საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. „ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით, იმისათვის, რომ ჩვენ გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალე დაფინანსებით არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რადიკალიზმის გაღვივების ყველა მცდელობა დაკავშირებულია უცხოურ სპეცსამსახურებთან, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
„თქვენ ხედავთ, ადამიანებს უმახინჯებენ სულს, ადამიანებს უმახინჯებენ სახეს და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. უცხოური სპეცსამსახურები არიან დაკავებული საქართველოში ადამიანების არასწორი მიმართულებით განვითარებით. თქვენ ნახეთ ქართველი ლიბერალები და შეგიძლიათ, შეადაროთ ისინი ამერიკელ ლიბერალებს – ზუსტად ერთი და იგივე სახეები არიან, ზუსტად ერთი და იგივე ნიშნით გამოირჩევიან. ეს ძალიან სამწუხაროა, ჩვენ ყველანაირად უნდა აღვუდგეთ წინ ფსევდოლიბერალიზმის გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.