პუბლიკაციები
იაგო ხვიჩია: ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ბრძოლა მიდის მეორე ადგილისთვის ჩემსა და კუპრაძეს შორის, იქნება თუ არა მეორე ტური, რჩება მხოლოდ ეს კითხვა

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. მე, ზოგადად, სერიოზულად ვერ ვუყურებ ამ პროცესს, – ასე უპასუხა პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა.

მე სერიოზულად ვერ ვუყურებდი იმას, რომ ხაბე ბიძინას ემუქრებოდა დამხობით, ამას ვერ ვუყურებდი სერიოზულად, ისევე როგორც გასულ წელს, ამ დროს „ლელო“ ემუქრებოდა ბიძინას მოსკოვში გაშვებით, 20 დღე თუ რაღაც დარჩაო, რომ იძახდნენ. მე ვერ ვუყურებდი სერიოზულად და ვერც ვერასოდეს ვერ ვუყურებ იმ კამპანიას, რომ ბიძინას შეეშინდა და ამიტომ ხაბე დაიჭირა. ზოგადად, მთელი ეს პროცესი რაც არის, ჩემთვის დადგმულ სცენარს ჰგავს, თითქოს ერთი რეჟისორი ჰყავსო, რომელიც სხვადასხვა როლს ანაწილებს, საჭირო დროს გაჰყავს გმირები თამაშიდან და შემოჰყავს ახალი გმირები, რათა ადამიანების ყურადღება სულ იყოს გაფანტული რაღაც უაზრო საკითხებზე.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი იქნება 5 ოქტომბერი „გირჩისთვის“, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ იმედია, ეს დღე საზეიმო იქნება. იმედია, საზეიმო და ისეთი, რომ სტიმულს მომცემს, მეორე ტურისთვის მოვემზადო. იმედი მაქვს, ასეთი იქნება 5 ოქტომბერი.“

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი, სამწუხაროდ, არის მოწყენილი და ქართულ სინამდვილეში, წინასაარჩევნო პერიოდებს შორის ალბათ ყველაზე მდუმარე.

ჩვენ ვიხვეწებით ლაპარაკს. ვიძახით, დაგველაპარაკეთ, ხალხო, გახსენით საკუთარი მედიასაშუალებები, გახსენით უნივერსიტეტები.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იქნება თუ არა მოახლოებული არჩევნები ერთგვარი გზამკვლევი იმისა, თუ ვინ დარჩება პოლიტიკაში და ვინ გაქრება პოლიტიკური ცხოვრებიდან, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ნამდვილად ასე იქნება.

ჩვენ დავინახავთ, რომ 5 ოქტომბერს აღარ არსებობს „ღვაწლმოსილი“ პოლიტიკური პარტიები, როგორებიც არიან 4 და 5... ერთადერთი, რაც მგონია, რომ ამ არჩევნების შედეგად პოზიტიური შეიძლება იყოს, მართლა ის არის, მე პირადად შევამოწმებ იმას, რამდენი პროცენტია საზოგადოების, რომელიც უარს აცხადებს ნაც-ქოცურ დაპირისპირებაზე, ჩხუბზე უარს აცხადებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.