საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ სტუმარია საერთაშორისო ორგანიზაცია „სტალინის“ თავმჯდომარე, ბატონი გრიგოლ ონიანი.
– ბატონო გრიშა, ამჟამად რას საქმიანობთ?
– ვარ საერთაშორისო ორგანიზაცია „სტალინის“ თავმჯდომარე. ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია. არანაირი პოლიტიკური დატვირთვა მას არ გააჩნია. ვიკვლევთ სტალინის ცხოვრებას და მის შესახებ გამოსულ მდარე თუ მაღალი ხარისხის სხვადასხვა მასალას.
– ბატონო გრიშა, თქვენ ვაჟკაცობით განთქმული სვანეთის შვილი ბრძანდებით. როგორ აღიქვამთ იმას, რასაც ხელისუფლება თუნდაც ქართული ტრადიციის კუთხით ახორციელებს საქართველოში? სვანებს – აფრასიძეებს, ამოუთხარეს და წინაპართა საძვალე შეურაცხყვეს. მერე მათი ძვლები გამგეობასთან ტომრით დაყარეს... ქართველი კაცისთვის მსგავსი შეურაცხყოფა არცერთ ხელისუფლებას არ მიუყენებია...– კომუნისტური პარტიისა და სტალინის ყველაზე დიდი მოძულე ზინოვიევი იყო. ჯერ ამერიკაში ცხოვრობდა და მერე გადმოვიდა საბჭოთა კავშირში. ისიც კი ამბობდა – 30-იანი წლების ინტელიგენციის მსგავსი, რომელმაც დაამხო ფაშიზმი, არცერთ ეპოქას არ ახსოვს და ამ თაობას გვერდს ვერავინ აუვლისო. ჩვენც, ალბათ, იმ თაობას ვეკუთვნით, რომელმაც დაანგრია ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი პრინციპები და თავისუფლება. ხანდაზმულობისა და შიშის უქონლობის მიუხედავად, თითქოს არაფერს წარმოვადგენ, მაგრამ მე მაინც შეზღუდული ვარ. ვერ წარმომიდგენია, როგორ არის თავისუფალი ადამიანი, რომელიც რამეს, თანაც, ხელისუფლებაში წარმოადგენს. ყოველდღიურად ამდენი უარყოფითი ემოციაა – ის მოკლეს, ეს დაიჭირეს, დენის გადასახადი, გაზის გადასახადი... მეც ისეთი დათრგუნული ვარ, რომ ჩემი საქმისთვის ვეღარ ვიცლი. არასდროს არავისი შემშინებია, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი კონტროლი იყო. ჩემ უკან იდგა რაღაც ძალა, რომელიც სიმხნევეს მმატებდა. ალბათ, იმ დროს ეს კრემლი და მოსკოვი იყო. დაჩაგრულიც იმედიანად იყო მაშინ და მჩაგვრელსაც ჰქონდა იმის შიში, რომ შეიძლება ვინმემ დაწეროს და ამბავი სტალინამდე მივიდეს.
– იმის თქმა გსურთ, რომ მიუხედავად იმისა, რაც სტალინის ეპოქაში ხდებოდა, რასაც გვიყვებიან – დაჭერები, დახვრეტები და ა.შ. რაღაც სამართლისა და კანონიერების პოვნა მაშინაც კი შეიძლებოდა?
– რასაც ესენი ჰყვებიან, ამის მე არ მჯერა, ვინაიდან ნაწილობრივ ამის მომსწრე მეც ვარ. ორი ბიძა მყავდა – ერთი დასაქორწინებელი და მეორე დაოჯახებული. 36-37 წლების გაგანია რეპრესიებია. დაქორწინებული ბიძა სვანეთში დასაქორწინებლის ქორწილშია თამადა. წამოდგა და სრულიად უსწავლელმა, გაუნათლებელმა კაცმა ასეთი სადღეგრძელო თქვა: „გაუმარჯოს რევოლუციურ უმცირესობას და კონტრრევოლუციურ უმრავლესობას“. ახლა, თქვენთან საუბრისას, მეც კი დავფიქრდი, რომელია ამ სიტყვებიდან სწორი?! მეორე დღესვე მოადგნენ კა-გე-ბე-დან. წაიყვანეს და უთხრეს – არაფრით შეიძლება, რომ ეს პოლიტიკური სადღეგრძელო შენი ნააზრევი იყოს. ვინ გასწავლა და დაგაზეპირებინაო? თქვი და წადი შენს სახლშიო. ბიძაჩემმა, სვანური თავმოყვარეობით –ახლა რომ ჩაშვებებია –არავინ ჩაუშვა. მაშინ კოდექსში ასეთი მუხლი იყო – „პოლიტიკური ლაყბობა“, რაც იძულებიდან ორი წლის ციხეს ითვალისწინებდა. ბიძაჩემს ცხრა თვე მიუსაჯეს.
