აქტუალური
„ჰერკულესის“ თანამშრომლები გამაფრთხილებელ გაფიცვას აწყობენ

metalქუთაისი, 31  აგვისტო, საქინფორმი. პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ თანამშრომლები 2 სექტემბერს  ორსაათიან გამაფრთხილებელ გაფიცვას მოაწყობენ.

გამაფრთხილებელი გაფიცვა ქარხნიდან გათავისუფლებული ექვსი პირის სამსახურში აღდგენისა და არსებული სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიმართება. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი სრულმასშტაბიანი გაფიცვაც იგეგმება.

აღნიშნული ქარხანა შპს „ევრაზიანსთილსს“ ეკუთვნის. საწარმოს ხელმძღვანელობის პასუხს პროფკავშირები, კანონის შესაბამისად, 72 საათის განმავლობაში დაელოდება. გამაფრთხილებელი გაფიცვის მოწყობის შესახებ კანონმდებლობის სრული დაცვით წერილობითი გაფრთხილება დღეს დილით გაეგზავნა შპს „ევრაზიანსთილსის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე პაატა ჩხენკელს, შპს „ევრაზიანსთილსის“ ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ მენეჯერ რაჯი კუმარ სურეკას, ჯანდაცვის მინისტრს, სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშსა და სხვა პირებს.

გაფიცვას შპს „ევრაზიანსთილსის“ ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციისა და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ. პროფკავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ქარხანა „ჰერკულესში“ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია წელს, 4 აგვისტოს, დაფუძნდა. ეს გადაწყვეტილება მუშებმა საწარმოში არსებული არაადამიანური პირობების გამო მიიღეს.

„ყველაზე დიდ პრობლემას საწარმოში დასაქმებულთა შრომითი კონტრაქტები, სამუშაო დრო, ცვლის გრაფიკი და დატვირთვის შესაბამისი ხელფასის, შვებულებისა და ბიულეტენის თანხის მიღება წარმოადგენს. უკვე სამი წელია, არ მომხდარა დასაქმებულთა ხელფასების ინდექსაცია“, – აღნიშნავენ პროფკავშირების გაერთიანებაში.

მათივე ინფორმაციით, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დიალოგის ნაცვლად ქარხნის ადმინისტრაციამ რეპრესიულ მეთოდებს მიმართა. 11 აგვისტოს სამუშაოდან გაათავისუფლა პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის ექვსი წევრი. ამასთან, გათავისუფლებულებს შეუთვალეს, თუკი ახსნა-განმარტებით ბარათს დაწერდნენ, „მოინანიებდნენ, რომ ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმების გარეშე შექმნეს იატაკქვეშა ორგანიზაცია და ამისათვის ბოდიშს მოიხდიდნენ“, მათი სამუშაოზე დაბრუნება შესაძლებელი იქნებოდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროფკავშირების გაერთიანებაში პრესკონფერენცია გაიმართა.