პოლიტიკა
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

avganetshiთბილისი, 1 სექტემბერი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. გარდაცვლილია უმცროსი სერჟანტი რეზო ბერიძე, რომელიც პატრულირებისას, თალიბების თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

ცხედარი საქართველოში უკვე გადმოსვენებულია. უმცროსი სერჟანტი ბერიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2002 წლიდანაა. ის ერაყის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა და III ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.