– ბატონო გრიშა, ეს მუხლი ხომ ზუსტად შეეფერება დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს. ლაყბობის გარდა, ესენიც ხომ არაფერს აკეთებენ... ორ-ორი წლით ყველა პოლიტიკოსს – პოზიცია-ოპოზიციას, ვინმე თუ მოგვაცილებს, საზოგადოება თავს უკეთ მიხედავდა. ეს არც ჩვენს ხელისუფლებას გახსენებია, თორემ ამაზე კანონმდებლობაში საპროცესო გარიგებით რაიმე მუხლს ნამდვილად შეიტანდნენ...
– ბიძაჩემს ცხრა თვე ჯდომის შემდეგ – „რეპრესირებული ვარო“ – არასდროს უთქვამს. თუმცა დაუფიქრებლადაც სიტყვებს აღარასდროს ისროდა.
– ბატონო გრიშა, რადგან სტალინის თემას მაინც შევეხეთ, მითხარით, ჩვენი ხელისუფლება ლამის 24-საათიან რეჟიმში სტალინის ლანძღვითაა დაკავებული. მეც რეპრესირებული ოჯახიდან ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ სტალინი ებრძოდა იმას, რა მავნებლობასაც ეს ხელისუფლება საქართველოს მიმართ სჩადის – იმ უეროვნებო კოსმოპოლიტიზმს, რასაც ესენი ნერგავენ. ცნობილია, რომ კომუნისტად ცნობილი სტალინი ნეტარ მატრონასა და ქსენია პეტერბურგელთანაც დადიოდა. პოლიტიკაშიც ბერებმა გააგზავნეს და თავისი ხალხისთვის ეთნიკური იდენტობების მოსპობას არ ცდილობდა. ყველა რესპუბლიკის ეთნოსს თავისი ისტორიული და ტრადიციული იდენტობა ჰქონდა, რელიგიის ჩათვლით. სტალინი იმდენად დიდი ფიგურაა, რა დროც უნდა გავიდეს, მისი პიროვნების მიმართ ინტერესი არ ცხრება...
– 1946 წელს სტალინმა ქართველი მსახიობების ერთი ჯგუფი – ხორავა, ბაღაშვილი და სხვები, სოხუმში მიიწვია. სამ დღეს სტუმრობდნენ. კერძო საუბარში უთხრა: „პატარა ერების საქმე წასულია, მაგრამ ჩვენი ვალია, ამ პატარა ერებს, სადამდეც შევძლებთ, არსებობა გავუხანგრძლივოთ“. ვხედავთ, დღევანდელ მსოფლიოში როგორ ჭირს ხელისუფლებაში მოსვლა, მოსული კაცი კი – როგორ ინარჩუნებს მას. ძალიან ძნელი დასათმობია ხელისუფლება. თუნდაც, სირიაში – ის მოვიდა, რაღაც გააკეთა და ახლა ვერ თმობს, ეშინია. ურჩევნია, ბრძოლის ველზე მოკვდეს, ვიდრე გაასამართლონ სხვა დიქტატორების მსგავსად.
– ბატონო გრიშა, ხელისუფლებისგან სულ კომუნისტების პოლიტიკის ლანძღვა გვესმის. ამათი პოლიტიკა კი არაფრით განსხვავდება ტროცკისტი ბოლშევიკების მეთოდებისგან – დაჭერებით, ჩაშვებით, მართლმადიდებლობასთან ბრძოლით... თავისას რატომ არ ხედავენ?
