თბილისი, 31 აგვისტო, საქინფორმი. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იერჟი ბუზეკმა 26 აგვისტოს აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის ნაკლებობა „აჩვენებს სოხუმში სეპარატისტი პოლიტიკოსების მოთხოვნათა საფუძვლის სისუსტეს“.
„ეს არჩევნები არ ცვლის პოზიციას, რომელიც ევროპარლამენტს საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის, მიმართ უკავია. აფხაზეთი არის ავტონომიური რეგიონი საქართველოს შემადგენლობაში და ევროპარლამენტი ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა მან.ევროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტიდან სამი წლის შემდეგაც კი რუსეთი კვლავ არ სცემს პატივს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებს „საქართველოს ოკუპირებული მხარეებიდან – სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან“ – ჯარების კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით.
„რუსეთმა, ასევე, უნდა შეწყვიტოს პასპორტების გაცემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ბუზეკმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტს მისაღებად მიაჩნია საქართველოს ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგია ამ რეგიონების მიმართ, განსაკუთრებით, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში და ადამიანთა შორის ურთიერთობების დონეზე.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მხარდაჭერასთან ერთად, მან, ასევე, განაცხადა: „ევროპარლამენტი, ასევე, ძლიერად უჭერს მხარს მოსკოვსა და თბილისს შორის ოფიციალური ურთიერთობების საბოლოოდ აღდგენას“.