საზოგადოება
სასაფლაოზე ჩატარებულმა შიმშილობის აქციამ შედეგი გამოიღო

sasaflaoზუგდიდი, 31 აგვისტო, საქინფორმის კორ. ლადო ქირია. ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მკვიდრმა, მწერალმა შუკო ჯიქიამ, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში სოფლის სასაფლაოზე შიმშილობის აქციას ატარებდა, შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც საქინფორმი იტყობინებოდა 24 აგვისტოს (შიმშილობის აქცის სასაფლაოზე), ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ნაშელუს უბნის სასაფლაოსთან უვადო შიმშილობა გამოაცხადა ამ სოფლის მკვიდრმა, საქართველოს მწერალთა კავშირის სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე შუკო ჯიქიამ. აქციის დაწყების მიზეზი იტალიური ფირმა „ფერეროს“ მიერ სოფლის ტერიტორიების მიტაცება გახდა, სადაც თხილის პლანტაციების გაშენებაა გათვალისწინებული.

შუკო ჯიქიას მოთხოვნა იყო, იტალიურ ფირმა „ფერეროს“, რომელსაც 100 ჰა-ზე მეტი მიწა მიიტაცა სოფელში, ადგილობრივ მცხოვრებთათვის 35 ჰა-მდე მიწა დაეტოვებინა სავარგულებისა და საძოვრებისათვის.

„შეიძლება ითქვას, საპროტესტო აქციამ შედეგი გამოიღო. ჩემთან იმყოფებოდნენ რაიონისა და სოფლის ხელმძღვანელები, „ფერეროს“ წარმომადგენლები და შემპირდნენ, რომ ჩემს და კირცხელების მოთხოვნას დააკმაყოფილებენ და მოსახლეობას არ დატოვებდნენ საძოვრების გარეშე“, – აღნიშნა შუკო ჯიქიამ.

აღსანიშნავია, რომ შუკო ჯიქიას ყოველმხრივი თანადგომა და დახმარება გაუწია სახალხო მოძრაობა „სამეგრელომ“.