– სახელმწიფოს მართვის ბერკეტები, გინდ კომუნისტები იყვნენ, გინდ – ნაციონალები, ლეიბორისტები, დემოკრატები თუ რესპუბლიკელები– ერთი მექანიზმია. სტალინს ჰკითხეს – არის თუ არა რეპრესიები სახელმწიფოს მართვის ერთადერთი მექანიზმიო?! ერთ-ერთი არის, მაგრამ ერთადერთი – არაო“. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ შეცდომები და, თანაც, სერიოზული, დღესაც მოსდით. ამ გაწონასწორებულ სტალინსაც კი ჰქონდა შეცდომები. შეუძლებელია, ადამიანს თავისი მმართველობის დროს შეცდომა არ მოუვიდეს, თუმცა მართალია, გამიზნულად ჩადენილი შეცდომა ბევრად მძიმეა, ვიდრე გაუაზრებლად ჩადენილი. განზრახ მკვლელობასა და შემთხვევითშიც ეს განსხვავებაა. შეცდომა ისაა, თუ შენ საზოგადოებას ნაციონალური ხასიათის – გენის დასაკარგავად შეგნებულად ურეცხავ ტვინს. ამ შემთხვევაში გარკვეულ, შეგნებულ ნაბიჯს დგამ, მაგრამ, ვთქვათ, ისეთი მოვლენა, როგორც რობიკოს თეატრიდან გათავისუფლებაა, შეგნებული შეცდომა არ მგონია – უთხრა, შე სომეხოო და გაბრაზდა კაცი.
– შე სომეხოო, არავის უთქვამს, ბატონო გრიშა. ეს ფრაზა გატარებულ სახელმწიფო პოლიტიკას მოჰყვა და არა ეროვნული ნიშნით ვინმეს კრიტიკას. ოღონდ ეს მსოფლიო დონის ხელოვანმა თქვა. რობერტ სტურუას, რომელსაც გემოვნება ნამდვილად მეტი აქვს, სააკაშვილის „მაღალ გემოვნებას“ არ დაემთხვა. წამოტივტივდა მისი ეროვნული წარმომავლობაც...
– ეს შეიძლება შეცდომად ჩავუთვალოთ.
– შეცდომაც არის და შეცდომაც. ქართულ თეატრალურ საზოგადეოებას, ქართულ თეატრს ამხელა რეჟისორს რომ აკარგვინებ – ეს უკვე შეცდომა კი არა, დანაშაულია, ბატონო გრიშა...
– რა ხდება თურმე იცით? როგორი მუსიკაც უნდა მოასმენინო, როგორი ჰარმონიაც უნდა შეუქმნა ადამიანს, ყურის ბარაბანს საკუთარი სახელისა და გვარის კეთილშობილურ ტონში გაგონება სიამოვნებს. როდესაც იმის კლასიფიკაცია გააკეთეს, რა იზიდავს ყველაზე მეტად ადამიანს – ნარკოტიკია ეს, სექსი, ქონება თუ სხვა რამ, პირველ ადგილზე ძალაუფლება აღმოჩნდა. ამიტომ ხელისუფლებაში მყოფთ ეს დაავადება – ძალაუფლების სიყვარული, ნარკოტიკივით ყველას ემართება. ადამიანია და შეიძლება იმის მოსმენის დროს ის ტრავმა მოუვიდეს, რაც სააკაშვილს მოუვიდა.
– რა ტრავმა, ბატონო გრიშა, მთელი საქართველოა სააკაშვილის პოლიტიკისგან ტრავმირებული...
– შეიძლება ეს მეც მომივიდეს. მე სვანი ვარ და ვამაყობ ამით, მაგრამ შენ თუ მეტყვი – შე სვანოო, ამას შეუარცხყოფად მივიღებ.
– რას ბრძანებთ, ბატონო გრიშა, სვანები ვაჟკაცი და მეომარი ხალხია...
– იმიტომ, რომ მე ვიცი, რომ მე სვანი ვარ, ხომ?! ამ შემთხვევაში, შე სვანოო – როცა მეუბნები, გამოდის, რომ მამცირებ?!
– ვერ დაგეთანხმებით, ბატონო გრიშა. მე დავსვი შეკითხვა: რატომ ექცევა საკუთარ ხალხს ასე, თუ მისი ხალხია, ხომ უნდა უყვარდეს-მეთქი. ბატონმა რობიკომ მიპასუხა – სომეხია და რა ვქნათო. მერე გავაგრძელეთ სომეხი დედოფლის, ქართველთა წმინდან შუშანიკზე საუბარი. ბატონმა რობერტმა იკითხა – არის მერე სააკაშვილი საქართველოსთვის შუშანიკიო? ანუ ისევე უყვარს, სარწმუნოება და საქართველო, როგორც შუშანიკს უყვარდაო? რა გასაბრაზებელი და საწყენია ის, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტად ქართველის ხილვა გვსურდეს?! ამისთვის უნდა მოხსნა სტურუა? სტურუა ამათი „პადხალიმი“ არ არის. დიდი ხანია, ეძებდნენ მიზეზს და მოუნახეს. თუმცა თავიც მოიჭრეს საერთაშორისო დონეზე.
