აქტუალური
თამილა გურაშვილი: „საზღვრისპირა სოფლის მცხოვრებთ შადრევანზე მეტად ეკლესია სჭირდებათ“

guraSviliთბილისი, 31 აგვისტო, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი საქინფორმს ატყობინებს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში მეშვიდე წელია, ადგილობრივი მკვიდრის, ნიკოლოზ ბენიაიძის, ინიციატივით, შემოწირულობებით  წმინდა ხარების სახელობის ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ საზღვრისპირა  ექვს სოფელში ერთი ქრისტიანული ეკლესიაც არ არის. სოფელ ზემო ქედში, არხილოსკალოსა და  ქვემო ქედში ფუნქციონირებს ერთი სამლოცველო სახლი, რომელსაც ემსახურება მოძღვარი მამა ლუკა. იგი საუბარში აღნიშნავს, რომ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დამთავრებულია და ტაძარს მხოლოდ გუმბათის ამოშენება სჭირდება, მაგრამ ამას უსახსრობის გამო ვერ ახერებენ.

ახლა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ეკლესიას ღია ომი გამოუცხადა, ქრისტიანული რწმენის განმტკიცება გვჭირდება, განსაკუთრებით კი, საზღვრისპირა სოფლებში.  ამ სოფლებში, ძირითადად, დასახლებული არიან მაღალმთიანი სოფლებიდან ჩამოსახლებული  აჭარლები და ინგილოები. ჩვენი ხელისუფლება ასობით ათას ლარს ხარჯავს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რომელიც აცხადებს, რომ საზღვრისპირა სოფლების პრობლემები ჩვენთვის პრიორიტეტია, ის მცირედი თანხა ვერ გამოუძებნია, რომელიც ამ ეკლესიის მშენებლობის დასამთავრებლად არის საჭირო“, – ნათქვამია გზავნილში.

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს  ორგანიზაცია მოითხოვს, „საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა გამგეობის წინ შადრევნის ასაშენებლად გამოყოფილი ფული გადაამისამართოს ამ ტაძრის მშენებლობის დასამთავრებლად. საზღვრისპირა სოფლის მცხოვრებთ, რომლებიც საზღვარს გვიმაგრებენ,  შადრევანზე  მეტად ეკლესია სჭირდებათ“.