საზოგადოება
სიღნაღის სასტუმროებში ტურისტების ნაკლებობაა

siRnaRiთბილისი, 1 სექტემბერი, საქინფორმი. ტურისტების სიმრავლის მიუხედავად, ვერ იტყვი, რომ ტურისტული სეზონი კახეთში წარმატებით მიმდინარეობს. სიღნაღის სასტუმროების დიდი ნაწილი მთელი სეზონის განმავლობაში თითქმის ცარიელია. ამის შესახებ თავად სასტუმროების  მესვეურები საუბრობენ. სასტუმროთა მფლობელების უმრავლესობას ბანკებიდან სესხები აქვს გამოტანილი და ისინი სწორედ მათი დაფარვის საშიშროების წინაშე დგანან.

დედაქალაქის მერიამ ტურისტულ სეზონზე სიღნაღში ტურისტული მარშრუტებიც დანიშნა – გამოსასვლელ დღეებში მსურველს შეეძლო, ესარგებლა მერიის მიერ დანიშნული უფასო სპეცავტობუსებით, თუმცა ეს ერთდღიანი ექსკურსიები სასტუმროებისთვის ვერაფერი ნუგეშია, რადგან დამსვენებელი იმავე დღეს ბრუნდება დედაქალაქში.

ამის გამო ადგილობრივი სასტუმროების დიდი ნაწილი სეზონზე მხოლოდ რამდენიმე დამსვენებელს მასპინძლობს.

ახლა იმედის თვალი შემოდგომას მიაპყრეს – როცა კახეთში რთველისა და მოსავლის დაბინავების დროა. უცხოელი ტურისტების ნაკადიც სწორედ ამ დროს მიემართება კახეთისკენ.

მცირე ტიპის სასტუმროების ხელმძღვანელები არაჯანსაღ კონკურენციაზეც საუბრობენ. კერძოდ, სტუმრების მოსაზიდად ზოგიერთი სასტუმროს წარმომადგენელი ქალაქის შესასვლელშივე ხვდება დამთვალიერებელს და საკუთარ მომსახურებას სთავაზობს. შედეგად, ცენტრში მდებარე სასტუმროები თითქმის მთელი სეზონი სტუმრის გარეშე რჩება.