– მე არც ნაციონალი ვარ და არც მიშას მხარდამჭერი ან მიშაზე გადარეული კაცი, მაგრამ სულელები ამდენ ხანს ხელისუფლებას ვერ ინარჩუნებენ. ვერცერთმა იმპერატორმა ამდენ ხანს ვერ შეინარჩუნა... ისეთი ამხედრებული ხალხისგან, როგორიც მიშას ჰყავს, თავი ვერ დაიცვა.
– სააკაშვილს ძალიან კარგი მრჩევლები და პროგრამების დამწერნი ჰყავს...
– ძალიან რთული გზაა გასავლელი. რამდენმა კაცმა დააკაკუნა ამერიკის კარზე, მათ შორის, შევარდნაძემაც, მაგრამ ეს კარი ასე ფართოდ ვერ გააღო. მაგასაც ხომ ნიჭი უნდა?! რამდენმა კაცმა დააკაკუნა კრემლის კარზე – შემომიშვითო... არავინ შეუშვეს. ამას ხომ თავისი განათლება და გზა უნდა. ამიტომ იმ აზრს რომ ჩამოვეკიდოთ, რომ ეს ნამდვილი სულელია – სწორი არ იქნება. გამოდის, მთლად სულელიც არ არის, ხომ?!
– მთლად არა, სათავისოდ არის... სულელი საკუთარი ოჯახისა და თავის სასარგებლოდ ამხელა ქონებას არ ეპატრონება...
– სულელი არ ყოფილა. სულელი ვერც ქონებას ქმნის და ვერც ხელისუფლებას ინარჩუნებს. მე ერთხელ დავწერე და აღარ გამოვაქვეყნე. რომ იძახდნენ – ჩვენ თუ ბევრნი გამოვალთ, მიშა წავაო. ისეც გამოვედით, ასეც გამოვედით, მაგრამ არ წავიდა. მშიშრები ტოვებენ გემს, როცა ხელისუფლება იღუპება. ერთი ბომბის ჩამოგდება ჰიტლერს კრემლშიც ხომ შეეძლო? არ გამოვიდა კრემლიდან სტალინი. ასევე მიჰყვება ეს კაციც. არ გეგონოს! მთელი საქართველო რომ გამოვიდეს, სააკაშვილი ხელისუფლებას არ დათმობს.
– ეს ნათელია, მაგრამ სააკაშვილს თქვენ სტალინს ადარებთ. სტალინი მოსკოვთან მომდგარი ბრძოლების დროს პრაქტიკულად ცარიელ ქალაქში დაცვის გარეშე ფეხით დადიოდა ხალხის გასამხნევებლად, სააკაშვილმა კი გორში იფორთხა. აჩვენეს, ამერიკაში მიწისძვრის დროს ობამამ გოლფის თამაში უდრტვინველად რომ გააგრძელა. ჩვენმა პრეზიდენტმა კი სტუმარიც მიატოვა თვითმფრინავის ხმაზე და გაიქცა...
– მე ძალიან დიდი პატივს ვცემ მიშა ხერგიანს. ის ჩემთვის ყველაზე მაგარი კაცია სვანებში და მას „კლდის ვეფხვიც“ უწოდეს. მეც სვანი ვარ, მაგრამ მესამე სართულზე რომ ავიდე და გადმოვიხედო, გადმოვარდნის მეშინია. არამაქვს მე მაგის ნერვები. ეშინია იმასაც, რომ ბომბი ჩამოვარდეს და არ მოხვდეს. ხომ არ ამბობს – არ მეშინიაო?! ბრძოლაში ვერ გაჰყვე კაცს, ეს რაინდობაში შეიძლება ნაკლი იყოს, მაგრამ თუ ბომბის ეშინია, ამას ყველაზე დიდ დანაშაულად რატომ უთვლიან?.. ეშინია და ისიც ადამიანია.
