგიონების გავლით“, – წერს ჯონ ტეფტი 2006 წლის მაისის ტელეგრამაში.

„ნებისმიერი გამოსავალი, რაც მისაღები შეიძლება იყოს საქართველოსთვის, მიუღებელი იქნება აფხაზებისა და სამხრეთის ოსებისთვის, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს“, – წერს ყოფილი ელჩი თბილისში და დასძენს, რომ საქართველო „საკითხის პოლიტიზებას თავიდან იცილებს“.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის რუსეთს ჯერ კიდევ არ დაესრულებინა მრავალმხრივი მოლაპარაკებები მსო-ში გაწევრებისთვის, საქართველოს „წინააღმდეგობა რჩება მისი მიღების ერთადერთ დაბრკოლებად“.