საზოგადოება
ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებით 1 მლნ ლარზე მეტი მიიღეს

 საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შედეგად 1 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, – იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 13-მა ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 4 ათას ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

პროგრამა 9 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს ფერმერთა მხარდაჭერას მოსავლის დაბინავების პროცესში. სახელმწიფოს სუბსიდიის ფარგლებში, ხილის გადამმუშავებელი საწარმოები 2025 წლის 15 დეკემბრამდე ვალდებულნი არიან 1 კგ არასტანდარტული ვაშლი შეისყიდონ არანაკლებ 27 თეთრად, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიას გასცემს 10 თეთრის ოდენობით თითო კგ-ზე.

არასტანდარტული ვაშლის პროგრამა ფერმერებს აძლევს საშუალებას უხარისხო პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად გაყიდონ და ამავდროულად უზრუნველყოფს საწარმოებს ნედლეულით, – აღნიშნულია განცხადებაში.

არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე გადის.