– ქართველს თავის მხედართმთავრად უშიშარი ადამიანები წარმოუდგენია. როდესაც სააკაშვილი ჯავშანჟილეტით უშიშრად შევარდა პარლამენტში, უკან მოიხედა და მთელი რევოლუციონერები მიჰყვნენ. მაშინ ხომ დააჯერა ხალხი, რომ გულადი და უშიშარია. ამ იმიჯის დაკარგვა უკვე წამგებიანია მთავარსარდლისთვის...
– თურმე არ ყოფილა უშიშარი! ვთქვათ, დავამტკიცოთ, რომ არის მშიშარა. ეშინია თავზე გადაფრენილი ბომბის, სიკვდილის... მერე ამის უკან რა არის? ჩვენ გვინდა, რომ ერეკლე მეორე იყოს? არ არის ერეკლე...
– გვინდა, ბატონო გრიშა, ქართველს ერეკლეც უნდა, გიორგი სააკაძეც და დავით აღმაშენებელიც. ეს ისტორიულად ასე იყო და სტალინიც თავისი უშიშრობისთვის უყვართ დღემდე...
– სააკაშვილი ჩვეულებრივი მოკვდავი კაცია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის საფუძველი შექმნა...
–ადამიანის ყურს თავისი სახელის გაგონება სიამოვნებსო. ჰიმნი „მიშა მაგარია“ მისი ყურის სიამოვნებისთვის დაიწერა – იმ „დუხს“ ხომ არ აძლევს, რომელიც აკლია?
– ახლა ამაზე გეტყვი. ვთქვათ, მოხდა ისე, რომ მიშა წავიდა. მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე უნივერსიტეტში ლექციები იკითხოს. გორში მიშას დაცემას გმირობას რომ უწოდებს, ის კაცი სად უნდა წავიდეს?
– ასეთებიც არიან?
– მე ამას შიშს ვუწოდებ. ჰო, შეეშინდა. რა მერე, მაგრამ ამას ეს წიკლაური რომ ამართლებს – რომ ეს არის ყველაზე მოხერხებული ფორმაო, ან ხერხეულიძე უკბილოდ რომ იცავს, ტანში ჟრუანტელი მივლის. ესენი სად აპირებენ წასვლას? ამათ ვინ მიიღებს?
– ეს ის კატეგორიაა, მომავალ ხელისუფლებაშიც რომ გამონახავს მისასვლელს...
– ზვიადის დროს დაიღვარა სისხლი. მაშინ ეპოქა იყო ისეთი. მთელი საბჭოთა სივრცე ტორტმანებდა და სისხლი იღვრებოდა... და აქაც დაიღვარა. ასე აღარ განმეორდება. როცა მოვიდა ან როცა შევარდნაძემ გადააბარა ხელისუფლება, სისხლი არ დაღვრილა. ამ შემთხვევაში, მე არ მგონია და ღმერთმა არ ქნას, ეს ხელისუფლება ასე ვერ წავა ქვეყნიდან. არ შეიძლება, აქ სისხლი რომ არ დაიღვაროს, იმიტომ, რომ როდესაც გამწარებულ ადამიანს თავისუფლება მიეცემა, ის აუცილებლად ხელს აიღებს. პირდაპირობა, ადამიანობა და ჰუმანურობა სახელმწიფოს მართვიდან ამოღებული ტერმინებია. ეს არც სტალინს ჰქონდა, არც ჩერჩილს და არც ამას აქვს. მაგრამ აი, ფანჯრების გამოცვლაზე რომ ვაკრიტიკებთ – ფასადებზე ფანჯრების გამოცვლა კომუნისტების დროსაც იკრძალებოდა. ასეთ წვრილმანზე რომ ვაკრიტიკებთ, რაც გასაკრიტიკებელია, იმაზე ყურს აღარ დაგვიგდებს. ეს გზებიც... რაც იყო, იმას ხომ სჯობია? კარგი, ამოიყარა – კიდევ დააგებენ.
– ბატონო გრიშა, თქვენ სააკაშვილის დიდი მოტრფიალე ყოფილხართ და გეტყობათ, ძალიან მოგწონთ...
– არა, მე რაც არ მომწონს, იმაზე ვიტყვი და უფრო დამიჯერებს ხალხი, ვიდრე ყველაფერზე ვიძახო – არც ეს მომწონს და არც – ის-მეთქი. რასაც არ ეშველება, იმის კრიტიკა იაფფასიანია. შვილები რომ დამიმახინჯეს, შვილიშვილებს რომ არასწორად აღმიზრდიან, ქართველობას რომ მისპობენ, ჩემს ცნობიერებაში რომ ერევიან – ამაზეა სასაუბრო.
– ბატონო გრიშა, ინგლისური და კომპიუტერი თუ იცით და ტიტრებიან ფილმებს თუ უყურებთ?
– (იცინის) რა კომპიუტერი... არა, გაგებაში არ ვარ. ვერცერთი ტიტრი ბოლომდე ვერ წავიკითხე და იმის გარკვევაში ვარ, იქ რა ხდება. მე ინგლისურს ვერ ვისწავლი, მაგრამ ჩემი ქართულით მე რა დავაშავე? ისე, რომ ზრუნავს ჩემზე ამერიკა, რომ ინგლისური ვისწავლო, ადრე დავმარხო მკვდარი, არ ვიდარდო და ტიტველმა ვიარო – იქვე, იმ ლათინურ ამერიკაში რომ ჰყავთ ხალხი, ასეთი გულდამწვრები მათზე რატომ არ არიან? ეს კულტურა იქ რატომ არ შეაქვთ? სამიათასწლოვანი ერი ვართ. ჩვენ რატომ გვასწავლიან კულტურას?
– იმიტომ, რომ თავად არ აქვს და არ უნდა, მასზე დიდი კულტურა ჩვენ რომ გვქონდეს.
– რასაც სააკაშვილი აკეთებს, გგონია, მაგან მოიფიქრა? ეს კარგი შემსრულებელია. აი, ხრუშჩოვიც საუკეთესო შემსრულებელი იყო. სტალინის ნათქვამს ზედმიწევნით ასრულებდა, მაგრამ თავად რომ მოვიდა ხელისუფლებაში, დამოუკიდებლად აზროვნების უნარი არ ჰქონდა და არ ივარგა. სანამდეც მის პატრონს უნდა, რომ ჰყავდეს, მანამდე სააკაშვილი არსადაც არ წავა.
– ბატონო გრიშა, ისე, სააკაშვილიც ხრუშჩოვივით ექცევა ხალხს. როგორც ტროცკის გადასწვდა თავის დროზე სტალინი, ამათაც ტროცკივით იმდენი ცუდი გააკეთეს, რომ სადაც უნდა წავიდნენ, მაინც იპოვნიან. ჩვენი ახალგაზრდები ამათ მოსურვილებაზე ერაყსა და ავღანეთში ამერიკის გულის მოსაგებად რატომ უნდა იღუპებოდნენ?
– ამ საკითხთან დაკავშირებით, მეც ჩემი მოსაზრება მაქვს. მეორე სამამულო ომში დაღუპულ მებრძოლებს აფურთხებენ და ლამის მოღალატეებად გამოაცხადონ, იმიტომ, რომ თითქოს სტალინს ედგნენ გვერდში.
– სტალინს – რატომ, ყველა თავის სამშობლოს იცავდა გერმანელი ფაშისტებისგან...
– ჩემი ძმა და მამაჩემის ძმისშვილები ომში გაიწვიეს. ერთი უკრაინაში პირველსავე თავდასხმაზე დაიღუპა. მეორე ტყვედ ჩავარდა და გაუბედურდა. რატომ მიგინებენ იმას, ვინც თავის ბუნკერში მთელი ევროპისა და ექვსი მილიონი ებრაელის მკვლელი გაანადგურა? (გულისხმობს სტალინს, – ბ. ა.).
– იმიტომ, ბატონო გრიშა, რომ სტალინმა ჯერ ტროცკის დროს და შემდეგ ჰიტლერის დროს ხელი შეუშალა იმ „ახალი მსოფლიო წესრიგის – გლობალიზაციისა და კოსმოპოლიტიზმის – დანერგვას, რის გაკეთებასაც ბოლშევიკი ტროცკისტები რუსეთიდან გეგმავდნენ. ეს ვერ აპატიეს დღემდე და ლამის სტალინი და ჰიტლერი ერთ რანგში გაიყვანონ.
– ქუთაისში, ავალიანის ბიჭია თუ ვისიც არის, დიდებით რომ დამარხეს, ნათელი დაადგეს მის ხსოვნას, მაგრამ ჩემი ძმის მემორიალი რომ იყო და ამიფეთქეს – ის რას აკეთებდა უფრო უარესს– ებრძოდა იმას, ვინც სვანეთში ბომბებს ყრიდა? ავღანეთში რომ წავიდა და იბრძოდა, იმის საფლავი ჩემი ძმის საფლავზე გამორჩეული რითაა, რომელიც სვანეთში იბრძოდა?
– უბედურებაა ისაა, რომ სააკაშვილისთვის სამამულო ომში სამშობლოს დამცველები რუსეთის ომში მონაწილეებად აღიქმება. ჩვენთან ისევე, როგორც ყველაფერში, შერჩევითი გმირობაა. სამამულო ომში დაღუპული გმირი რუსეთისთვის მებრძოლია; ამერიკისთვის დახოცილი ქართველები კი – საქართველოსთვის მებრძოლები! აღმაშენებლის ორი ძეგლი, სტალინის ძეგლი აიღეს და „მიმინოს“ოთხ ქანდაკებას დგამს ავლაბრის სკვერში. აღმაშენებელს იღებს და ბუბა კიკაბიძეს უდგამს ძეგლს? ეს სამარცხვინო არ არის?
– აი, ამაზე უნდა ჰქონდეს ქართველ ხალხს გართულება და არა იმაზე, რომ სააკაშვილს ეშინია. ბრმას უნდა ეძახო – ბრმა ხარო? აგერ, ნახევარი მილიონი კაცი რომ მიადგა – გადადექი, გადადექიო – არ შეეშინდა. ე.ი. რაღაც ფაქტორი არის.
– სააკაშვილს ორი თვალი აქვს და მაინც ვერ ხედავს, მის ირგვლივ რა ხდება, ისევე, როგორც, რაც არ უნდა – ორ ყურში არ ესმის. ქალი ვარ და ლაჩარი მხედართმთავარი არც მე მინდა...
– ახლა ის ეპოქა არ არის. ეს სააკაძე არ არის, რომ ცხენზე ამხედრდეს და წინ გაუძღვეს ლაშქარს. ეს სააკაშვილია და არა სააკაძე.
– სააკაძის ეპოქა და სააკაძე თუ არ არის, იმდენი განსჯის უნარი პრეზიდენტს მაინც არ უნდა ჰქონდეს, რომ ქვეყანა უაზრო პროვოკაციაში არ ჩაითრიოს? ის არ გააკეთოს, რაც ამერიკის საამებლად აგვისტოს ომით გაგვიკეთა და ტერიტორიები დაგვაკარგვინა?
– აი, საქმეც ესაა. ამაზე უნდა ვეკამათოთ და არა სხვა რამეზე. ერთი დაწყებული წერილი მინდა, წაგიკითხოთ: „პატრიარქმა მკითხა – სტალინი თუ გამოგცხადებიაო?! – არ ვიცი, გამოცხადება რა არის-მეთქი. – არც დაგსიზმრებიაო?! – როგორ არა-მეთქი. მოვუყევი. მითხრა – ეს არის გამოცხადებაო“. ყველა ადამიანს, აქვს თუ არა სურვილი, თავისი კერპი ჰყავს. ზოგიერთი მას ლამაზად ფუთავს, ზოგიც – ვერა. ზოგს ანგელოზი ეცხადება, ზოგს – ეშმაკი. დაე, საუკუნეებმა განსაზღვროს ვინ ღმერთთან იყო წილნაყარი და ვინ – ეშმაკთან. მე ის ქართველი კაცი ვარ, რომელიც მეგობრებმა ვერ გადამაკეთეს. ჩემნაირი საქართველოში უმრავლესობაა. გადამკეთებლები კი ერთეულები არიან. სტალინსაც უნდოდა ქართველების გადაკეთება, მაგრამ ვერ შეძლო. ცხოვრება იმ ქვეყანაში გააგრძელა, რომელშიც ეცხოვრებოდა. ჩემი შეგნებული ცხოვრება, რომელმაც უამრავ ქარტეხილში გამოიარა, დაწყებული ყარაიაზიდან (გარდაბანი, – ბ.ა.), დამთავრებული ყიზლარამდე, თან მდევდა ჩემი საყვარელი სვანეთის სიამაყე, ჩემი მეგობრების თანადგომა და ერთგულება. კაცობრიობის არსებობის განმავლობაში არსად, არცერთ ქვეყანაში, არ ყოფილა თობა, რომელიც მე-20 საუკუნის 30-იანელებს შეედრება; თაობა, რომელმაც მსოფლიო ლიტერატურისა და ხელოვნების შედევრები შექმნა. მე ამ თაობის მომდევნო თაობა ვარ, რომელსაც აბობოქრებულ ზღვაში გადაგვიგდეს „ოქროს თასი“. საუბედუროდ, ჩვენ ის ვერ ამოვიღეთ. ჩვენმა თაობამ დაასრულა რომანტიზმის, ჰეროიკის, პატრიოტიზმის, სიყვარულისა და მეგობრობის ეპოქა. იწყება პრაგმატიზმის, პრაქტიციზმის, გაუცხოების, პლანეტარული ღმერთისა და ადამიანის ფორმირების ეპოქა. ახალგაზრდობა, რომელსაც როგორი იდეებიც უნდა მოჰქონდეს, მაინც იმარჯვებს – ალბათ, ბუნებრივია. ახალი ეპოქა ახალ ადამიანებს წარმოშობს და შეაგუებს არსებულ დროსა და სივრცეს. ჩვენი ვალია, მხოლოდ ვილოცოთ მათზე.
– ბატონო გრიშა, სააკაშვილი თუ დაგსიზმრებიათ? თქვენ ახსენეთ – სტალინს საქართველოს გადაკეთება უნდოდაო. უამრავ მასალას გავეცანი და გავიგე, რომ ბევრ რამეს,სტალინი ილია ჭავჭავაძის სწავლების მიხედვით აკეთებდა. პეტერბურგში სწავლის წინ ღამის ორ საათზე საგურამოში ქალბატონ ოლღას გააღვიძებდა ილია და დილამდე საუბრობდნენ. ილიასეული გლეხური მეურნეობის თემისა და ხოდაბუნების მოწყობის პრინციპი სტალინმა კოლმეურნეობაში ჩადო. ვფიქრობ, სტალინი საქართველოს გადაკეთებას კი არ ცდილობდა – პირიქით, საბჭოთა კავშირი ქართულ სახელმწიფო მოდელზე მოაწყო...
– ერთგან „წერილები კავკასიიდან“ წერს, რომ რაც ბაქოში ჩვეულებრივ ამბად შეიძლება განიხილონ, ამას საქართველოში ექვსი_შვიდი თვის კამათი სჭირდებაო. მონტეფიორე, მიუხედავად თავის წიგნში სიონიზმის სიძულვილის ჩადებისა, ვერ მალავს, რომ სტალინი ბავშვობაში, ახალგაზრდობაში გამორჩეული, უპატიოსნესი და მტკიცე ნებისყოფის, ცხოვრების წესის მიხედვით ზნეობრივი ადამიანი იყო. სტალინს არ მოსწონდა სილაჩრე და საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი – სამამულო ომის 129 გმირი გვყავდა. ამ გმირობის წინაპირობა მან შექმნა. ჩვენთან ამ დროს გმირობის წინაპირობა ვერ იქნება.
გმირობას პირადი მაგალითი უნდა. სტალინისთვის ტანკს უვარდებოდნენ. სააკაშვილისთვის, ძალით თუ არ შეაგდებ ტანკის ქვეშ, შემვარდნი დღეს არავინ გვეგულება. ახალგაზრდა გმირობის მაგალითს უნდა ხედავდეს. სააკაშვილი არც სამშობლოს, არც ცოლის, არც შვილის გამო თავს არ გაწირავს. თუ სამშობლოსთვის თავგანწირვის უნარი არ გაქვს, რა მხედართმთავარი ხარ? სტალინი ომის დროს დაცვის გარეშე დადიოდა მოსკოვში. ესენი კი თავის გადასარჩენად წითელ ხიდთან ერთმანეთს ასწრებდნენ და ხალხი ბედის ანაბარა მიატოვეს. სააკაშვილმა ომი როგორ უნდა მოიგოს? 12 აგვისტოს ქართველი ბიჭები ყვავ-ყორნების საჯიჯგნად დატოვა. ჯერ ისევ თბილი იყო მათი ცხედრები, ტაშ-ფანდურით „გამარჯვება“ რომ იზეიმა… ეს შეიძლებოდა?
გმირი უწმიდესია, რომელიც კონფლიქტურ რეგიონში ქართველი ბიჭების ცხედრების გამოსაყვანად შევიდა და ჭირისუფლებს დახოცილი და სააკაშვილის ზვარაკად შეწირული შვილების გვამები მაინც გამოუყვანა.
ესაუბრა ბაია ამაშუკელი
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“